Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები პარლამენტს LGBT+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას სთხოვენ


2021 წლის 5 ივლისი. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრას ცდილობენ
2021 წლის 5 ივლისი. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრას ცდილობენ

ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერები, რომლებიც ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელობენ, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ, აიკრძალოს LGBT+ მანიფესტაციების გამართვა. დოკუმენტი 2022 წლის ბოლოს გაიგზავნა საკანონმდებლო უწყებაში.

კანონპროექტის ავტორები გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია არიან და პარლამენტს "25 ათასი ამომრჩევლის" სახელით მიმართავენ.

"აუცილებელია კანონით აიკრძალოს ასეთი საჯარო დემონსტრაციებისა და ღონისძიებების ჩატარება", - წერენ კანონპროექტის ავტორები.

მათი მოთხოვნაა, მსგავსი დემონსტრაციის მონაწილე დაჯარიმდეს 3000 ლარის ოდენობით ან შეეფარდოს 25-დღიანი პატიმრობა, ორგანიზატორის შემთხვევაში კი უფრო მკაცრი სანქციაა მოთხოვნილი - 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ან 30 დღემდე პატიმრობა.

"კანონპროექტის მიღებამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლოა იქონიოს დადებითი გავლენა, რადგან ხდება ჯარიმების გაზრდა და ახალი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაწესება", - აცხადებენ "ალტ-ინფოს" ლიდერები.

"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.

2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ცენტრალური ქუჩები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით, სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. იმ დღეს დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ზოგს რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამ დრომდე არავინაა დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG