Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის პორტი: „აფხაზეთსა და საქართველოში გადაზიდვების დაწყების იმედი გვაქვს“


სოჭის საზღვაო პორტის ძველი ტერმინალი
სოჭის საზღვაო პორტის ძველი ტერმინალი

სოჭის საზღვაო პორტი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მგზავრთა გადაყვანაზე, ამის შესახებ სააგენტო "ტასს" სააქციო საზოგადოება „სოჭის საზღვაო პორტის“ გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა აცნობა.

„ვიმედოვნებთ, რომ იქნება [სამგზავრო გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში, ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიზნად გვაქვს [გადაყვანა] ამ ზაფხულს დავიწყოთ“, - განაცხადა ვლადიმიროვმა.

მან დააზუსტა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა მგზავრთა გადაყვანის ახალ საზღვაო მარშრუტებზე, ჩვენ შევეცდებით ჩვენი ტურისტების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ შესაძლებლობის ფარგლებში, ამ მიმართულებით განვვითარდებით“, - დაამატა ვლადიმიროვმა.

რადიო თავისუფლება შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში, აისახება მასალაში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივას დადებითად აფასებს.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად სოხუმის აეროპორტის რემონტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება მოგვიანებით გაავრცელა:

„ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG