მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანაზე კითხვა ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაუსვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს აჩვენებს, "რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული".
"როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა", - აცხადებს კობახიძე.
მან მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, "საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად" არ გაზრდილა: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35 პროცენტით, აშშ-ში - 36 პროცენტით, ბულგარეთში - 67 პროცენტით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით.
"ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება", - წერს კობახიძე.
რამდენიმე დღის წინ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის თავმჯდომარემ ურზულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობაზე. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.
CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ევროკომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, როგორ შეიძლება ამის შეჩერება.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს შესახებ CNN-ის წამყვანის შეკითხვა მიუთითებს, რომ "სერიოზული ძალა არის დაინტერესებული საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის" გახსნით".
CNN-ის ეთერში ამ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, 13 იანვარს, გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების პირობებში, რუსეთი საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის.