Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი პარტია და მოქალაქეთა ჯგუფი უკრაინაში ომის დაწყების დღეს სოლიდარობის აქციას გამართავენ


პოლიტიკოსები და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე
პოლიტიკოსები და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე

სამმა პოლიტიკურმა პარტიამ ("გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი") და მოქალაქეთა ჯგუფმა, რომლებიც დღეს, 23 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, სოლიდარობის აქცია გაიმართება.

"24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს...

ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება ლაჩრულ, უღირს პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. რუსეთი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაგვყოს, დაგვქსაქსოს. ჩვენი ამოცანაა, გაერთიანება და კონსოლიდაცია. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ბოროტების იმპერიის მხარეს მყოფი ხელისუფლება და მისი რუსული დანაყოფები. 24 თებერვალს დავიწყოთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე - ევროპულ, თავისუფალ, მშვიდობიან, დაცულ საქართველომდე", - წერია "დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე სამხედრო საკითხებში ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ თქვა, რომ დაიწყება "ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა".

"ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, ვაიძულებთ კოლაბორაციონისტებს უკან დახევას, ვაიძულებთ, უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით. ჩვენ ვიქნებით ხალხთან ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე", - თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა, არ იყოს სრული.

XS
SM
MD
LG