Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: გერმანია საიმედო მოკავშირეა და რჩება ასეთად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ტანკებს არ აწვდის


უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრა. რამშტაინის სამხედრო ბაზა. გერმანია. 20 იანვარი. 2023 წელი
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრა. რამშტაინის სამხედრო ბაზა. გერმანია. 20 იანვარი. 2023 წელი

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტაინში 20 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ.

ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ სამხედრო პლატფორმაზე. მისი თქმით, უკრაინამ კონტრიერიში რუსეთის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს წელს გაზაფხულზე და მოუწოდა მოკავშირეებს, მეტი იარაღი მიაწოდონ კიევს, რათა მომზადებაში დაეხმარონ.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა დღეიდან გაზაფხულამდე ...როცა ისინი დაიწყებენ თავიანთ ოპერაციას, კონტრიერიშს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე. „ეს არც ისე დიდი დროა და თავი უნდა მოვუყაროთ ყველა აუცილებელ შესაძლებლობას“.

ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, გერმანიის, როგორც მოკავშირის საიმედოობის შესახებ, განაცხადა, რომ გერმანია საიმედო პარტნიორია და ის აგრძელებს ამ მხრივ ევროპაში ლიდერობას მოუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას არ თანხმდება. ოსტინის თქმით, გერმანია ბევრს აკეთებს უკრაინის დახმარებისთვის, და რომ გარდა მრავალფეროვანი იარაღის მიწოდებისა, წვრთნის უკრაინელ სამხედროებს.

რამშტაინში გამართულ პრესკონფერენციაზე მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის განმავლობაში რუსეთმა დიდი ზარალი ნახა თავისი ჯარების ყველა სახეობაში. მალის თქმით, დიდი ზარალია უკრაინის მხარესაც, რადგან რუსეთის არმია თავდასხმებს ახორციელებს ენერგეტიკულ სისტემასა და ინფრასტრუქტურაზე. ამერიკელი გენერლის თქმით, ორივე მხარეს არის „მნიშვნელოვანი მსხვერპლი“.

მარკ მილიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის არმიას გაუჭირდება რუსეთის ძალების უკრაინიდან წელს განდევნა. „სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს, ძალიან, ძალიან რთული იქნება რუსეთის ძალების სამხედრო გზით განდევნა უკრაინის, მათ მიერ ოკუპირებული მიწის ყოველი გოჯიდან“.

ოსტინის თქმით, მოკავშირეები უკრაინას უგზავნიან „ძლიერ ბრძოლისუნარიან“ საომარ პაკეტს, რომელიც გულისხმობს ტანკებს, მაგრამ არა გერმანული წარმოების ტანკებს, რომლებიც ზელენსკიმ მოითხოვა, ან აშშ-ის „აბრამსებს“. ოსტინის თანახმად, შეიარაღების პაკეტი, რომლის შესახებაც გამოცხადდა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, დაეხმარება უკრაინას წარმატების მიღწევაში სწორი განლაგების შემთხვევაში. მისი თქმით, ამერიკული ტანკების, „აბრამსების“ და გერმანული „ლეოპარდების“ მიწოდებას შორის არავითარი კავშირი არ არის.

კიევის მოთხოვნის მიუხედავად, რამშტაინში არ იქნა მიღწეული გადაწყვეტილება გერმანიის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ. გერმანიის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ არც იყო მოსალოდნელი. მისი თქმით, დასავლელ მოკავშირეებს შორის ამის შესახებ არ არსებობს საერთო მოსაზრება.

XS
SM
MD
LG