Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას


უკრაინის საელჩო მინსკში
უკრაინის საელჩო მინსკში

ბელარუსის სამთავრობო არხ „ბელარუს 1-ის" თანახმად, ქვეყნის სპეცსამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას.

სიუჟეტში ნათქვამია იყო, რომ 36 წლის ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ საქართველოში ჩასვლის შემდეგ ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო.

სიუჟეტის თანახმად, საქართველოში მყოფმა ზირაქაშვილმა გადაწყვიტა შესულიყო „ქართული ლეგიონის“ რიგებში და ებრძოლა უკრაინის მხარეს. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ძალოვნებმა ბელარუსში დააკავეს.

ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხის სიუჟეტის ავტორმა მინსკში მდებარე უკრაინის საელჩო დაადანაშაულა ომში მონაწილეობისთვის ადამიანების გადაბირებაში. კერძოდ, საელჩო თითქოს მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრებას სთავაზობს, ბელარუსის, მოლდოვისა და პოლონეთის გავლით.

როგორც რუსულენოვანი არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ წერს, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხის წამყვანმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ღიად დაადანაშაულა უკრაინის საელჩო და ელჩი იჰორ კიზიმი საომრად ხალხის გადაბირებაში.

რაც შეეხება „ოპერატიულ კადრებს", რომლებიც თითქოსდა ეჭვმიტანილი მამაკაცის უკრაინის საელჩოს სავარაუდო თანამშრომლებთან შეხვედრას ასახავს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მტკიცებით, სინამდვილეში, ესენი არიან ბელარუსი ძალოვნები და არა საელჩოს თანამშრომლები.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა "ქართული ლეგიონის" მეთაურ მამუკა მამულაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ბელარუსის სახელმწიფო მედიის სიუჟეტში ნახსენები პირის ვინაობა.

XS
SM
MD
LG