Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახის ინფორმაციით, მე-3 დღეა, პოლონეთში ლაგოდეხელი 21 წლის მიშო ხარაშვილი გაუჩინარდა


მიშო ხარაშვილი
მიშო ხარაშვილი

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მესამე დღეა, ვერ უკავშირდებიან კახეთიდან 6 თვის წინ პოლონეთის ქალაქ შჩეცინიში სამუშაოდ წასულ, წარმოშობით ლაგოდეხელ 21 წლის მიშო ხარაშვილს.

მიშოს მამამ, სერგო ხარაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს შვილს 12 იანვარს ელაპარაკა, მეორე დღეს კი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა.

"ხუთშაბათს მოსაკითხად ორჯერ დავურეკე და ველაპარაკე, მეორე დღეს მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ბიჭებმა შემატყობინეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა. ოთხნი ცხოვრობდნენ ერთად. ერთ-ერთი ჩვენი ნათესავია, რომელიც პოლონეთში ოთხშაბათს, 11 იანვარს, ჩავიდა. მიშოს თხოვნით, აქედან საკვებიც კი გავატანეთ. ეს ბიჭები მეუბნებიან, რომ მიშო დილით სახლში არ დახვდათ, სად წავიდა, არ იციან. მობილური ტელეფონი ბინაში აქვს დატოვებული. ყველა ერთად ხის საამქროში მუშაობდა, ხის მორებს ამუშავებდნენ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერგო ხარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიშოს დაკარგვის შესახებ შეატყობინეს ლაგოდეხის ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას:

"როგორც მითხრეს, ქართველი მისულა პოლონეთის პოლიციაში და განცხადება დაუწერია მიშოს დაკარგვის შესახებ. პოლონელი სამართალდამცავები საქმის კურსში არიან და მიმდინარეობს ძებნა. მეტი არაფერი ვიცი. მიშოს დედაც ემიგრაციაშია, იტალიაში და ახლა აპირებდა დაბრუნებას".

მიშო ხარაშვილის სოციალურ ქსელ ფეისბუქში ბოლო აქტივობა 13 იანვარს, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე ფიქსირდება. "მიშო წერს: ბოდიში თუ რამე დამიშავებია თქვენთვის ოდესმე".

ასევე 13 იანვარს 04:54 წუთზე დაწერა: "ყველა მიყვარხართ გულში".

დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია მასალაში მიღებისთანავე აისახება.

XS
SM
MD
LG