აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადვოკატებმა ბაიდენის სახლში, დელავერში, კიდევ იპოვნეს გასაიდუმლოებული დოკუმენტები - უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, აღიარა თეთრმა სახლმა 14 იანვარს.
თეთრი სახლის იურისტი, რიჩარდ სობერი განცხადებაში წერს, რომ ბაიდენის კერძო ბიბლიოთეკაში ჩატარებული ძებნის შედეგად აღმოჩენილ იქნა საერთო ჯამში ექვსი დოკუმენტი. თეთრი სახლი აქამდე ამბობდა, რომ იქ მხოლოდ ერთი გვერდი იყო ნაპოვნი.
ეს ბოლო აღმოჩენა ემატება დოკუმენტებს, რომლებიც დეკემბერში ბაიდენის გარაჟში იპოვნეს, ნოემბერში - მის ყოფილ ოფისში, ვაშინგტონში, იმ პერიოდიდან, როცა ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ეჭვს, რომ დოკუმენტებს არასათანადოდ მოეპყრნენ და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდის დოკუმენტაციას შეისწავლის ყოფილი პროკურორი, რობერტ ჰური - ის ამ გამოძიების სათავეში ხუთშაბათს დანიშნა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
როგორც სობერი თავის განცხადებაში წერს, ბაიდენის პირადმა ადვოკატებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ საიდუმლო დოკუმენტებთან წვდომის უფლება, ჩხრეკა შეწყვიტეს მას მერე, რაც ოთხშაბათს პირველი დოკუმენტი აღმოაჩინეს. დანარჩენ მასალებს სობერმა შაბათს, 14 იანვარს მიაგნო, როცა შუამავლის ფუნქციას ასრულებდა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტაციის წაღების პროცესში.
როგორც სობერი მანამდე ამბობდა, თეთრი სახლი დარწმუნებული იყო, რომ "დეტალური განხილვის შედეგად გამოჩნდებოდა ის, რომ ეს დოკუმენტები შემთხვევით აღმოჩნდა არასწორ ადგილას, და რომ პრეზიდენტმა და მისმა ადვოკატებმა დროულად იმოქმედეს ამ შეცდომის აღმოჩენისას".
თავის განცხადებაში სობერი არ აკონკრეტებს რატომ დასჭირდა თეთრ სახლს ორი დღე საიმისოდ, რომ განახლებული ინფორმაცია გაევრცელებინა საიდუმლო დოკუმენტების რაოდენობის შესახებ. თეთრ სახლთან მიმართებით უკვე არსებობს კითხვები, რატომ იცდიდა ის ორ თვეზე მეტს საიმისოდ, რომ ეღიარებინა ბაიდენის ოფისში დოკუმენტების პირველი პარტიის აღმოჩენა.
სობერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თეთრი სახლი ითანამშრომლებს ჰურის გამოძიებასთან.
ბობ ბაუერი, პრეზიდენტის პირადი ადვოკატი, ამბობს, რომ მისი გუნდი "ცდილობდა ეპოვნა ბალანსი დამკვიდრებული ნორმებით განსაზღვრული საჯარო გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და იმ შეზღუდვებს შორის, რომლებიც აუცილებელია გამოძიების მთლიანობის დასაცავად".
ისტორიულად, იუსტიციის სამინისტრო მაღალ სამართლებრივ თამასას აწესებს, სანამ ბრალდებით გამოვიდოდეს საქმეებში, რომლებიც მიემართება გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან არასათანადო მოპყრობას - მოთხოვნის თანახმად, კანონის დარღვევა პირის მიზანი უნდა იყოს, და საქმე არ უნდა ეხებოდეს უბრალოდ უყურადღებობას, ან გულგრილობას. მთავარი მუხლი, რომელიც მიემართება გასაიდუმლოებული დოკუმენტების უკანონო წაღებას, ან ფლობას, დანაშაულად აცხადებს დოკუმენტების "განზრახ" წაღებას და მათ უნებართვოდ შენახვას.
ბაიდენთან დაკავშირებული გარემოებები, რამდენადაც ცნობილია, განსხვავდება სხვა გამოძიებისგან, რომელიც ეხება გასაიდუმლოებული დოკუმენტების მიმართ არასათანადო მოპყრობას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კერძო კლუბში და რეზიდენციაში, ფლორიდაში.
ტრამპის შემთხვევაში, საგანგებო გამომძიებელი, ჯეკ სმიტი, შეისწავლის ვინმემ ხომ არ სცადა ობსტრუქციის მოწყობა მათი გამოძიებისთვის საიდუმლო დოკუმენტების შენახვაზე პალმ ბიჩის ობიექტზე. იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა სრულად არ შეასრულეს საიდუმლო დოკუმენტების დაბრუნების მოთხოვნა, რამაც აგენტები იძულებული გახადა ადგილზე მისულიყვნენ და თავად მოეპოვებინათ ეს მასალები.