Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერხოვნა რადამ უფლებამოსილებები შეუწყვიტა ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ დეპუტატს


უკრაინის პარლამენტის შენობა
უკრაინის პარლამენტის შენობა

უკრაინის ვერხოვნა რადამ ვადაზე ადრე შეუწყვიტა დეპუტატობის უფლებამოსილებები პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ ოთხ დეპუტატს: ტარას კოზაკს, ანდრი დერკაჩს, რინატ კუზმინსა და ანდრი აქსიონოვს. ამის შესახებ დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება. ანდრი აქსიონოვი რადის შემადგენლობიდან ნებაყოფლობით გავიდა, დანარჩენების მანდატები კი გაუქმდა მათთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო: უკრაინაში ისინი სახელმწიფოს ღალატში არიან ეჭვმიტანილი.

პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამას უწოდებენ, ადრე ხელმძღვანელობდა პარტიას „ოპოზიციური ფრონტი - სიცოცხლისათვის“, რომლის უკრაინაში საქმიანობაც 2022 წელს აიკრძალა. თავად მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსი დაკავშირებულია ქვანახშირის კონტრაბანდასთან ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა 2014-2015 წლებში ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში მედვედჩუკი რუსეთის მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს. რუსეთის მხარე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

11 იანვარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდათ ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რინატ კუზმინსა და ანდრი დერკაჩს. დერკაჩის გარდა რადაში ისინი მედვედჩუკის პარტიას წარმოადგენდნენ. დერკაჩი პრორუსული „რეგიონების პარტიის“ დეპუტატი იყო.

XS
SM
MD
LG