Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის აშენებაში 67 მლნ ლარს დახარჯავს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით გეგმავს ააშენოს თბილისში ავტობაზა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომლის ყიდვასაც მუნიციპალიტეტი აპირებს. შესაბამისი ინფორმაცია შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" უკვე მიაწოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 2022 წლის 6 ოქტომბრის N22.1566.1694 განკარგულებით, მიიღო გადაწყვეტილება - საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2021 წლის 24 ნოემბერს „თბილისის ავტობუსის პროექტი - ფაზა III“- ის ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელება სასესხო პირობებისა და EBRD-ის რეგულაციების შესაბამისად არსებითად ზრდის პროექტის განხორციელების ვადებს, რაც დედაქალაქის მიმდინარე სატრანსპორტო საჭიროებების გათვალისწინებით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამდენად, პროექტის დროულად განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილია სასესხო შეთანხმების გაუქმება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

როდემდე იქნება საცობები თბილისში? - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან
please wait

No media source currently available

0:00 0:21:04 0:00

აქვე ვკითხულობთ, რომ მშენებლობის პროექტირებისთვის და საჭირო სამუშაოებისთვის 24-თვიანი ვადა იქნება განსაზღვრული.

"საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს მეტად სპეციფიკურ და რთულ მიმართულებას, ამდენად, მიმწოდებლები (სამშენებლო ორგანიზაციები) თავს არიდებენ ელექტრონულ ტენდერში ან კონკურსში მონაწილეობას ან ჯეროვნად არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან, კომპანიას ამ ეტაპზე არ გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აღნიშნული ავტობუსების მისაღებად და შემდეგი ექსპლუატაციისთვის. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღონისძიება ჩატარდეს უმოკლეს ვადებში", - აღნიშნავს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

გასული წლის 1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) გადახდის ერთიან სისტემაზე გადავიდა. ერთჯერადი მგზავრობის საფასური 1 ლარი გახდა. პიკის საათებში, განსაკუთრებით გარეუბნებში, გართულებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. მერიის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ამ პრობლემას ქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და 10 "სატრანზიტო დერეფნის" ამუშავება მოაგვარებს.

XS
SM
MD
LG