Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პოლიტიკოსს, მათ შორის ვიქტორ მედვედჩუკს


ვიქტორ მედვედჩუკი
ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პოლიტიკოსებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინს და ანდრეი დერკაჩს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. ოთხივე პოლიტიკოსი უკრაინაში პრორუსულად მიჩნეული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის" წევრი იყო.

გასული წლის ივნისში პარტიის საქმიანობა ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. 2022 წლის სექტემბრამდე ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ვლადიმირ პუტინის შვილის ნათლიაა, უკრაინაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. სექტემბერში იგი გაცვალეს რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ პოლკის მეთაურებზე.

დასავლური მედია იტყობინება, რომ პუტინი პირადად დათანხმდა ასეთ გაცვლას. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ "აზოველებს" ტრიბუნალს მოუწყობდა.

ტარას კოზაკი, უმაღლესი რადის საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი წევრი, რამდენიმე უკრაინული ტელეარხის, კერძოდ, "ნიუს ერთის", "ზიკის" და "112 უკრაინის" მფლობელი იყო. 2021 წელს მათი მაუწყებლობა შეწყდა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ ღალატის ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ კოზაკის კომპანიები აფინანსებდნენ რუსულ პროსამთავრობო სტრუქტურებს. მსგავსი საქმეები აღიძრა რენატ კუზმინისა და ანდრეი დერკაჩის წინააღმდეგ.

გამოძიების მასალების მიხედვით, კუზმინმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის წინა დღეს მედიაში გამოაქვეყნა "პროპაგანდისტული მასალები უკრაინის წინააღმდეგ". დერკაჩს ბრალად დასდეს რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა. გასული წლის დეკემბერში პოლიტიკოსი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის სანქციების ქვეშაც მოექცა.

ომის დაწყების შემდეგ კოზაკმა, კუზმინმა და დერკაჩმა დატოვეს უკრაინა, მათი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

XS
SM
MD
LG