ზუსტად 9 თვე ელოდა გამოძიების დასრულებასა და სასამართლო სხდომის დანიშვნას დაზარალებული ლელა ჯუღელი. ძალადობის შესახებ საუბარი უჭირს, თუმცა, თვლის, რომ ძალადობაში ბრალდებულმა მომღერალმა პასუხი უნდა აგოს და 2022 წლის გაზაფხულზე მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს.
რა მოხდა 2022 წლის 7 აპრილს?
სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33 ნომერში მოხდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თავად დაზარალებული, ლელა ჯუღელი უყვება.
იხსენებს, რომ იმ დღეს საკუთარი მანქანით, შვილთან მიდიოდა. სწორედ შვილის სახლთან ახლოს მოხდა სავარაუდო ძალადობის ფაქტიც, რომელიც იმ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს:
„შვილის სახლთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის დაპარკინგებას ვცდილობდი, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, გარშემო უამრავი მანქანა იდგა, გაურკვევლობა იყო და შევფერხდი. უცებ დავინახე, მოწინააღმდეგე მხრიდან მოდის უზარმაზარი ჯიპი და მესმის როგორც მლანძღავს მძღოლი. კარგი ამინდი იყო, ფანჯარა ჩაწეული მქონდა და ვუპასუხე, შენ ვინ გეკითხება- მეთქი. საბოლოოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანა ვერ გავაჩერე და დაახლოებით 5-7 წუთში, იქვე, 50 მეტრის რადიუსში მოვახერხე მანქანის გაჩერება. ის ის იყო, მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა და თან ფიზიკურად იძალადა“.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე 7 აპრილსვე დაიწყო.
8 აპრილს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ლელა ჯუღელს „მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით - განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ (07.04.2022) თარიღს“.
რას ამბობს აჩიკო მეფარიძე?
მომღერალი თავს უდანაშაულოდ თვლის. მისი ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ „ეს საქმე წმინდა წყლის პროვოკაციაა“ და დანარჩენზე სხდომათა დარბაზში ილაპარაკებენ.
თავად აჩიკო მეფარიძე, 2022 წლის 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ სტუმრობისას ამბობს:
„ეს არ ყოფილა არანაირი ძალადობის, არანაირი მომენტი არ ყოფილა გარდა იმისა, რომ ეს ქალი თვითონ შეტევაზე გადმოვიდა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „შეეხე? იყო მართლა ჩალურჯება?“, ის პასუხობს:
„არა, რა თქმა უნდა, არა“.
აჩიკო მეფარიძე გამოძიებამ გამოკითხვაზე მომხდარი ფაქტიდან მეორე დღესვე, 8 აპრილს დაიბარა. თუმცა, პოლიციაში არ მივიდა, რადგან მისი განმარტებით, სტუმრები ჰყავდა უცხოეთიდან და დაკავებული იყო.
მეფარიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ სასამართლოში გამოკითხვაზე 9 აპრილს გამოცხადდა, მაგრამ როგორც საქმის მასალებში ვკითხულობთ, მან ისარგებლა მოწმის უფლებით და უარი თქვა გამოკითხვაზე: „ვიყენებ კანონით მონიჭებულ უფლებას და საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მსურს ინფორმაციის მიწოდება. ამ ეტაპზე, მეტს არაფერს მოგახსენებთ“.
იმ დღეს მან გამოძიებას უთხრა, რომ ადვოკატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, თავად დაუკავშირდებოდა მათ.
აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი ოფიციალურად 28 აპრილს წარედგინა. დღევანდელისგან განსხვავებით, ბრალის გაცნობის შემდეგ, 28 აპრილს მან გამოძიებას უთხრა:
„ბრალდების არსი სრულიად გასაგებია, რაშიც თავს მთლიანად დამნაშავედ ვცნობ. ბრალად წარდგენილი მომხდარი ფაქტის ფაქტობრივ გარემოებებზე არ მსურს საუბარი, ვინაიდან ძალიან მრცხვენია, განვიცდი მომხდარ ფაქტს და გამოვხატავ უდიდეს სინანულს. საქმის ირგვლივ დასამატებელი არაფერი მაქვს“.
28 აპრილსვე გადაიგზავნა საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში და პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლო იმავე დღეს ჩატარდა და არჩილ მეფარიძეს შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.
რატომ გაიგზავნა საქმე სასამართლოში თითქმის 9 თვის თავზე?
წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდო ძალადობის ფაქტიდან თითქმის 9 თვის თავზე დაინიშნა.
ლელა ჯუღელის ინტერესებს ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი იცავს. ის საქმის გამოძიების გაჭიანურების რამდენიმე მიზეზზე ლაპარაკობს.
პირველ რიგში, ამბობს, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია, რატომ არ დააკავეს არჩილ მეფარიძე მომხდარი ფაქტიდან მალევე და რატომ გაიწელა მისთვის ბრალის წარდგენა 21 დღის განმავლობაში:
„მე მოძალადეების ადვოკატიც ვყოფილვარ და ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც ძალადობის ჩამდენი პირი იყო იდენტიფიცირებული, გამოძიებამ იცოდა ამ პირის სახელი და გვარი, იცოდა ძალადობის ჩადენის ადგილი და მაშინვე არ მოხდა ამ პირის დაკავება. მით უმეტეს, დღეს, როდესაც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და ვიცით, როგორ სწრაფად რეაგირებს ამ ტიპის დანაშაულებზე პოლიცია და პროკურატურა, გასაკვირია, რატომ არ მოხდა ამ ადამიანის მაშინვე დაკავება. გარდა ამისა, ძალადობის ფაქტი ასახა სათვალთვალო კამერებმაც“.
ადვოკატის თქმითვე, საქმის სასამართლომდე მიტანის გაჭიანურება გამოიწვია დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის დროს წარმოქმნილმა პრობლემებმაც.
რატომ გახდა საჭირო დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა?
ნანი ფრიდონაშვილის თქმით, ლელა ჯუღელს სავარაუდო ძალადობის ფაქტიდან მალევე, რამდენიმე წლის წინ ნაოპერაციებ ყურზე ტკივილები დაეწყო, რასაც თან დაერთო თავბრუსხვევაც. შესაბამისად, ძალადობის ფაქტის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად საჭირო გახდა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება და მასში კონკრეტული სპეციალისტის ჩართვა:
„ლელა ჯუღელს 2001 წელს, გერმანიაში ჩაუტარდა მარცხენა ყურის ოპერაცია, რის შემდეგაც მას ექიმებმა მისცეს მკაცრი რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად დაეცვა ყური დაზიანებისგან და ტრავმებისგან. ძალადობის ფაქტის შემდეგ კი დაეწყო ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება, რის გამოც ჩაიტარა გამოკვლევები. გამოძიებამ ხელახალი ექსპერტიზის დანიშვნა გადაწყვიტა, რომელსაც უნდა დაედგინა, გამოიწვია თუ არა 7 აპრილს მომხდარმა ფაქტმა ლელა ჯუღელის ჯანმრთელობის დაზიანება“.
როგორც ადვოკატი გვეუბნება, გამოძიებას გაუჭირდა იმ სპეციალისტების მოძიება, რომლებიც თანახმანი იქნებოდნენ მონაწილეობა მიეღოთ სამედიცინო ექსპერტიზაში და დაედგინათ, უკავშირდებოდა თუ არა ლელა ჯუღელის ჯანმრთელობის გაუარესება 7 აპრილს მომხდარ ძალადობის ფაქტს.
ნანი ფრიდონაშვილის თქმით, გამოძიებამ რამდენჯერმე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტის გამოყოფის თხოვნით. სამინისტრომ სხვადასხვა პერიოდში ოთხი სხვადასხა სპეციალისტი გამოყო ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, როგორც საქმის მასალებში ვკითხულობთ, ორმა მათგანმა „დროის უქონლობის გამო“ უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. რაც შეეხება მესამე ექსპერტს, მერაბ ადამიას, მან მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში მოახერხა ლელა ჯუღელის შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალისტის დასკვნა გაიგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა, საბოლოოდ, მერაბ ადამიამ, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით, უარი განაცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემაზე და კვლავ ახალი სპეციალისტის მოძიება გახდა საჭირო:
„ექსპერტიზის ბიუროს მერაბ ადამიასთან დამაზუსტებელი კითხვები ჰქონდა, თუმცა, მან თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს, რომ სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო ექსპერტიზაში. ნოემბერში გამოიყო ახალი სპეციალისტი, მიხეილ ჯაში, რომელმაც გასინჯა დაზარალებული და 26 დეკემბერს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაწერა საბოლოო დასკვნა“.
ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც სამი სპეციალისტი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ „ლელა ჯუღელის ამჟამინდელი სმენის დაქვეთება გამოწვეულია ოპერაციის შედეგად დაფის ღრუში განვითარებული ადჰეზიური პროცესით და სმენის ნერვის პათოლოგიით, რომელიც არ უკავშირდება ტრავმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლელა ჯუღელის სმენის ორგანოს ცვლილებები და სმენის დაქვეითება არ უკავშირდება 2022 წლის 7 აპრილს მიღებულ ტრავმას“.
ექსპერტიზის ეს დასკვნა ნანი ფრიდონაშვილისთვის ბუნდოვანი და გაუგებარია:
„ყურის ოპერაცია ლელა ჯუღელმა 2001 წელს გაიკეთა. 2022 წლის 7 აპრილამდე, ლელას არ ჰქონია მსგავსი ტიპის პრობლემები. მის სამედიცინო დოკუმენტაციას გამოძიებაც გაეცნო. ლელას ჯანმრთელობის პრობლემები ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაეწყო. თუკი ეს პრობლემები გამოწვეული იყო ოპერაციით, მანამდე რატომ არ უჩიოდა ეს ადამიანი ტკივილებს, თავბრუსხვევასა და სმენის დაქვეითებას?“.
ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამ სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი, შესაძლოა განპირობებული იყოს არჩილ მეფარიძის პირველადი პროფესიიდან გამომდინარე:
„ის პროფესიით ექიმია. დიდხანს მუშაობდა ქირურგად. მას სამედიცინო სფეროში საკმაოდ ბევრი ახლობელი ჰყავს და ეს არის ჩემი ეჭვი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სპეციალისტები, რომლებიც უარს ამბობდნენ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, ეს იყო, სავარაუდოდ, კოლეგიალური სოლიდარობით გამოწვეული, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ კლანურ საზოგადოებაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, სადაც ყველა ვიღაცის ახლობელია, ამიტომ მე ამას არ გამოვრიცხავ“.
რას ამბობს პროკურატურა?
როგორც პროკურატურაში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, უწყებამ "კანონის შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ წარუდგინა ბრალი არჩილ მეფარიძეს".
მომღერალს 2022 წლის 28 აპრილს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას. 2022 წლის 29 დეკემბერს კი მომღერალს დამატებითი, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდება დაემატა.
იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მომღერალ აჩიკო მეფარიძეს დამნაშავედ ცნობს, მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ აჩიკო მეფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ძალადობისა და მუქარის მუხლებით, ის აქტიურად მართავს კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ის მონაწილეობს დედაქალაქის მერიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებშიც. 2022 წლის 23 დეკემბერს სხვა მომღერლებთან ერთად იმღერა აჩიკო მეფარიძემ „საახალწლო სოფლის“ გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე.