Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს, როდესაც ქრისტე იბადება


ალილო ქრისტეშობის დღესასწაულზე, 2013 წელი.
ალილო ქრისტეშობის დღესასწაულზე, 2013 წელი.

7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობას აღნიშნავს.

ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, რა სურს მას, პასუხი ერთი იქნება - ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც ქრისტემ მოიტანა სხვა სახისაა. მას ამ ბედნიერებაზე ცხრა სიტყვა ანუ ცხრა ნეტარება აქვს ნათქვამი“, - ეუბნება სასულიერო აკადემიის პედაგოგი, თეოლოგი გიორგი გვასალია რადიო თავისუფლებას და ქრისტეს მატერიალურ სამყაროში დაბადების მნიშვნელობის ახნსას ცდილობს.

ადიო თავისუფლება: ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომელიც მოციქულის ან წინასწარმეტყველის მეშვეობით კი არ გაცხადდა ადამიანებისთვის, არამედ - როგორც ამას ქრისტიანული სწავლება მიიჩნევს - თავად ღმერთმა, იესო ქრისტემ იქადაგა. ზოგი, ვინც თეოლოგიაში ჩახედული არაა, ფიქრობს, რომ ქრისტეს როლი მხოლოდ ეს იყო - ახალი სარწმუნოების გავრცელება.

გიორგი გვასალია: ქრისტიანობა არის გამოცხადებითი რელიგია, ანუ არა ის, რაც ადამიანმა ღმერთზე მოიფიქრა, არამედ ის, რაც ღმერთმა თავად გამოუცხადა ადამიანს საკუთარ თავზე. როდესაც ადამიანი ცოდვით დაეცა, ცოდვამ ადამიანი ფიზიკურადაც დააზიანა და სულიერადაც. ქრისტესშობამდე პერიოდში ჩვენ გვაქვს ერთი წიაღი, ისრაელი, სადაც ეს გამოცხადებითი ჭეშმარიტება ინახება - ანუ ის, რომ უნდა მოვიდეს მესია და ადამიანი ამ დაზიანებისგან გაათავისუფლოს.

ადიო თავისუფლება: თუმცა, სწავლების მიხედვით, ქრისტე არ ათავისუფლებს ადამიანს ვალდებულებისგან საკუთარ ცოდვებს თავადვე მიხედოს, მოინანიოს, გამოასწოროს... სად არის ის ზღვარი, სადამდეც ადამიანი საკუთარი ძალისხმევით უნდა მივიდეს და სადაც უკვე ღმერთი უნდა ჩაერიოს?

გიორგი გვასალია: სწორედ ეს არ შეუძლია ადამიანს - გამოიხსნას თავი ცოდვებისგან. ადამიანს ეს რაღაც დონემდეც რომ შესძლებოდა, ქრისტეს განკაცება საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ გამოხსნის შემდეგაც, ადამიანს ეს გამოხსნა კი არ მიესაჯა, არამედ შეეთავაზა. ამ დაზიანებას ადამიანმა თავი ქრისტესთან ერთად უნდა დააღწიოს. ეს არის სინერგია, თანამოქმედება. სად იწყება ეს თანამოქმედება და სად სრულდება, ასე გამიჯნულად არ ჩანს. ალბათ, და ეს ჩემი პირადი აზრია, ეს იწყება აღიარებით, რომ ღმერთის გარეშე ადამიანს არაფერი შეუძლია.

ადიო თავისუფლება: თუმცა, ადამიანი ბოლომდე ვერ იგებს, რას ნიშნავს ცოდვისგან გამოხსნა. ადამიანი ამბობს, კი, მე ვცოდე, მაგრამ ეს ადამიანურია.

გიორგი გვასალია: ეს კითხვა ეხება იმას, სინამდვილეში რა არის ადამიანი. ადამიანი ხილულ სამყაროში არის ერთადერთი არსება, რომელსაც გააჩნია ის, რაც არ ქრება - სული. ადამიანი საკუთარ ქმედებას უნდა განიხილავდეს არა მარტოკონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში, არამედ მარადიულობაში. დაცემას თან უნდა ახლდეს გააზრება, რომ ეს დაცემა არ უნდა შეიწყნარო, რადგან ის მარადიულობაში აისახება. აქვე უნდა წამოდგე! ეს წამოდგომა უნდა აისახოს მარადიულობაში! ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელ ისტორიულ კონტექსტში მოქცეული გონიერი არსება.

ადიო თავისუფლება: დაცემა მხოლოდ რამე ცუდის გაკეთებას ნიშნავს? თუ ადამიანმა საკუთარი თავი ვერ შეიცნო, ესეც ხომ გარკვეულწილად დაცემაა?

გიორგი გვასალია: საკუთარი თავის შეცნობა მუდმივი პროცესია. დაცემაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ის, რასაც კლასიკური გააზრებით გულისხმობს ტერმინი ცოდვა - გზიდან გადახვევა, მიზანს აცდენა. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, რა სურს მას, პასუხი ერთი იქნება - ბედნიერება. თან გააჩნია ბედნიერებას რას ვუწოდებთ. თუ ჩვენთვის ბედნიერება არის ხორციელი ტკბობა, ის აქვე იწყება და აქვე თავდება. ბედნიერება, რომელიც ქრისტემ მოიტანა სხვა სახისაა. მას ამ ბედნიერებაზე ცხრა სიტყვა ანუ ცხრა ნეტარება აქვს ნათქვამი - „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა... ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“... აქ რაღაც ისეთზეა საუბარი, რაც მხოლოდ ადამიანმა შეიძლება განიცადოს და არა ცხოველმა.

ადიო თავისუფლება: ბარემ ისიც განვმარტოთ, რას ნიშნავს სულით გლახაკი.

გიორგი გვასალია: გლახაკი ვინ არის?

ადიო თავისუფლება: ის, ვინც ითხოვს?

გიორგი გვასალია: თხოვნა უკვე პროცესია. მანამდე გლახაკი აღირებს, რომ მას დახმარება სჭირდება. სულით გლახაკი ადამიანი აღიარებს თავის სისუსტეს, რომ თუ ღმერთი თავისი მადლით მასში არ დამკვიდრდა, მარადიულობაში ის ბედნიერებას ვერ მიაღწევს.

ადიო თავისუფლება: ისევ უშუალოდ შობას რომ დავუბრუნდეთ. ძველი აღთქმის მიხედვით, როდესაც ევა პირველ ვაჟს შობს, კაენს, ფიქრობს, რომ ესაა აღთქმული მაცხოვარი. სინამდვილეში ის საუკუნეების შემდეგ იბადება. რატომ? კაცობრიობა მხოლოდ ამ დროისთვის მომწიფდა იმისთვის, რომ დაბადებულიყო მარიამი, რომელიც თავის მხრივ ღვთის დატევას შეძლებდა თუ ეს ამასთან კავშირში არაა?

გიორგი გვასალია: გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ღვთისმეტყველი წერენ, რომ ეს მომწიფება კი არ იყო, პირიქით, ცოდვის გამოვლინების სისავსე. მთელი თავისი სიბინძურე გამოავლინა ცოდვაში ჩაძირულმა კაცობრიობამ და სწორედ მაშინ მოვიდა მაცხოვარი.

რადიო თავისუფლება: როდესაც ვამბოთ, რომ ქრისტე ღმერთია, ვგულისხმობთ იმასაც, რომ მას შეეძლო ადამიანის გარეშეც მოსულიყო მატერიალურ სამყაროში. მაგრამ ის იბადება ადამიანის მეშვეობით. თან, როგორც თეოლოგები განმარტავენ, ეს არ ხდება მარიამის თანხმობის გარეშე. ღმერთი მარიამს უტოვებს არჩევანს, დათახმდეს ან უარი თქვას ამ მისიაზე.

გიორგი გვასალია: როდესაც ვსაუბრობთ ღვთის განკაცებაზე, ერთდროულად ვსაუბრობთ ღვთის გამოცხადებაზე ღმერთის შესახებ და ღვთის გამოცხადებაზე ადამიანის შესახებ. ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ როდესაც ის ადამიანს ქმნის, თავს იმდაბლებს. ეკითხება, გინდივარ თუ არ გინდივარ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ხსნა არ მიესაჯა ადამიანს, ხსნა შეეთავაზა.

სხვა რამეც არის. ქრისტეს სხვაგვარად მოსვლაც შეეძლო, მაგრამ ადამივით კიდევ ერთი ადამიანი რომ შექმნილიყო და მასში განკაცებულიყო მამის სიტყვა, იგივე ლოგოსი, ჩვენ ახალ კაცობრიობას მივიღებდით. მაცხოვარი ახალს არ ქმნის, ის უკვე შექმნილში მოდის, უკვე არსებული ადამიანების რიგში დგება... მარადიული ხდება ისტორიული, ყოვლადძლიერი განკაცდება ადამიანის სისუსტეში.

ადიო თავისუფლება: ღმერთი არის უსქესო, მაგრამ ახალ აღთქმაში, ის იბადება სქესით - მამაკაცად. შეიძლებოდა ქალად დაბადებულიყო?

გიორგი გვასალია: ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მან მამაკაცად შობა ინება. ეს არავითარ შემთხვევაში იმას არ ნიშნავს, რომ გამოხსნა მხოლოდ მამაკაცებს ეხებათ. ბიბლია კატეგორიულად ამბობს, რომ დედაკაცი ისეთივე ღირსეულია და ისეთივე დიდებული, როგორ მამაკაცი.

ადიო თავისუფლება: როდესაც სახარებაში საუბარია ქრისტეს წინაპრებზე, მოცემულია იოსებ დამწინდველის გენეალოგია, რომელიც მარიამის გენეალოგიასაც მოიცავს. ეს როგორ აიხსნება? .

გიორგი გვასალია: ისრაელში ქორწინება ხდებოდა მხოლოდ თანატომელთა შორის, ეს მკაცრი კანონი იყო. დავითის [საუბარია გაერთიანებული ისრაელის მეორე მეფეზე - დავით წინასწარმეტყველზე რ. .] მოდგმაც ქორწინდებოდა მხოლოდ დავითის მოდგმაზე. ამიტომ იოსების გენეალოგია ავტომატურად მარიამის გენეალოგიაც არის. თან როდესაც მათე მოციქული ამ გენეალოგიაზე წერს, ამით მიუთითებს, რომ იესო დაპირებული მესიაა. რამდენიმე ნიშანი იყო, რომლითაც მესია უნდა ეცნოთ, ერთ-ერთი ის, რომ ის სამეფო მოდგმიდან იქნებოდა.

რადიო თავისუფლება: რა ვიცით ქრისტეს ბავშვობაზე გარდა იმისა, რომ დაბადებიდან დევნილი იყო და იმ მონაკვეთისა, რომელიც სახარებაშია მოცემული - პატარა იესო იერუსალიმის გზაზე იკარგება და სამი დღის შემდეგ ტაძარში პოულობენ.

გიორგი გვასალია: ეს კითხვა ყოველთვის იყო, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ბავშვობის შესახებ ვიცით ის, რაც ვიცით, მეტი არაფერი. ეს არ არის სახარების თემა. თვითონ ტერმინსაც რომ დავუკვირდეთ, ევანგელია სასიხარულო ამბავს ნიშნავს. თუ აპოკრიფულ (არაკანონიკურ) სახარებებს გადავხედავთ, იქ ბევრ რამეს ვნახავთ იესოს ბავშვობაზე. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომელმაც სულიერი სიხარული უნდა მოგვიტანოს.

ადიო თავისუფლება: ქრისტეს მიწიერ ოჯახზე რომ ვისაუბროთ. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტეს ხორციელი ძმები, იოსებ დამწინდველის შვილები, რომლებიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა, შემდეგ ქრისტეს მიმდევრებად იქცნენ. ზოგი მოციქულიც გახდა, იაკობი, იუდა (არა ისკარიოტელი).

გიორგი გვასალია: მარიამს დადებული ჰქონდა უქორწინებლობის აღთქმა, მაგრამ ძველი აღთქმის ეკლესია ქალწულების ინსტიტუტს არ იცნობდა. ყველა ქალი უნდა გათხოვილიყო.

ადიო თავისუფლება: ანუ მარიამი არის სამონასტრო ცხოვრების წინასახე?

გიორგი გვასალია: დიახ, ამიტომაც გამოსავალი იპოვეს იმაში, რომ დააქორწინეს იოსებზე, რომელიც მაშინ უკვე მოხუცი იყო. სინამდვილეში ის იქნებოდა მფარველი მარიამისა და მარიამიც თავისი აღთქმის შესრულებას შეძლებდა.

ადიო თავისუფლება: ასევე მინდა გკითხოთუცნაურბავშვებზე. მარიამი, იოანე ნათლისმცემელი და კიდევ სხვები. ძველ და ახალ აღთქმაში ხშირად გვხვდება ერთი და იგივე სიუჟეტი, განსაკუთრებული ადამიანები იბადებიან მაშინ, როდესაც მათი დაბადება ფიზიკური კანონებით შეუძლებელია, ძირითადად მშობლების ასაკის გამო. რამე კანონზომიერება არის ამაში?

გიორგი გვასალია: 90 წლის სარა შვილს აჩენს, რებეკა 20 წლის სიბერწის შემდეგ ტყუპებს ბადებს. სამსონის მშობლები ბავშვს საერთოდ აღარ ელოდნენ... ეს არის წინასწარმაუწყებლობა იმისა, რომ გამოჩნდება სასწაულებრივი ყრმა. წინასწარმეტყველება რაღაც საკვირველზე, გაუგებარზე, მიუწვდომელზე, კანონებით აუხსნელზე.

ადიო თავისუფლება: უკვე დღეს რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანში ქრისტე დაიბადოს?

გიორგი გვასალია: გააზრება იმისა, რომ მე მაქვს სული, რომელიც გარდაცვალების შემდეგ არსებობას აგრძელებს. მარადიულობაზე ფიქრი მიჩენს კითხვას, ვინ არის ადამიანი. შემდეგ მეორე კითხვას - რა უნდა ვქნა მე, ადამიანმა? და აქ მივდივარ საოცარ დასკვნამდე - როდესაც პეტრე წყალში იძირება, ხელი პეტრემ უნდა გაიშვიროს, მაგრამ წყლიდან ამოყვანა უკვე ქრისტესია. „მიშველე“ არის ადამიანი, ამოყვანა არის ღმერთი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG