Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონობით ინფიცირებული დღეში? - კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი ჩინეთში უფრო და უფრო სახიფათო ხდება 


ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით არა მხოლოდ ჩინეთი, მთელი მსოფლიოა შეშფოთებული. გადატვირთულია არა მხოლოდ საავადმყოფოები, კრემატორიუმებიც კი.

ჩინეთში, რომელიც მოსახლეობა თითქმის მილიარდ ნახევარი ადამიანია საავადმყოფოები კოვიდინფიცირებულებით გადაივსო. პაციენტები ყველგან წვანან, პალატებში, რეანიმაციულ განყოფილებებში, დერეფნებში...

„ახლა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში არა მხოლოდ სასწრაფოს ექიმები მუშაობენ, არამედ სხვა ყველა განყოფილების ექიმები, ანესთეზიოლოგებიც კი“, - უთხრა „ნასტაიაშჩაია ვრემიას“ ჩჟაო ჩუნბომ, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ შანხაიში.

საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ დეკემბერში ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად შემოღებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შემდეგ დაავადებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 28 ათასამდე შემთხვევა დარეგისტრირდა. 2020 წლიდან მოყოლებული ჩინეთი სულ ინფიცირების 10 494 965 შემთხვევას და 32 524 გარდაცვლილს ითვლის.

მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ახლა ჩინეთში კოვიდი ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ემართება, ათასობით კი იღუპება. ბი-ბი-სი წერს, რომ ხალხი აღარ ენდობა ოფიციალურ მონაცემებს, თუნდაც იმის გამო, რომ უკვე ბევრი გამოჩენილი პიროვნება დაიღუპა.

ლოკდაუნების გაუქმებისას ჩინეთის ხელისუფლება ფიქრობდა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები მომაკვდინებელი არ იყო. დაავადების გავრცელება უხარისხო ჩინურ ვაქცინებსაც ბრალდება. ჯანმოს მონაცემებით, ისინი 60 წელს გადაცილებულებს მხოლოდ 50 პროცენტით იცავენ. სრულად ვაქცინაციისთვის საჭიროა სამი დოზის გაკეთება, სამი დოზა კი ამ ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 40 პროცენტმა მიიღო.

ჩინეთში უკვე პრობლემა გახდა კრემაციაც. სააგენტო Вloomberg-ი წერს, რომ პეკინსა და შანხაიში კრემაციისთვის დრო ორი კვირით ადრე უნდა დაჯავშნო. ერთ-ერთ კრემატორიუმში განაცხადეს, რომ მათთან ყოველდღიურად 500-ზე მეტი გვამი მიაქვთ. გაზრდილი მოთხოვნის გამო გვამების კრემაციის ჩრდილოვანი ბიზნესიც კი აყვავდა. გაზრდილია ფასებიც. თუკი წინათ კრემაცია რამდენიმე ათასი იუანი ღირდა, იანვარში ზოგიერთი კრემატორიუმი ამისთვის ათეულობით ათას იუანს ითხოვს. მაგალითად, გარდაცვალების დღესვე კრემაცია ჯდება 88 ათასი იუანი (12 700 დოლარი).

მიუხედავად ყველაფრისა, ჩინეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ვითარებას აკონტროლებს.

„ქვეყნები, რომლებიც კოვიდის წინააღმდეგ პოლიტიკას ცვლიან აუცილებლად გადიან ადაპტაციის პერიოდს. გამონაკლისი არც ჩინეთია, ჩვენ ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ. კოვიდვითარება ჩინეთში პროგნოზირებადი და კონტროლირებადია“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვან ვენბინმა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ლოკდაუნი გააუქმა, ბევრმა უცბად დაჯავშნა საზღვარგარეთ წასასვლელი ბილეთები. ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა სურთ. ეს ტენდენცია კი დანარჩენ მსოფლიოში ვირუსის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

საფრთხის თავიდან ასაცილებლად გასულ კვირაში რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან ჩამოსულებისთვის შეზღუდვები დააწესა, კერძოდ საზღვრის გადმოკვეთამდე მათ კორონავირუსზე ტესტის გაკეთება ევალებათ. ჩინეთი აცხადებს, რომ ეს ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან მხოლოდ მათი ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ, მიუხედავად ამისა მთელი რიგი ქვეყნები ჩინელი ტურისტებისთვის შეზღუდვებს ისევ ძალაში ტოვებენ, მათ შორის არიან იტალია, აშშ, იაპონია, ინდოეთი და მალაიზია.

XS
SM
MD
LG