Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ბავშვი, რომელიც სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა, ახალგორში გადაასვენეს


წლინახევრის ელზა კუდუხოვს, რომელიც 2 იანვარს მაშინ გარდაიცვალა, როცა მშობლებს ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ სასწრაფოს მანქანით გადმოჰყავდათ მაღალი სიცხით, ექსპერტიზა გორში ჩაუტარდა. როგორც რადიო თავისუფლებას ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა უთხრა, ექსპერტიზის შემდეგ ბავშვი 3 იანვრის დილას ახალგორში გადაასვენეს, მისი გარდაცვალების ფაქტზე კი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამმართველომ დაიწყო.

“რომ ნახეს, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, იმ სასწრაფოს მანქანითვე გამოუშვეს [გამშვებ პუნქტზე]... ვინაიდან სიკვდილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა, გამოძიებასაც ქართველი სამართალდამცველები ატარებენ”, - გვითხრა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ახალგორის კლინიკას სტუმრობდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრთან ერთად. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, მათი კლინიკაში მისვლის მიზანი იყო, გაერკვიათ, რა გახდა წლინახევრის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში შეყვანისას მძიმედ იყო. ექიმები მშობლებს მის ცხინვალის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობდნენ, ოჯახს კი სურდა არა ცხინვალის, არამედ თბილისის კლინიკა.

სააგენტო "რესი" წერს, რომ ბავშვს სასწრაფო დახმარების მანქანაში ექიმები ინტენსიურად უწევდნენ სამედიცინო დახმარებას და უტარებდნენ რეანიმაციულ მანიპულაციებს.

“ჩვენმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. საზღვრამდე ჩატარდა ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები, ბოლომდე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად”, - ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, სერგეი კოჩიევის ამ კომენტარს სააგენტო “რესი” ავრცელებს.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა აგუნდა პლიევამ თქვა, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფო დახმარების კვალიფიციური კადრებით გაძლიერება.

“ადრეც მითქვამს, რომ, მაგალითად, რადიოლოგს ან პლასტიკურ ქირურგს არ აქვს უფლება, იმუშაოს სასწრაფო დახმარების ექიმად. საჭიროა, გავაძლიეროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი და უკეთ დავგეგმოთ ავადმყოფების მარშრუტები კლინიკებამდე. მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ უკეთეს შედეგს. ამ საკითხებს განვიხილავთ მთავარ სპეციალისტებთან, მაგრამ დღეს ეს კლინიკა [ ახალგორის] ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას”, - თქვა კლინიკაში დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად მისულმა აგუნდა პლიევამ. თავის მხრივ, ალან გაგლოევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალგორის მცხოვრებლები არ ენდობიან ადგილობრივ სამედიცინო მომსახურებას და დასძინა, რომ ცხინვალი ყოველწლიურად აგზავნის სამედიცინო პერსონალს რუსეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ალან გაგლოევი ახალგორის კლინიკაში
ალან გაგლოევი ახალგორის კლინიკაში

როგორც ადგილობრივმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა უთხრა “ეხო კავკაზას”, მას არ მიეცა საშუალება, კლინიკაში სტუმრობისას დალაპარაკებოდა ალან გაგლოევს - მეარაყიშვილი წლებია, ახალგორში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების არარსებობაზე საუბრობს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების 2020 წლის მონაცემებით, ახალგორში, ჯანდაცვის სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 16 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ რადიო თავისუფლების წყაროები ამბობდნენ, რომ გარდაცვლილთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყო და 25-ს აჭარბებდა.

XS
SM
MD
LG