შაბათს უკრაინის რეგიონების უდიდეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. იტყობინებიან, რომ რუსეთის ტერიტორიიდან, მათ შორის გრძელი რადიუსის მოქმედების ბომბდამშენებიდან, რაკეტები გაუშვეს.
ეს უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მეორე მასირებული სარაკეტო იერიშია.
გავრცელებული ცნობებით, ამოქმედებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიევის, ვინიცის, ხარკოვის, ჟიტომირის ოლქებში.
როგორც იტყობინებიან, კიევში ათამდე აფეთქება დაფიქსირდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტები მოხვდა ობიექტებს ქალაქის სამ რაიონში. სოლომენკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. პეჩორის რაიონში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რაკეტა მოხვდა სასტუმროს. დაზარალებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. უკრაინის სოცქსელებში ქვეყნდება სასტუმროზე იერიშის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
შენობები დაინგრა ტერნოპოლსა და ზაპოროჟიეშიც.
ზოგიერთ ოლქში - მათ შორის დნეპროპეტროვსკის, ოდესის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის ოლქებში - ენერგეტიკოსებმა მომხმარებელთა უმრავლესობას პრევენციული მიზნებით გაუთიშეს ელექტრომომარაგება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შემთხვევაში ეს ენერგოსისტემას ნაკლებ ზიანს მოუტანს, ვიდრე ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას.