თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს ჯაბა სამუშია. ის კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო.
აკადემიური საბჭო 38 ადამიანისგან შედგება. კენჭისყრაში საბჭოს 32 წევრი მონაწილეობდა, მათგან 30-მა ჯაბა სამუშიას მისცა ხმა. ორი ბიულეტენი გაბათილდა, რადგან კანდიდატი შემოხაზული არ იყო.
"პროგრამა, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ჯაბამ, ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას”, - ამბობს მედიასთან ისტორიკოსი, აკადემიური საბჭოს წევრი მიხეილ ბახტაძე. მისივე სიტყვებით, “ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, ცუდია, ჯობდა ყოფილიყო რამდენიმე, სხვადასხვა კონცეფციები”.
სტუდენტების ნაწილი თვეებია ითხოვს უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული რექტორის არჩევის წესის შეცვლას.
სტუდენტების აზრით, რექტორი უნდა აირჩიოს არა აკადემიურმა საბჭომ, არამედ ყველა პროფესორმა, რაც პროცესს უფრო დემოკრატიულს გახდის.
"ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ადამიანი [ჯაბა სამუშია] არის გარედან დასმული და მართული, რადგან ერთი კანდიდატი არ შეიძლება იყოს ამხელა უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ ადგილზე”, - ამბობს სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის" წარმომადგენელი დავით სეხნიაშვილი.
სტუდენტებსა და ჯაბა სამუშიას შორის შეხვედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 26 დეკემბერს, საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა.
სტუდენტებმა პროტესტი შეწყვიტეს, როგორც თავად ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამუშიასგან მიიღეს მკაფიო დაპირება, რომ დაიწყება რექტორის არჩევის წესის შეცვლის პროცესი.
“მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა დღევანდელი არჩევნების შემდეგ, უკვე ხვალიდან”, - ამბობს სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი საბა ბულისკერია.
ჯაბა სამუშია მედიასთან აღნიშნავს, რომ სტუდენტებს შეუძლიათ დისკუსია დაიწყონ. მისივე თქმით, დაემორჩილება იმას, რაც ჩაიწერება კანონში.
"როგორი უნდა იყოს ეს წესი, ეს მომავლის საქმეა, დისკუსიის საქმეა”, - ამბობს სამუშია და ამატებს: “მე გუშინ ვუთხარი სტუდენტებს, რომ მოხარული ვიქნები, თუ დაიწყებენ დისკუსიას.”
ჯაბა სამუშია 20 ოქტომბრიდან ასრულებდა რექტორის მოვალეობას.
მანამდე თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.
სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.