Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის თქმით, მოშიმშილე ანი წითლიძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა


ანი წითლიძე, დეპუტატი
ანი წითლიძე, დეპუტატი

ექიმი, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანი წითლიძე მოინახულა, ამბობს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ექიმების რეკომენდაციაა, ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტოს.

"პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, რომ უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა მშრალი და, მე ვიტყოდი, რომ პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და რეკომენდაციაა შეწყვიტოს შიმშილობა", - ასე აღწერა ექიმმა პოლიტიკოსის მდგომარეობა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე მე-12 დღეა შიმშილობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმაც.

საქართველოს პარლამენტში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან მედიკოსები, რომლებიც მოშიმშილე დეპუტატს მუდმივ მონიტორინგს უწევენ. მათი თქმით, ანი წითლიძეს სხეულის წონის 11 კგ-ზე მეტი აქვს დაკარგული.

XS
SM
MD
LG