Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ექსპრეზიდენტის მომხრეთა ნაწილი, პერმანენტულ აქციებს იწყებს


პატიმრობაში მყოფი საქარველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. 22 დეკემბერი.
პატიმრობაში მყოფი საქარველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. 22 დეკემბერი.

ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი და ოჯახის წევრები. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ შეკრება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს. დღეს, ამ ღამით ჩვენ ვრჩებით აქ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ვისაც სურს, რომ შემოგვიერთდეს, მოვიდეს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, თუნდაც პლედით, ასევე - ეს იქნება ყავა, ჩაი. ეს არის ჩვენი პროტესტის მთავარი ლოკაცია. ამას აქვს თავისი დანიშნულება. სალომე ზურაბიშვილს ერთი ხელის მოწერით შეუძლია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს და გადაარჩინოს სიკვდილს. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ახლა არ ვიქნებით ერთად, არ ვიმოქმედებთ, არ დავდგებით ქუჩაში, პრაქტიკულად, სასამართლოს გზით, ამ გაჭიანურებული პროცესებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი", - თქვა გიორგი მუმლაძემ.

ყოფილი პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა კი განაცხადა: „ჩვენი მიშა არის ძალიან ცუდად. მე კიდევ მჯერა ხელისუფლების კეთილგონიერების. მე მჯერა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი გამოიჩენს კეთილგონიერებას, ჰუმანურობას და ბოლო-ბოლო გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მიხეილს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს მკურნალობა".

პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. გუშინ, 22 დეკემბერს, ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG