თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება, ექსპრეზიდენტმა საზოგადოებისათვის უკრაინულ ენაზე მიმართვა ისურვა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენჯერმე უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ქართულ ენაზე ელაპარაკა. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მოუწოდა, დარბაზში მიეყვანათ თარჯიმანი, თუმცა მან ეს არ დააკმაყოფილა. გიორგი არევაძემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის ქართულად ლაპარაკობს, სხდომა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამიტომ მან სასამართლოს ქართულ ენაზე უნდა მიმართოს.
მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა კვლავ უკრაინულ ენაზე განაგრძო მიმართვა, ის მოსამართლემ პირდაპირი ეთერიდან გამორთო.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე გიორგი არევაძემ 200 ლარით დააჯარიმა.
სანამ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ეთერიდან გათიშავდნენ, მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექსპრეზიდენტს მოუწოდა, ეჩვენებინა სასამართლოსა და საზოგადოებისათვის, რეალურად რა მდგომარეობაში იმყოფება - სთხოვა, წამომდგარიყო, პერანგი აეწია და სხეულზე არსებული დაზიანებები გამოეჩინა.
როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, ის სააკაშვილს ამის უფლებას ვერ მისცემდა და თუკი იგი პერანგის გახდას გადაწყვეტდა, პირდაპირი ეთერიდან გათიშავდა.
ამ დროისათვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.
9 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე პაციენტი პატიმრის სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კლინიკა „ვივამედმა“ არ გასცა, 14 დეკემბერს კი პატიმრის დისტანციური ჩართვა პენიტენციურმა სამსახურმა „შესაბამისი ტექნიკური საშუალებების“ არარსებობის მიზეზით ვერ მოახერხა.
პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.