Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერ-რიადში გაიმართა საქართველოს და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრ მოჰამად ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრა. ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით 21 დეკემბერს ჩავიდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 22 დეკემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა იმსჯელეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, „ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას“ და საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა საქართველოს პოტენციალის უფრო აქტიურად ათვისების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე, კერძო ბიზნესის მიმართულებით. შეხვედრის შემდეგ, მან ტვიტერზე დაწერა, რომ განიხილეს არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულია პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებაც.

საქართველოს დელეგაციის წევრის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პრემიერების გადაწყვეტილებით შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით და წელიწადში ორჯერ მოხდება ანგარიშგება უშუალოდ პრემიერ-მინისტრების მიმართ. როგორც დავითაშვილმა თქვა, სპარსეთის ყურეში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე საუდის არაბეთს საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, საქართველო და საუდის არაბეთი ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზეც ერთმანეთთან თანამშრომლობენ და საუდის არაბეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს 2018 წელს სტამბოლში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე, რასაც საუდის არაბეთის მთავრობა უარყოფს. ამ ფონზე აშშ-ში კრიტიკა მოჰყვა ერ-რიადში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტს და მის შეხვედრას მოჰამად ბინ სალმანთან, რომელიც 2022 წლის ივლისში გაიმართა. თავად ბაიდენმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მისი მოგზაურობა მნიშვნელოვანია რუსეთთან და ჩინეთთან აშშ-ის დაპირისპირების ფონზე და ამასთან, საუდის არაბეთის ენერგორესურსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რუსული ნედლეულის ალტერნატივა. 2022 წლის სექტემბერში, საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს ერ-რიადში შეხვდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელმაც განაცხადა, რომ სურს ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს კავშირები ენერგორესურსების სფეროში.

XS
SM
MD
LG