თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს შორის მდებარე „პუშკინის სკვერის“ რეაბილიტაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა თბილისის უძველესი, 1892 წელს დადგმული ა. პუშკინის ქანდაკება. „უვიცობა და გულგრილობა“ - ასე შეაფასეს ხელოვნებათმცოდნეებმა ძეგლის „ქუთათურ წითელი და რუხი ქვის“ კვარცხლბეკის როგორც „გადათეთრება-გადაღებვა“, ასევე ქართული წარწერით გაფორმება. რუსი პოეტის ძეგლის ყურადღების ცენტრში მოქცევამ, ასევე წამოჭრა კითხვა: „საერთოდ რატომ დგას თბილისის ცენტრში რუსი პოეტის ბიუსტი?“
ძეგლის ისტორია
1889 წლის 12 დეკემბრის გაზეთი “ივერია“ წერდა: „განზრახვა აქვთ ტფილისში პატარა ძეგლი დაუდგან რუსის პოეტს ა.ს. პუშკინს. ძეგლი თეთრი მარმარილოსი იქნება, ქვემოდან ოთხი ქვისავე შავი ფიცარი ეკერება და ამ ფიცარზედ ზოგიერთი ადგილები იქნება მოყვანილი პოეტის ლექსებიდგან, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც კავკასიას შეეხება. რუსის პოეტს სახსოვარი უნდა დაუდგან სასულიერო სემინარიის პირდაპირ, ერევნის მეიდნის ახალს ბაღში. პოეტის ძეგლი უნდა შეუკვეთონ მიუნჰენში მექანდაკე ოტტო-გაფს, ექვს-შვიდს თვეში მზად იქნება და 1,050 მან. დაჯდება ჩამოტანით. ამ ფულის მოსაპოვებლად უკვე ხელმოწერაა გამართული“.
პუშკინის ძეგლისთვის ფულის შეგროვებას ორგანიზებას უკეთებდა ტფილისის პოლიცმაისტერი ლ.ა. როსინსკი, რომელმაც 1890 წლის თებერვალში ქალაქის გამგეობას გადასცა მის მიერ შეკრებილი 2281 მანეთი.
თუმცა ძეგლი მიუნხენში აღარ შეუკვეთიათ, როგორც ამას „ივერია“ წერდა. პუშკინის ძეგლის საბოლოო პროექტი, რომელიც 1891 წლის 14 მარტს დამტკიცდა პეტერბურგში, შეადგინა თბილისში მცხოვრებმა მოქანდაკემ, ფელიქს ხოდოროვიჩმა. პეტერბურგის კ. ვერფელის ქარხანაში ჩამოასხეს ბრინჯაოს ბიუსტი, კვარცხლბეკი კი, როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, „ქუთათური წითელი და რუხი ქვისგან“ გაკეთდა. ქვის სამუშაო მთლიანად შეასრულა თბილისელმა ოსტატმა ვინჩენცო პილეჯიმ. ძეგლის საბოლოო ვარიანტში არ მოხვდა პუშკინის გამონათქვამები, რაც უნდა გაკეთებულიყო კვარცხლბეკზე.
ბიუსტის სიმაღლე ძეგლის გახსნის დროს 1,5 არშინს (1 არშინი - 71,1 სმ) უდრიდა, კვარცხლბეკისა კი - 2 არშინსა და 12 გოჯს.
ძეგლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 1892 წლის 25 მაისს. „ახალ ბაღსაც“ სწორედ ამ დროიდან ეწოდა „პუშკინის სკვერი“.
ტფილისი იყო რუსეთის იმპერიის მეხუთე ქალაქი, სადაც პუშკინის ძეგლი დაიდგა. პუშკინამდე თბილისში ეულად იდგა მეფისნაცვალ მიხაილ ვორონცოვის ძეგლი, რომელიც 1867 წელს გაიხსნა დღევანდელ ზაარბრიუკენის მოედანზე.
„პუშკინის ძეგლის აგებამ ქართველ მოღვაწეებს მოაგონა თავისი სიამაყე შოთა რუსთაველი“, - წერს იოსებ გრიშაშვილი და არგუმენტად მოჰყავს ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ 1893 წლის 123-ე ნომერი, რომელშიც წერია:
„შარშან ზაფხულში ძეგლი დაუდგეს რუსეთის გამოჩენილ პოეტს პუშკინს, ეხლა კი საჭიროა ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებადო“.
თუმცა ქართულმა საზოგადოებამ შოთა რუსთაველისათვის ძეგლის აგების ნებართვა კიდევ დიდხანს ვერ მიიღო. თბილისში რუსთაველის ძეგლი მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1942 წელს დაიდგა.
რეაბილიტაცია თუ ვანდალიზმი?!
თბილისის მერია არ განმარტავს, რა დამართეს პუშკინის ძეგლის კვარცხლბეკს, რომელიც გალესილ-შეღებილს ჰგავს და, რომელსაც დამატებული აქვს ქართული წარწერა: „ა. პუშკინი“.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 14 დეკემბერს თქვა, რომ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა „პუშკინის სკვერის“ რეაბილიტაცია.
„სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და მძიმე მდგომარეობა გვქონდა...განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. აღნიშნული სივრცე ყველანაირად კეთილმოწყობილია. დარჩენილია დასუფთავებისა და მორეცხვის სამუშაოები, რაც მომდევნო ორ დღეში დასრულდება“, – თქვა კახა კალაძემ, რომლის თქმითაც, პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდა.
თბილისის მერს არ უხსენებია თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი, უძველესი ძეგლი, რომელიც რეაბილიტირებულ სკვერში დგას. ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს უმეცრებით, უკულტურობით გამოწვეულ ვანდალიზმთან, რაც საქართველოში ტენდენცია გახდა.
„ის, რაც პუშკინის ბიუსტთან დაკავშირებით მოხდა, არის დიდი, კომპლექსური პრობლემის ნაწილი. კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში არ მუშაობს ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ცივილიზებული ქვეყნები ეყრდნობიან. წარმოიდგინეთ, დაიგეგმა ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ზონაში სკვერის რეაბილიტაცია. ალბათ დათვალეს ასფალტის ხარჯი, მუშა-ხელისა და ელექტროსადენების ხარჯი... როგორც ჩანს, დაახლოებით ასე გაწერეს ხარჯი კვარცხლბეკის მოპირკეთებაზეც, თუ რაც არის... არც ვიცი, რა დავარქვა ამას... დარწმუნებული ვარ, მერიის მაღალჩინოსნებში წარმოდგენა არ ჰქონდათ ამის შესახებ და ალბათ მერე შეიტყვეს, როცა შედეგი დადგა. არავის აზრად არ მოუვიდა სამუშაოების დაგეგმვისას, რომ, თუ ძეგლს ეხები, იქ ჩართული უნდა გყავდეს ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი, რომელიც ამას გააკეთებს და, რომ არ შეიძლება ეს საქმე მიანდო ხელოსნებს, რომლებიც გზას აგებენ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებენ, - ამბობს ეკა კიკნაძე, რომლის ვარაუდით, იმან, ვინც „რეაბილიტაცია“ დაგეგმა, არ იცის, რომ პოსტამენტი ისეთივე ნაწილია ძეგლის მხატვრული სტრუქტურისა, როგორც პორტრეტი:
„არც ის იცის, რომ არა თუ პოსტამენტი, არამედ პოსტამენტზე დადებული წარწერაც კი თავისი მასშტაბით და მასალით, ძეგლის საერთო მხატვრული იერსახის ნაწილია. იმედს ვიტოვებ, რომ პოსტამენტი შენარჩუნებულია, რომ ზემოდან არის ნამუშევარი და მისი აღდგენა მოხერხდება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დიდ დანაკარგთან იმიტომ, რომ ეს არის დღეს თბილისში შემორჩენილი უძველესი ბიუსტი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ევროპული ქანდაკების ნიმუში. ასეთი თბილისში სხვა პრაქტიკულად არ გვაქვს. მსგავსი, რაც შემიძლია ახლა გავიხსენო, იაკობ ნიკოლაძის აკაკი წერეთელია“.
16 დეკემბერს პუშკინის „რეაბილიტირებული კვარცხლბეკიდან“ ისე, რომ ქალაქის მთავრობიდან არავის არაფერი უთქვამს ისევ მოხსნეს ყველა წარწერა და მთელი გაფორმება. თბილისის მერია ახლა უკვე „რეაბილიტაციის“ შედეგების აღმოფხვრას ცდილობს.
„უვიცობა და გულგრილობა ერთად, - ამბობს ეკა კიკნაძე, - ეს იგივეა ნეიროქირურგიულ ოპერაციაზე რომ შეუშვან ხელოვნებათმცოდნე. რა შედეგით დამთავრდება ოპერაცია? პაციენტი დაიღუპება! იგივე ხდება. ჩვენ ვკლავთ კულტურულ მემკვიდრეობას უვიცობითა და გულგრილობით, რადგან მასთან წვდომა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ. მათი კომპეტენცია ამას არ გულისხმობს. შედეგად ვიღებთ ტრაგიკულ სურათს. ეს ბიუსტი არის ამ ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. გავიხსენოთ გელათი. უვიცობა იწვევს შეუქცევად შედეგებს, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია. ასეთია გელათთან დაკავშირებული რეალობა. იმედია ამ ბიუსტთან დაკავშირებით ასე არ იქნება“.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანიაც წერს, რომ ის, რაც პუშკინის ბიუსტის პედესტალს უქნეს, სიმპტომატურია.
„თბილისის მმართველობის სტრუქტურაში არ არსებობს არანაირი ორგანო, რომელიც ქალაქში სხვადასხვა დონის ჩარევების პროფესიონალურ და ესთეტიკურ მხარეს რამენაირად მაინც გააკონტროლებს. არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სამშენებლო ნებართვების განხილვით არის დაკავებული მშრალი და ტექნიკური კანონების საფუძველზე. სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების არქიტექტურული, ურბანული დიზაინის და მხატვრული მხარე პრაქტიკულად არანაირ შეფასებას არ გადის და რამდენიმე ადამიანის პირად გემოვნებაზეა მინდობილი“, - ამბობს ირაკლი ჟვანია.
პუშკინის ძეგლის „რეაბილიტაციისას“ ხელყოფილი იქნა კულტურული მემკვიდრეობის მთავარი კომპონენტი - სიძველე, რომლის მნიშვნელობის შესახებაც ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა მხატვარი დავით კაკაბაძე:
„სიძველის ფაქტურას ქმნის დრო, რომლის მიზეზით ყოველივე ფორმის გარეგანი გარსი იცვლება. სწორედ ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ნამდვილი ძველი საგანი ყოველთვის განირჩევა ახალი მისი მიბაძვისაგან. ფაქტურის სახის შესწავლა და დაკვირვება არასდროს არ შეაცდენს ადამიანს ძველი და ახალი საგნების გარჩევაში. წმინდა მხატვრული გრძნობის გარდა სიძველისადმი სიყვარულს ჩვენ გვკარნახობს წარსული ცხოვრების და კულტურის ცოდნა. ჩვენი წინაპრების სული კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. სიძველის ნაშთებში ჩვენ ვკითხულობთ წარსულის ცხოვრებას.“
გვინდა კი საერთოდ პუშკინი?
პუშკინის ძეგლის ყურადღების ცენტრში მოხვედრამ, ასევე გააჩინა კითხვა: „საერთოდ რატომ დგას თბილისის ცენტრში რუსი პოეტის ბიუსტი?“
მსგავსი კითხვა უფრო ადრე დაისვა უკრაინაში, სადაც რუსეთი მეათე თვეა აწარმოებს დამპყრობლურ, სისხლისმღვრელ ომს. უკრაინელებმა ამ კითხვის პასუხად მთელი ქვეყნის მასშტაბით კვარცხლბეკებიდან ჩამოაგდეს პუშკინის ათამდე ძეგლი და ამ პროცესს Пушкінопад - „პუშკინცვენა“ დაარქვეს.
უნდა იდგეს თუ არა რუსი პოეტის ძეგლი თბილისის ცენტრში?
თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, პუშკინის და სხვა რუსი პოეტების ძეგლები საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიდგა, რომ საქართველო დაიპყრო ჯერ რუსეთმა, შემდეგ კი რუსეთის კომუნისტურმა იმპერიამ.
„ესაა დაპყრობის სიმბოლოები. ისინი არ დადგმულა ქართველების განსაკუთრებული სიყვარულის გამო პუშკინის ან მაიაკოვსკის შემოქმედებისადმი. საქართველოში არ დგას დანტეს, გოეთეს, ვიიონის, რილკეს თუ ეზრა პაუნდის ძეგლები, რადგან საქართველო ამ პოეტების ქვეყნებს არ დაუპყრია“, ამბობს ბექა მინდიაშვილი, თუმცა იქვე შენიშნავს:
„ამის მიუხედავად ესაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომლის ხელის ხლება და განადგურება ისტორიისადმი, კულტურისადმი, წარსულისადმი ვანდალური დამოკიდებულების გამომხატველია, ისევე როგორც მაგალითად, აშშ-ში, ვთქვათ, რასიზმში შემჩნეული მოღვაწეების ძეგლების დამხობაა ვანდალიზმი. წარსული ყოველთვის გვაძლევს შეტყობინებას, რომლის საფუძველზე აწმყოში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაცნობიერებთ საკუთარ თავს და გარემოს, ვიქმნით წარმოდგენას პოლიტიკაზე, კულტურაზე და ათას რამეზე. ძეგლები ამ შეტყობინების ნაწილია, ესაა ჩვენი ცოდნის ნაწილი, რაც მაინცდამაინც დადებით შინაარსს შეიძლება არც შეიცავდეს, არამედ იყოს უკიდურესად კრიტიკული“.
რა ვუყოთ პუშკინის ძეგლს? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ იურისტს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელს, ზაზა ბიბილაშვილსა და ფილოსოფოსს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მაისურაძეს მიმართა.
ზაზა ბიბილაშვილი: „ძეგლები მხოლოდ წარსულს არ ასახავს. ძეგლებს უდიდესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დანიშნულება გააჩნია აწმყოში. ზუსტად ამიტომ ჰქონდა რუსეთს ასეთი მკვეთრი რეაქცია საბჭოთა მონუმენტების აღებაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მათი აღებით, რუსული ისტორიული ნარატივის დელეგიტიმაცია ხდება. წყალში იყრება ათწლეულების პროპაგანდა და ძალისხმევა.
ახლა ამავე თვალით შევხედოთ თბილისის გულში მდგომ პუშკინის ბიუსტს - თანამედროვე თბილისში დადგმულ პირველ ძეგლს. რას განასახიერებს ის? რა განწყობას ქმნის? რა ემოციას აღვიძებს? რას გვეუბნება? საით მივყავართ?
პუშკინის ძეგლი სიმბოლოა რუსულ-ქართული „ძმობისა“, ანუ იმთავითვე მავნე რელსებზე გადაჰყავს მნახველი. მისი ნახვისას, უნდა ვიფიქროთ - შეიძლება მთავრობებმა რაღაც ვერ მოილაპარაკეს, მაგრამ ჩვენი ხალხები მუდამ ახლოს იყვნენ. პუშკინის ძეგლი ამყარებს აწ უკვე დისკრედიტებულ მითს ორი რუსეთის შესახებ - რომ შეიძლება რუსეთის ხელისუფალი ცუდია, მაგრამ არსებობს სხვა, მეორე, ჰუმანური და ცივილიზებული - „პუშკინისა და დასტაევსკის“ - რუსეთიც („დასტაევსკი“, გრიბოედოვი, ლერმონტოვი და ტიუტჩევი რომ ჰუმანისტები ან ქართველთმოყვარენი ჰგონიათ, ეს ცალკე პრობლემაა და ამაზე აქ არ გავჩერდები). პუშკინის ძეგლი - ისევე, როგორც მტკვრისა და არაგვის შესართავთან წამოჭიმული ლერმონტოვის ქანდაკება - ემსახურება იმ განწყობის შექმნას, რომ სინამდვილეში რუსებს ქართველები უყვართ („აქ ცხოვრობდნენ“, „ლექსებს წერდნენ ჩვენზე!“) და ემსახურება ისეთი ქართველის გამოზრდა-გამოძერწვას, რომელიც რუსის შექების მოლოდინში მუდამ იმღერებს, იცეკვებს, დააცხობს ხაჭაპურს და დაელოდება საკუთარი ილუზორული უპირატესობის რეალიზებას და, ამასობაში, ვერასდროს ჩამოყალიბდება თავმოყვარე მოქალაქედ, რომელიც ძლიერ, წარმატებულ სახელმწიფოს შექმნის.
შეიძლება ვინმემ თქვას, რამსიშორეს წავიდაო, მაგრამ სწორედ ასეა. სიმბოლოებს თავისი როლი აქვს აზროვნების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი განწყობების ფორმირებაში. სანამ თბილისის ცენტრში პუშკინის ძეგლი დგას, იარსებებს გრუზინიც. ქართველი არა, სწორედ გრუზინი. ამიტომ, თუ მაინცდამაინც, მისი ადგილი ისტორიის მუზეუმშია“.
გიორგი მაისურაძე: "საქმე ეხება არა უბრალოდ კითხვის დასმას, უნდა იყოს თუ არა თბილისში პუშკინის ძეგლი (ასეთი კითხვა ლეგიტიმურია ნებისმიერ ძეგლთან მიმართებაში), ან ვის რომელი პოეტი მიაჩნია უკეთესად, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად უადგილოა, არამედ საქართველოს ისტორიის გადაკეთებასა და დამახინჯებას მისი არცოდნისა და ვერგაგების საფუძველზე. ისტორიის ამგვარი გადაკეთება-დამახინჯების ტენდენცია მოტივირებულია არა მხოლოდ უმეცრებით, არამედ კიდევ უფრო მეტად რესენტიმენტით, საკუთარი ამჟამინდელი პრობლემების მუდამ სხვებზე გადაბრალებით, კულტურულ სიმბოლოებზე შურისძიებით. შესაბამისად, თანამედროვე ნაციონალისტური ხედვიდან ქართული კულტურის და საქართველოს ისტორიის გაწმენდა „უცხო“ ელემენტებისგან, რაც არა მხოლოდ ისტორიის დამახინჯებაა, არამედ სრული თვითპროვინციალიზაციაც. ეს საკმაოდ ძველი ტენდენციაა, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და მისი შედეგები ქართული კულტურის სულ უფრო მეტად გაპროვინციულება და გაღატაკებაა, მისი დაყვანა ეთნოცენტრისტულ ორღობემდე."
პუშკინი თბილისში
ალექსანდრე პუშკინმა თბილისში სულ სამ კვირამდე დაყო: 1829 წლის 26 მაისიდან 10 ივნისამდე არზრუმის გზაზე და, არზრუმიდან დაბრუნებისას 1 აგვისტოდან 6 აგვისტომდე, რაც აღწერა კიდეც თავის ნაწარმოებში „მოგზაურობა არზრუმში 1829 წლის ლაშქრობის დროს.“
პოეტი გვიამბობს, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში თბილისში გაიცნო „იქაური საზოგადოება“ და მასთან ბაღებში მუსიკით თავის შექცევით და ქართული სიმღერებით დრო გაატარა, თუმცა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დამფუძნებელი, მწერალი გიორგი ლეონიძე გაკვირვებულია, რომ თავის მგზავრობის წერილებში პუშკინი არსად იხსენებს ამ საზოგადოებას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ „თბილისის უწყების“ გამომცემელ სანოვსკის („მესამე განყოფილების“ საიდუმლო აგენტს) და გენერალ სტრეკალოვს.
„ნუთუ ამ შეხვედრებით ამოიწურებოდა მაშინდელი თბილისის ქართულ-რუსული საზოგადოება, ან პოეტის ინტერესი ამ სულ ახლახან შემოერთებული ქვეყნის მიმართ, რომელიც ასე იტაცებდა მუდამ პოეტის შთაგონებას?“ - კითხულობს გიორგი ლეონიძე 1936 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, - „თავაზიანი და მხიარული საზოგადოება“ - ასე ახასიათებს პუშკინი თბილისის საზოგადოებას. ნუთუ ამ საზოგადოებას შეადგენდა მხოლოდ სანოვსკი, სტრეკალოვი, ან ის ახალგაზრდა „ტიტულიარნი სოვეტნიკები“, რომელნიც პუშკინისავე სიტყვით საქართველოში ასესორის ჩინებისთვის მოდიოდნენ და რომელნიც საქართველოს უყურებდნენ, როგორც „განდევნის ადგილს“? ნუთუ ეს მგლეჯელები, მექრთამეები, მძარცველი ინტენდანტები, ქართველი ხალხის სისხლში გასვრილი საზოგადოება იყო ერთადერთი მასპინძელი პოეტის თბილისში?“
„არზრუმის ლაშქრობაში“ პუშკინი აქებს ქართველობას „მეომრობისთვის“, „ვაჟკაცობისთვის“, რაც ქართველებს კიდევაც დაუმტკიცებიათ ჩვენი დროშების ქვეშაო, მათ გონებრივ ნიჭიერებას დიდი დიდი მომავალი აქვსო“, მაგრამ როგორც გიორგი ლეონიძე შენიშნავს, ამაზე გაცილებით მეტს ხშირად სწერდნენ და ლაპარაკობდნენ უსახელო ევროპელი მოხელეები, ვაჭრები და მოგზაურები:
„თავის მგზავრულ აღწერილობაში პოეტის მხრივ სრულიად უგულებელყოფილია საქართველოს და მასთან ამიერ-კავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ინტერესი. პოეტი ხვდება მოწინავე ქართველებს და არას ელაპარაკება საქართველოზე, ხედავს გზად ქართულ დიდებულ ისტორიულ ძეგლებს - ანანურსა და სვეტიცხოველს და მათზე კრინტსაც არ ძრავს. ორი კვირაა თბილისში და ორ სიტყვასაც არ ამბობს ქართულ კულტურაზე, ქართულ მწერლობაზე იმ თბილისში, სადაც მაშინ ცხოვრობდნენ ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, ალ. ორბელიანი... მას მხოლოდ ერთი სიტყვა წამოსცდება ქართულ ნადიმზე, ქართულ მარანსაც ასახელებს, ქვევრების საზეიმო მოხდაც უნახავს, მაგრამ ვინ იყო იმ ნადიმზე, სად ნახა ქვევრის მოხდა, ვინ აჩვენა, - ამაზე სდუმს“.
ფრანგი მოგზაურის ვიქტორ ფონტენის თქმით, პუშკინი იმიტომ წავიდა არზრუმს, რომ ქება-დიდება ემღერა თავის თანამემამულეთა გმირობისთვის. ცნობილია, რომ „მოგზაურობა“ არსებითად არის ერთგვარი გამამართლებელი საბუთი და უარყოფა იმ ფაქტისა, თითქოს მოქმედ არმიაში ყოფნის დროს პუშკინმა დაწერა სატირა პასკევიჩზე (მგზავრობის დროს პუშკინი იყო ახალგათავისუფლებული მიხაილოვსოკოეს შინაპატიმრობიდან, რომელშიც 1826-1829 წლები გაატარა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მიერ შერისხულმა).
რუსეთის არმიის ოფიცერი უშაკოვი აღწერს 1829 წლის 14 ივლისის შეტაკებას, რომელშიც ბრძოლით აღტყინებული პუშკინი (შლაპით და ნაბდით), შუბს ართმევს მოკლულ კაზაკს და ცხენოსანი მტრისკენ მიექანება.
თუ არ ჩავთვლით ტფილისური აბანოებისა და ბაღებში ლხინის აღწერებს, პუშკინს საქართველო და ქართველობა (მათ შორის ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, ალ. ორბელიანი და სხვ), ფაქტობრივად არც დაუნახავს. რატომ? ქართველი საბჭოთა მკვლევრები პუშკინის „მხედველობის დეფექტს“ ასეთ ახსნას უძებნიან:
„არზრუმში ლაშქრობის“ დასაბეჭდად გამზადებული ტექსტი 1835 წარედგინა ცენზურას, ამ დროს უკვე შერისხული არიან 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები - საქართველოს მაშინდელი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები, სავარაუდოდ პუშკინის თბილისელი მასპინძლები. მათზე - სახელმწიფო დამნაშავეებზე წერა, თვითონაც პოლიტიკურად დევნილი პუშკინისთვის ყოვლად შეუძლებელი ამბავი იქნებოდაო, - წერს გიორგი ლეონიძე, - აი, რა უნდა იყოს, ჩვენის აზრით - მიზეზი ქართული ამბების, ქართველი საზოგადოების და მისი წევრების სრული იგნორაციისა“.
ალექსანდრე პუშკინის გარდა თბილისში დგას სხვა რუსი მწერლების - ალექსანდრე გრიბოედოვის, მაქსიმ გორკისა და ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლები. თბილისის მახლობლად კი, იქ „სადაც და-ძმურად ხელგარდახვევით შეერთებულა არაგვი, მტკვარი“, ასევე დგას მიხეილ ლერმონტოვის ძეგლიც.