Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ევროპარლამენტარების თხოვნით შეწყვიტა - ხაჭაპურიძე


მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი

პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შიმშილობა ევროპარლამენტარების თხოვნით შეწყვიტა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილმა მას ეს წერილით აცნობა.

ყოფილი პრეზიდენტის წერილი კლინიკა "ვივამედიდან" გამოსულმა კიდევ ერთმა ადვოკატმა წაიკითხა:

"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს.

ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიო საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია".

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე ადვოკატმა რამდენიმე საათით ადრე, "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პროტესტის ამ ფორმას ყოფილმა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიმართა, რაც მის საქმეზე სასამართლო სხდომაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG