დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს განიხილავს იმის პირველ მაგალითად, თუ როგორ იყენებს რუსეთი "კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურების ოპერაციის სტრატეგიულ კონცეფციას", რომელიც მისი სამხედრო დოქტრინის ნაწილია.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთის კონცეფცია ითვალისწინებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებს არა მოწინააღმდეგე ქვეყნის სამხედრო ძალების პოზიციებზე, არამედ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, რათა გამოიწვიოს მოსახლეობის დემორალიზაცია და საბოლოოდ, სახელმწიფოს ლიდერებს კაპიტულაცია აიძულოს.
ბრიტანულ დაზვერვას ეჭვი ეპარება, რომ ამ კონცეფციას უკრაინაში ექნება რუსეთისთვის სასურველი ეფექტი, რადგან მან უკვე დახარჯა შორ მანძილზე შეტევებისთვის საჭირო ფრთოსანი რაკეტების დიდი ნაწილი. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის შეფასებით, დარტყმების მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტიც ნაკლები იქნება, ვიდრე, მაგალითად, ომის საწყის ეტაპზე იქნებოდა, რადგან 9 თვის განმავლობაში უკრაინამ მობილიზება შეძლო.