ექვსი წელია საქართველოში მიმდინარეობს კვლევა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობის პროცესში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის უსაფრთხოებას და მასთან ერთად ეფექტიანობას იკვლევს. კვლევაში, რომლის ავტორიც „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრია“, ამ წლების განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო აუტისტური სპექტრის მქონე 300-მდე ბავშვმა და მოზარდმა როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან. ანუ, მათ უკვე ჩაუტარდათ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მანიპულაცია. როგორც მარდალეიშვილის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ლოლაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველოში მიმდინარე კვლევა არ არის რომელიმე საერთაშორისო კვლევის ნაწილი, ის დამოუკიდებლად მიმდინარეობს და კვლევის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ერთ წელში დასრულდება, როდესაც კვლევაში მონაწილე პაციენტების რიცხვი 350-ს მიაღწევს.
ამ ეტაპზე, მსოფლიოში არ არსებობს არცერთი დასრულებული კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობისა და მართვის პროცესში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, აუტიზმის სიმპტომების ცვლილების შესაძლებლობაზე, კვლევების ჩატარების ნებართვა პირველად ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2012 წელს გასცა. როგორც აშშ-ში, ისე ჩინეთსა თუ ინდოეთში მიმდინარე კვლევების პირველმა ფაზებმა, რომლებიც მეთოდის უსაფრთხოებას და შემდეგ უკვე ეფექტიანობას იკვლევდა, აჩვენა, რომ რიგ შემთხვევაში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ამ დრომდე, თერაპიის ეფექტიანობამ მყარი კვლევითი საფუძველი ვერ მოიპოვა, რადგან აუტიზმი, რთული ნეიროგანვითარებითი დარღვევაა და როგორც დარგის სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, არავინ იცის ჭიპლარის სისხლიდან აღებულმა ღეროვანმა უჯრედებმა როგორ უნდა მოახდინოს თავის ტვინში არსებული კავშირების გაუმჯობესება.
დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 14 კვლევა მიმდინარეობს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების მართვის პროცესში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ეფექტიანობას იკვლევს. მათ შორისაა, ჩრდილოეთ კაროლინაში, დიუკის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევაც, რომლის ავტორიც, პედიატრიის პროფესორი, ჯოან კურცბერგი, კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციამ გარკვეული სარგებელი მოიტანოს აუტიზმის მკურნალობის პროცესში.
ლუკა, რომელსაც ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს
ლუკა 13 წლისაა. თითქმის ერთი წელია მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ოჯახი ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია. ლუკას დედამ, ქრისტინე ბურდულმა, მას შემდეგ გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა, რაც მიხვდა, რომ აქ შვილისთვის, რომელსაც მძიმე ხარისხის აუტისტური სპექტრი აქვს, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებდა. თუმცა, სანამ საქართველოდან წავიდოდა, ქრისტინემ ლუკასთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ პროცედურის შესახებ ქრისტინემ ჯერ კიდევ 2015 წელს, აუტისტური სპექტრის მქონე სხვა ბავშვების მშობლებისგან შეიტყო. ერთ-ერთ ცენტრში, სადაც ლუკა თერაპიის მორიგ სეანსს იტარებდა და ქრისტინე შვილს ფოიეში ელოდებოდა, მშობლების დიალოგს მოკრა ყური, რომლებიც მექსიკაში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობის პროცესში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდს განიხილავდნენ. ერთ-ერთი მშობელი ბავშვის მექსიკაში წაყვანას გეგმავდა.
ქრისტინე დაინტერესდა და დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ნაცნობ ექიმებთან, მათ შორის ნეიროქირურგებთანაც შეეცადა. თუმცა, დადასტურებული პასუხი, რომ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ მისი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, ვერ მიიღო.
ქრისტინემ მალევე შეიტყო, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა საქართველოშიც ტარდებოდა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა. საბოლოო გადაწყვეტილებაზე პანდემიამ იმოქმედა, როდესაც ლუკას ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და დედამ ამ შანსის გამოყენება სცადა:
„ყველაფერი რომ ჩაიკეტა, ბავშვის მდგომარეობა გართულდა და ვერანაირი საშველი ვეღარ ვნახე. ვერც ასისტენტი მოვიძიე, ვერც სპეცპედაგოგი, ვერც გადამზადებული ძიძა. ლუკას მდგომარეობა განსაკუთრებულია, ურთულესი ხარისხის აუტიზმი აქვს. ჩვეულებრივი ძიძები გაგვირბოდნენ, რადგან ბავშვი აგრესიული იყო. ვიფიქრე, თუკი 100%-ით უსაფრთხო იქნება ეს პროცედურა, იქნებ, ამან მაინც გაამართლოს-მეთქი“.
ლუკას ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა 2021 წლის 16 ივლისს ჩაუტარდა. ბიჭი მაშინ 11 წლის იყო. ექიმებმა ღეროვანი უჯრედები ბავშვის მენჯიდან, ძვლის ტვინიდან ამოიღეს და ხერხემალში გადაუნერგეს. ქრისტინე ბურდული რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის არ იყო სრულყოფილად ინფორმირებული, რომ მისი შვილი კლინიკური კვლევის ნაწილი იყო.
„არ მახსოვს, რომ რაიმე საბუთს მოვაწერე ხელი, რომელიც მამცნობდა, რომ მონაწილეობას ვიღებდით კვლევაში. იცით როგორ მითხრეს, რომ ეს კვლევა იყო? - ეს კვლვევა კი არ არის, მაგრამ კვლევაა, იმიტომ, რომ არ გვაქვს 100%-იანი შედეგი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, აუცილებლად დადგება დრო, მედიცინა წავა წინ, ეს მეთოდი კიდევ უფრო დაიხვეწება და მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა. თუმცა, მითხრეს, რომ შედეგი აუცილებლად დადგებოდა და ამის 20%-იანი შანსი არსებობდა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ლუკას აგრესია შემცირებულიყო. იმ პერიოდში ძალიან აგრესიული იყო და სერიოზული ქცევითი აშლილობა ჰქონდა. ჩემი კითხვაც და თხოვნაც ექიმების მიმართ იყო, რომ ამ კუთხით თუ იქნებოდა შედეგი, რადგან მე არც მისი მათემატიკა და უცხო ენა მაინტერესებდა და არც სხვა რამ. მთავარი იყო, რომ ბავშვი ყოფილიყო მშვიდად, არ ჰქონოდა თვითდაზიანებები. პასუხად მივიღე, რომ თავად დავინახავდი შედეგს“.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ ლუკას მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. სიტუაცია უცვლელი დარჩა. ქრისტინე ბურდული, რომელიც ახლა კლინიკასთან სამართლებრივ დავას აპირებს, ამბობს, თუკი მისი შვილი კვლევის მონაწილე იყო, რატომ არ დაინტერესდნენ ექიმები ბავშვის შემდგომი მდგომარეობით, რა გავლენა იქონია ღეროვანი უჯრედების გადანერგვამ მის ჯანმრთელობაზე?
„რაღაც დაკვირვება ხომ მაინც უნდა ეწარმოებინათ? არა, არანაირი დაკვირვება და კვლევა არ ყოფილა და არც არანაირი ყურადღება. მედიცინას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მორალური კუთხით. პირველი რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რომ მართლა რაღაც შეიცვალა, რადგან თითქოს ბავშვი უფრო დამშვიდდა, თითქოს უფრო ლაღი იყო. თუმცა, ერთ კვირაში ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა, როგორც ოპერაციამდე. როდესაც ექიმებს ვეკითხებოდი დეტალებს, მათგან გულგრილობა დავინახე, პასუხსაც არ მცემდნენ ადეკვატურს. მითხრეს, რომ ჯერ მხოლოდ ერთი პროცედურა გვაქვს გაკეთებული და მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა გაკეთდეს, რომ შედეგი მივიღოთო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენთან ეს პროცედურა ფულის კეთების კარგი ვარიანტია და მეტი არაფერი“.
ქრისტინე ბურდული ამბობს, რომ გადანერგვის ღირებულებამ და წინასაოპერაციო კვლევებმა ჯამში 10 000 ლარამდე შეადგინა.
რას ამბობს „მარდალეიშვილის მედიცინის ცენტრი“?
კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ლოლაძე, რადიო თავისუფლებას აჩვენებს იმ 12-გვერდიან დოკუმენტს - ინფორმირებულ თანხმობას, რომელსაც მისი თქმით, პაციენტების მშობლები ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურამდე აწერენ ხელს.
ის ამტკიცებს, რომ ყველა მშობელი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების მშობლები, სრულად არიან ინფორმირებულნი, რომ მათი შვილები საქართველოში მიმდინარე დამოუკიდებელი კვლევის მონაწილეები არიან, კვლევის, რომლის სახელწოდებაცაა „აუტისტური სპექტრის ბავშვებში აუტოლოგიური ჭიპლარის სისხლის ან ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება“.
„კვლევაში ჩართვა ხდება მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. მშობელთან იდება ხელშეკრულება, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი, რა კეთდება, რას ველოდებით თეორიულად, რა გართულება შეიძლება მოხდეს. ის, რომ ეს პროცედურა კვლევის ნაწილია და შესაძლოა, მას საერთოდ არ ჰქონდეს ეფექტი. ამ ყველაფერზე მშობელი ინფორმირებულია და ის ამ დოკუმენტს აწერს ხელს“.
რაც შეეხება კითხვას, როგორ მიმდინარეობს კვლევაში ჩართული პაციენტების შემდგომი დაკვირვების პროცესი, გიორგი ლოლაძე გვპასუხობს, რომ კვლევის ამ ნაწილში ისინი გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან:
„დაკვირვება ყველაზე დიდი პრობლემაა. ძალიან გვიჭირს იმ ბავშვებზე დაკვირვება, სადაც დადებითი შედეგი არ დადგა. ბავშვი ვეღარ მოგვყავს დამატებითი კვლევებისთვის. როდესაც მშობელი ხედავს, რომ შედეგი არ დადგა, ისინი აღარ თანხმდებიან კლინიკაში მოსვლას. მაგრამ იქ, სადაც ოდნავ მაინც გვაქვს დადებითი შედეგი, მათგან ამ ინფორმაციას ვიღებთ. არიან ბავშვები, რომლებმაც უკვე მესამედ ჩაიტარეს ეს პროცედურა. სრული ეფექტის მისაღებად, სამი პროცედურაა საჭირო, ყოველ ექვს თვეში ერთხელ“.
გიორგი ლოლაძის თქმით, კვლევის ჩატარების დაწყების დღიდან, ღეროვანი უჯრედის გადანერგვის პროცედურა უკვე 300-მდე, 4-დან 14 წლამდე ბავშვს აქვს ჩატარებული და კლინიკას პაციენტები მიმართავენ როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან. როგორც ის ამბობს, გადანერგვის პროცედურებს გართულებები, პრაქტიკულად, არ მოჰყოლია:
„ყველა სამედიცინო მანიპულაციას, მაგალითად, თუნდაც სტომატოლოგთან ვიზიტსაც შეიძლება მოჰყვეს გართულება. მათ შორის, ცხადია, ამ პროცედურასაც და მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ფატალურიც. საბედნიეროდ, ამ დრომდე, არანაირი მძიმე გართულება არ გვქონია. ერთ ბავშვზე გვქონდა ტემპერატურის მატება, რომელიც ჩარევის გარეშე ალაგდა ორ-სამ დღეში. ერთ ბავშვთან იყო ეპილეპტიური გულყრა, რომელიც მანამდეც ჰქონდა და განმეორდა ამ პროცედურის შემდეგ. სხვა გართულება არ გვქონია“.
რაც შეეხება პროცედურის ეფექტიანობის მაჩვენებელს, გიორგი ლოლაძე გვპასუხობს, რომ ამ კითხვაზე, ამ ეტაპზე, ზუსტი პასუხი არ აქვს და შედეგები, მხოლოდ კვლევის დასრულების, სტატისტიკის გაანალიზების შემდგომ იქნება შესაძლებელი:
„მე მაინც საბოლოო შედეგებს ველოდები, როდესაც მეცნიერულად დავთვლით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, გვყავს პაციენტები, რომლებმაც სრული სოციალიზაცია განიცადეს და სკოლაში დადიან, კითხულობენ, წერენ და ბევრად უკეთ გრძნობენ თავს. გვყავს ბავშვები, სადაც საშუალო შედეგი მივიღეთ და გვყავს ბავშვები, სადაც ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ გართულება პრაქტიკულად არ გვქონია. დიუკის უნივერსიტეტში, ჯოან კურცბერგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით მაღალი IQ-ს მქონე აუტისტური სპექტრის ბავშვებში გაცილებით უკეთესი შედეგი იქნა მიღწეული. ჩვენც, როდესაც ჩვენი კვლევის სტატისტიკურ ანალიზს გავაკეთებთ და გამოვაქვეყნებთ სტატიას სამეცნიერო ჟურნალში, უფრო ზუსტად ვნახავთ, როგორი იქნება შედეგები“.
როგორც გიორგი ლოლაძე გვიხსნის, თუკი აშშ-ში, დიუკის უნივერსიტეტში, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება ინტრავენური გზით, საქართველოში ეს პროცედურა ტარდება ინტრათეკალური მეთოდით, ანუ უჯრედები გადაინერგება პაციენტის ხერხემლის არხში:
„ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს. და ამიტომ ველოდებით კიდევ უფრო კარგ შედეგებს, ვიდრე დიუკის უნივერსიტეტს აქვს, რადგან მათ ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ ინტრავენურად, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ ისინი შევიყვანოთ ინტრათეკალურად, რადგან ამ უჯრედებმა გავლენა უნდა მოახდინოს ტვინის ნერვულ ქსოვილზე და ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება, ისინი პირდაპირ მივიტანოთ იქ, სადაც მათი მოხვედრის საბოლოო მიზანია“.
კლინიკურ კვლევაში ჩართული პაციენტებს ექიმები მხოლოდ აუტოლოგიურ ანუ, საკუთარ ღეროვან უჯრედებს უნერგავენ. ამ მანიპულაციის დროს არ გამოიყენება, სხვისი, ალუგენური უჯრედები. როგორც გიორგი ლოლაძე გვიხსნის, თუკი მშობელს არ აქვს შენახული ბავშვის ჭიპლარის სისხლი, მაშინ ღეროვან უჯრედებს მენჯიდან, პაციენტის ძვლის ტვინიდან იღებენ. მისივე თქმით, გადანერგვის პროცედურა ერთი დღის განმავლობაში გრძელდება, 24 საათის შემდეგ კი პაციენტი ტოვებს კლინიკას.
რა პერიოდში შეიძლება დადგეს ან არ დადგეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მიღებული შედეგი? ამ კითხვაზე გიორგი ლოლაძე გვპასუხობს:
„ამის თქმა მიჭირს. ის ეფექტი რომ მივიღოთ, რასაც ველოდებით, ამას თვეები სჭირდება, ალბათ ორი-სამი თვე მაინც, რადგან ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, ხდება თუ არა ამ უჯრედების ჩანერგვა დაზიანებულ ადგილას და გარდაქმნა ნერვულ ქსოვილად. თუ ეს უჯრედი გამოყოფს ციტოკინებს და ისინი ახდენენ დადებით გავლენას სხვა დანარჩენ დაზიანებულ უჯრედებზე. ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია და ითხოვს უფრო დაწვრილებით კვლევას. მაგრამ ეფექტის მიღებას 2-3 თვე მაინც სჭირდება. გვქონია შედეგები მეორე დღესვე, რომელიც შემდეგ გადის. ეს ძალიან ხშირია და ესეც აუხსნელია ჯერ. ძალიან ბედნიერია ხოლმე მშობელი, რადგან ბავშვი მეორე-მესამე დღეს უკვე კარგად გრძნობს თავს, მაგრამ როგორც წესი, ეს ეფექტი იკარგება და 2-3 თვის შემდეგ ხდება რეალური ეფექტის მიღება“.
გიორგი ლოლაძის თქმით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდი, რომელიც დღეს მხოლოდ კვლევის პროცესშია, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა არ უნდა აღიქვან, როგორც აუტიზმისგან განკურნების გზა:
„ეს მეთოდი არ არჩენს აუტიზმს. ამიტომაც მიდის კვლევა, რათა საბოლოოდ გაირკვეს, რამდენი პროცენტით შეიძლება ამ მეთოდმა გააუმჯობესოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანის მდგომარეობა. ჩვენ ველოდებით, რომ შედეგი იქნება 20%-ზე მეტი. ნეიროგანვითარების ცენტრებს, რომლებიც ბავშვებს თერაპიას უტარებენ, ჰგონიათ, რომ მათ საქმეში ვერევით. არა, პირიქით, არაფრით არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მეთოდით შეიძლება ბავშვის განკურნება. არა, ეს არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, რომ ის მკურნალობა, რაც ბავშვს სჭირდება, ფსიქიატრები იქნება თუ ნეიროგანვითარების ცენტრის თანამშრომლები, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სხვანაირად ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ“.
ლუკას დედის, ქრისტინე ბურდულისგან განსხვავებით, გიორგი ლოლაძე ამბობს, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ღირებულება შეადგენს 5 000 – 6 000 ლარს. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კლინიკა მშობლებისგან იღებს მხოლოდ ხარჯების საფასურს და ისინი მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი:
„ცუდი ინტერპრეტაცია მიეცა ამ ყველაფერს, რომ ეს არის ფულის კეთების გზა და მშობელი ამაში იხდის დიდ ფულს. დიახ, ეს არის ფასიანი კვლევა და ამის საშუალებას კანონმდებლობა გვაძლევს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ჩვენი ხარჯებით ჩავატაროთ გადანერგვა, რადგან ეს ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური პროცედურაა. ჩვენ მშობლისგან ვიღებთ მხოლოდ დანახარჯის დასაფარ თანხას. ეს პროცედურა ჯდება 5000-6000 ლარამდე. ამით ხდება კლინიკის ხარჯების დაფარვა და ამის უფლებას გვაძლევენ საერთაშორისო ეთიკური კომისიები. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ კვლევაში მონაწილეობა იყოს დაფინანსებული სპონსორების მიერ, მაგრამ სპონსორი ვერ მოიძებნა. ამ ტიპის კვლევებს ჰქვია ფასიანი კვლევა და ამის უფლება კანონმდებლობით გვაქვს, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს მოგების უფლება. კანონმდებლობა და ეთიკური წესები გვიკრძალავს მოგების ნახვას ასეთ კვლევაში“.
რაც შეეხება კითხვას, კლინიკური კვლევის ჩატარების უფლების მოპოვების შესახებ, გიორგი ლოლაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამ უფლების მოსაპოვებლად, კლინიკას არ სჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ნებართვა და ამისათვის საკმარისია კლინიკის ეთიკური კომისიის დასკვნა, რომელიც მათ აქვთ:
„მაგალითად, წამლის კვლევა რეგულირდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გასცემს უფლებას პრეპარატის კვლევაზე. ჩვენი კვლევა არ შეეხება პრეპარატს. ეს არის მეთოდის კვლევა. ამ მეთოდის საკვლევად ვიყენებთ პაციენტის საკუთარ უჯრედებს, მინიმალურად მანიპულირებად უჯრედებს და ამიტომ ჩვენი კანონმდებლობით არ გვჭირდება რეგულირების სააგენტოს თანხმობა. ჩვენ ყველა იმ პირობას ვიცავთ, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებითაა გათვალისწინებული, რადგან თუკი ჩვენ ამ პირობებს არ დავიცავთ, კვლევის შედეგებსაც ვერ გავაზიარებთ და მათ არავინ აღიარებს“.
ამავე კითხვით რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, კითხვაზე, საქმის კურსშია თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ მიმდინარე კლინიკური კვლევის შესახებ და ხდება თუ არა პროცესის მონიტორინგი, პასუხი ვერ მივიღეთ.
რას ფიქრობენ ნევროლოგები?
მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „გამას“ დირექტორი, წლებია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქარველოში მიმდინარე კლინიკური კვლევა დაფუძნებულია ინვაზიურ მეთოდზე, ანუ ხდება ფიზიკური ჩარევა, მაია გაბუნია თვლის, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ როგორც ექიმები, ისე პაციენტების მშობლები.
გარდა ამისა, მისთვის უცნობია ისიც, თუ როგორ აისახება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა პაციენტის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
„კვლევები, რომლებიც ამ საკითხზე ტარდება, არის ხანმოკლე. ანუ არ გულისხმობს იმის გამოკვლევას, თუ რა ხდება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებით რაიმე დასკვნის გაკეთება, თან როდესაც ლაპარაკია ბავშვებზე, ნაადრევია. ასეთი ტიპის ჩარევა ძალიან სახიფათოა და ბევრი წესის დაცვას საჭიროებს. აუტიზმი, ეს არის ნეიროგანვითარებითი დარღვევა, ანუ თავის ტვინის დაზიანება მისი განვითარების რაღაც ეტაპზე, უმეტესად მუცლად ყოფნის პერიოდში. კითხვაზე, არის თუ არა ეს სტრუქტურული დაზიანება, თუ უფრო მეტად ფუნქციური დაზიანებაა, ამაზე დღესაც არ არის პასუხი და დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა, კამათი, კვლევები. და ახლა, ლაპარაკი იმაზე, რომ ღეროვანი უჯრედები შევა ბავშვის ორგანიზმში და შემდეგ ეს უჯრედი იქცევა ახალ უჯრედად, იმ უჯრედად, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის თავის ტვინში პრობლემურია და მას ჩაანაცვლებს, მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც სჭირდება ძალიან ბევრი და ხანგრძლივი კვლევა, რომელიც ჩატარდება სხვადასხვა ცენტრში და ის იქნება წარმართული ორმაგად ბრმა მეთოდით“.
ამავეს იმეორებს ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი საკუთარ პუბლიკაციაში, „ღეროვანი უჯრედების გადანერგვა აუტიზმის დროს: პანაცეა თუ ექსპერიმენტი?“. როგორც ის წერს, ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შორეული შედეგების შესახებ: „რატომ არის მნიშვნელოვანი მივადევნოთ თვალყური კვლევათა მსვლელობას და დავიცადოთ? – ზუსტად იმიტომ, რომ არ გავხდეთ უმწიფარი და ექსპერიმენტული მეთოდების მსხვერპლი და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეფექტურ თერაპიულ მეთოდებს მივანდოთ ჩვენი ბავშვების მომავალი“.
და-ძმის გადანახული ჭიპლარები ნიკოსთვის
მაია კუდავა რამდენიმე წელია ინახავს შვილების ჭიპლარების ღეროვან უჯრედებს "ჯეოქორდში", ღეროვანი უჯრედების ბანკში, ამისათვის ის ბანკში ყოველწლიურად 100 ევროს რიცხავს.
ღეროვანი უჯრედების შენახვა წლების წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ საზღვარგარეთ მიმდინარეობდა გამოკვლევები, რომელთა თანახმადაც, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად სწორედ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა განიხილებოდა. მისი შვილი, ნიკო, რომელსაც აუტისტური სპექტრის დიაგნოზი ჰქონდა, მაშინ 2-3 წლის იყო.
მაიამ გადაწყვიტა, რომ მომავალი შვილების ჭიპლარების ღეროვანი უჯრედები ნიკოსთვის შეენახა:
„როგორც კი ნიკოს დიაგნოზი დაისვა და დავიწყე ინფორმაციის ქექვა, მაშინ შევიტყვე ამ კვლევების შესახებ. ნიკოს და-ძმის ღეროვანი უჯრედებიც სწორედ ამ მიზნით შევინახე, რომ ოდესღაც, როდესაც კვლევების საბოლოო შედეგები იქნება ცნობილი, იქნებ გამოგვადგეს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერზე ნაფიქრი მაქვს, შენახული მაქვს ნიკოს და-ძმების ჭიპლარიდან აღებული სისხლი, მაინც ვერ გადავწყვიტე, რომ ეს პროცედურა ჩავუტარო შვილს. ძალიან ვენდობი ჩვენს ექიმს, რომელიც ამბობს, რომ სანამ არ დადასტურდება ამ მეთოდის ეფექტიანობა და უსაფრთხოება, ამ პროცედურას არ უნდა დავთანხმდე. ვიცი, რომ ეს თემა ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტის დონეზეა და ამ 9 წლის განმავლობაში, საქმე ვერ წავიდა ისე წინ, რომ გვითხრან, კი, უსაფრთხოა, ეფექტიანია და გადაუნერგეთ ბავშვს ღეროვანი უჯრედები“.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ცდები მიმდინარეობს ახალ პრეპარატსა თუ მკურნალობის ახალ მეთოდზე, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ყველა კვლევა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, განსაკუთრებით კი სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართულობით მიმდინარე გამოკვლევები, აუცილებელია რეგულირდებოდეს როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმებით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მონაცემებით, ყოველ 100 ბავშვში, ერთს აუტიზმის სპექტრი აქვს.