Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიჭვინთის“ შესახებ კანონპროექტები დე ფაქტო პარლამენტში შევიდა


რუსეთის სახელმწიფო დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო დროშა"
რუსეთის სახელმწიფო დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო დროშა"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტები შევიდა. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივი ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იუწყება.

ეს არის მიმდინარე წლის 19 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“, რომელიც მოითხოვს ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირებას.

დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ დე ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვეს, ე.წ. პარლამენტიდან გაეწვია კანონპროექტი, დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს კი მიმართეს, არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.

ხელისუფლებას შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაც შესთავაზეს. მათ შორის, დაზუსტებულიყო დოკუმენტში შეცდომით მითითებული კოორდინატები, ასევე მასში შესულიყო პუნქტი მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის თავიდან აცილების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მისი რატიფიცირების შემდეგ. საკითხი რუსეთის სახელმწიფო დუმაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმაც განიხილეს.

სარატიფიკაციო დოკუმენტში ნათქვამია, რომ მას ძალა 2023 წლის 1 ივნისიდან დაეკარგება და რეკომენდებულია, რომ ე.წ. პრეზიდენტმა, მინისტრთა კაბინეტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადონ შეთანხმებაში ცვლილებები და მოლაპარაკება აწარმოონ მოსკოვთან. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ობიექტის გადაცემის შესახებ აქტი და იჯარის ხელშეკრულებები არ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე.

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი გამოქვეყნდა - ეს არის კანონპროექტი, რომელიც მესამე პირებისთვის ობიექტების გადაცემის აკრძალვისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების გარკვევის ხელშეკრულებაში ინიციატივების შეტანის შეთანხმების გარდა, შეიცავს პუნქტს ბიჭვინთაში მდებარე შენობების, ნაგებობების და ობიექტების ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ, შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში.

ტელეგრამის არხ D News-ის ცნობით, დაგეგმილია ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთის კანონში „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებაც“, რომელშიც ნათქვამია:

„აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება აზიანებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი საბჭოს წევრმა, „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ომარ სმირმა პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე კომენტარი გააკეთა.

„ფაქტობრივად, ორივე კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ განხორციელდება გათვალისწინებული ღონისძიებები (რომლებიც საკონსულტაციო ხასიათისაა), მაშინ კანონები წყვეტს მოქმედებას, რაც ხელშეკრულების დენონსაციას გულისხმობს“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

„რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს კანონპროექტების ავტორების განზრახვა, შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების 26-ე პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა არ იწვევს ობიექტზე საკუთრების შეწყვეტას. შესაბამისად, არ არსებობს ვარიანტი, რომლითაც ხელშეკრულების რატიფიცირება, შემდეგ კი მასში ცვლილებების შეტანა მოხდება, ხოლო თუ ცვლილებები არ განხორციელდება, ხელშეკრულება წყდება და კომპლექსი დაბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებაში. მიმაჩნია, რომ შეთანხმება, რომელშიც შეცდომები და უზუსტობებია, საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტმა სახალხო კრებიდან უნდა გაიწვიოს“, - წერს ომარ სმირმა.

იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტის ნახვა „რუსეთის საელჩოს“ ვებგვერდზეა შესაძლებელი. დოკუმენტი სექტემბერში გამოქვეყნდა.

ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა), აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.

მიწის ნაკვეთები, მასზე მდებარე ობიექტებით და ობიექტის მიმდებარე ზღვის მონაკვეთით, რუსეთის მხარეს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა, თითოეული ნაკვეთისთვის რუსეთი წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.

იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობის წარმოების უფლება აქვს. აშენებულ შენობა-ნაგებობებზე, ობიექტებზე საკუთრების უფლება რუსეთს ეკუთვნის.

დოკუმენტის თანახმად, რუსულ მხარეს შეუძლია ობიექტები, მიწის ნაკვეთები და ზღვის მონაკვეთი სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და ასევე მათ დასასვენებლად გამოიყენოს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება იდება 49 წლით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 15 წლის განმავლობაში, თუ ერთი მხარე მეორეს წერილობით არ აცნობებს მისი შეწყვეტის სურვილის შესახებ, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა ამ შემთხვევაში არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG