ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ორშაბათს, 21 ნოემბერს, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის ყველა წევრს მოუწოდებს, "მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, ტერორისტული სახელმწიფოა".
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის საკითხზე.
"რუსეთის ხელმძღვანელები ნამდვილი ტერორისტებივით მოქმედებენ, უპრეცედენტო ბარბაროსობის დემონსტრირებით - სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ისინი საერთაშორისო ტრიბუნალებზე უნდა გასამართლდნენ, როგორც ტერორისტები", - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა თავმჯდომარემ, ჟოელ გარიო-მაილიამმა.
მანამდე ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტებმა.
უკრაინა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ. აშშ-ის ადმინისტრაციაში ოქტომბერში განაცხადეს, რომ არ არიან მზად რუსეთის ცნობისთვის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად, რადგან, როგორც თეთრი სახლი მიიჩნევს, ასეთი აღიარება სრულად აღკვეთს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში. ამგვარი აღიარების წინააღმდეგ ახლახან გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.