Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თითქმის ყოველ ღამე ორკები მხვდებიან სახლთან" - რატომ ვერ იღებს ნატა ფერაძე დაზარალებულის სტატუსს?


ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი
ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ პოლიცია აჭიანურებს გამოძიებას მისი მანქანის დაზიანების ფაქტზე და ხელს აფარებს დამნაშავეებს, რომლთა ვინაობასაც არ უმხელს. ნატა ფერაძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე გამოძიებას სთხოვენ, ნატა ფერაძეს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რაც მას საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაიგებენ, ვინ არიან პირები, ვინც აქტივისტის მანქანა შეღებეს და ზედ უცენზურო სიტყვები დააწერეს. საქმეს ზემო ვერის პოლიციის განყოფილება იძიებს.

"დამირეკეს, დამიბარეს, ავედი ადვოკატთან ერთად და მითხრეს, რომ იმ ბავშვებს კარგი მშობლები აღმოაჩნდათ და მზად იყვნენ გადაეხადათ თანხა, თუკი დავწერდი ხელწერილს, რომ მათთან პრეტენზია არ მქონდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვინ ბავშვებზე მელაპარაკებოდნენ, ვინც კადრებში [ნატას სახლთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებში, სადაც ჩანს, როგორ ღებავენ კაპიუშონებიანი კაცები მის მანქანას - რ.თ.] ჩანს, ისინი ბავშვები არ იყვნენ. ვუთხარით, რომ დაზარალებულად ცნობას ველოდებით და არანაირ ხელწერილს არ დავწერდი, რომ პრეტენზია არ გვქონდა. მინდა დაზარალებულად ცნობა და საქმის მასალების გაცნობა - კარგიო, მითხრეს და იმის მერე ორ კვირაზე მეტი გავიდა", - უყვება ნატა ფერაძე რადიო თავისუფლებას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებთან თავისი კომუნიკაციის შესახებ.

"ზეპირი საუბრით, დაზარალებულად ცნობაზე პრობლემა არ არის და ხდება პროკურატურასთან შეთანხმება, მაგრამ ვინაიდან ეს გრძელდება ორი კვირაა, დღეს უკვე წერილობითად მოვითხოვეთ სტატუსის მინიჭება. გამომძიებლებმა გვითხრეს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან, მაგრამ მათ ვინაობას არ გვიმხელენ ამ სტატუსის არქონის გამო", - გვიხსნის ნატა ფერაძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

ნატა ფერაძის შეღებილი მანქანა
ნატა ფერაძის შეღებილი მანქანა

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, ნატა ფერაძე ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება საკუთარ სახლშიც კი არ არის დაცული იმის გათვალისწინებით, რომ სახლთან თითქმის ყოველდღე ხვდებიან "ორკები" - მას აქვს შეგრძნება, რომ პოლიციის უმოქმედობა დამნაშავეებს და მათ მოკავშირეებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევთ.

"რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება", - ამბობს ნატა ფერაძე.

"ჩვენ ამ მომენტზე დამატებით მოვითხოვთ გამოკითხვას პოლიციაში და ვნახოთ, შემდეგ რა იქნება", - გვეუბნება ნესტან ლონდარიძე ნატა ფერაძის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებზე.

ამ საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ნატა ფერაძე გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ უკვე მეორედ ლაპარაკობს საჯაროდ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პატრული გაქრა", მან 13 ნოემბერსაც გაავრცელა "ფეისბუკის" საშუალებით.

რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა გამომძიებელ ნიკა თავხელიძესაც - მან გვითხრა, რომ სატელეფონო საუბარში კომენტარს ვერ გააკეთებდა და შემოგვთავაზა, წერილობით მიგვემართა კითხვებით. რადიო თავისუფლებამ გამომძიებელს კითხვა გაუგზავნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რატომ დაჯღაბნეს აქტივისტის მანქანა?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:11 0:00

22 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო მის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთების პროცესი და შედეგი. ნატა ფერაძე ამას თბილისის მერის მიმართ კრიტიკასა და "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციას უკავშირებდა.

26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნატა ფერაძის მანქანაზე უხამსი წარწერების გაკეთება მასზე თავდასხმად შეაფასა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარწერები დატოვეს.

XS
SM
MD
LG