Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ და ამბობს, რომ არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს არაფერი ამის შესახებ. სააკაშვილის თქმით, "სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა."

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო", - წერს სააკაშვილი.

ინფორმაცია სააკაშვილის სავარაუდო მოწამლის შესახებ 19 ნოემბერს გავრცელდა. მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ვარაუდებს 20 ნოემბერს პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი არ იცნობენ "სააკაშვილის მოწამვლის დამადასტურებელ ოფიციალურ დასკვნას".

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

XS
SM
MD
LG