უკრაინის ხერსონის ოლქში რუსული ჯარებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 უკრაინელი გამნაღმველი და 4 დაიჭრა. ამის შესახებ 13 ნოემბერს, ღამით, მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ხერსონის ოლქის მცხოვრებნი გააფრთხილა, რომ ტერიტორიის დანაღმვის გამო სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ხერსონის ოლქის სოფელ ნოვორაისკში რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ ნაღმზე მსუბუქი ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ტიმოშენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან იმ ტერიტორიებზე, რომელთა შემოწმება დასრულებული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.