„დერეფანში ბნელა. 4-5 წლის ვარ. ვხედავ სიბნელეში ატუზულ მაღალ, ძალიან მაღალ კაცს, ჩემს მამინაცვალს, წვერით. ის მონსტრია. ასე იწყება ჩემი მახსოვრობა - მივდივარ დერეფანში, სამზარეულოსკენ, წყლის დასალევად. აქეთ-იქით ვიყურები შეშინებული, ვეძებ კაცს, მამინაცვალს, რომელიც უცნაურად მეხება ხოლმე და ვერ ვხვდები, რატომ“... ნინო 25 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს. ღრმა ბავშობიდან, წლების განმავლობაში, მამინაცვლის მხრიდან დამამცირებელი, სექსუალური მოპყრობის მსხვერპლი დიდხანს დუმდა.
ნინოს მამინაცვალს 2022 წლის 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება-გამოყენება-შენახვისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რას განიცდიდა და როგორ ეპყრობოდა დაზარალებულს მამინაცვალი მრავალი წელი, მოსამართლემ საბოლოოდ მაინც არ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი - სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლი, ანუ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და 56 წლის კაცს პატიმრობა მხოლოდ ოჯახში ძალადობისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებისთვის მიუსაჯა. ორი თვის წინ, ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც.
ამჯერად საქმე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. გადააკვალიფიცირებს თუ არა უზენაესი სასამართლო 56 წლის კაცის საქმეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით და გაუზრდის თუ არა მას პატიმრობის ვადას 5-დან 10 წლამდე, ეს რამდენიმე თვეში გაირკვევა.
ნინო ახლა 32 წლისაა. შფოთვით აშლილობას მედიკამენტების დახმარებით ებრძვის. ჯერ ისევ გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. ყველაზე უკეთ სახლში, დედასთან გრძნობს თავს. ცოტა ხნის წინ მუშაობა დაიწყო - დისტანციურად. ეს მისი პირველი სამსახურია.
შავი ქურთუკი აცვია, თავზე კაპიუშონი აქვს წამოფარებული და ყურსასმენები უკეთია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნინომ თავისი ამბავი მართალია ანონიმურად, მაგრამ მაინც საჯაროდ უნდა მოყვეს: „ორი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, შენი მამინაცვალი ციხეში იჯდება და შენ კი ამ ყველაფერზე საჯაროდ ილაპარაკებ, ამას ვერაფრით დავიჯერებდი. მაგრამ აი, ახლა აქ ვარ“, - მეუბნება ნინო, რომელიც პატარა ოთახში, მაგიდასთან ზის და ჯემპრის სახელოებს თითებისკენ ექაჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაბალ ხმაზე ლაპარაკობს, მისი სიტყვები გარკვევით ისმის. ნინო ლაპარაკობს მშვიდად. მონოტონურად.
მამინაცვალი - მაღალი მონსტრი ბნელ დერეფანში
ორი წლის იყო ნინო, მის ცხოვრებაში მამინაცვალი რომ გამოჩნდა. მაღალი, ორ მეტრამდე, გამხდარი აღნაგობის კაცი. ყოფილი სპორტსმენი. დაახლოებით 30 წლისა.
ნინოს მახსოვრობას 4-5 წლიდან აქვს შემონახული კადრები და შეგრძნებები, იმ დროისათვის გაურკვეველი ემოციები, რომლებმაც ძალიან მალე შეიძინეს ფორმა და მისთვის შიშის და ტანჯვის მიზეზად იქცნენ.
„მძაფრად მახსოვს მისი თითოეული შეხება. პირველი კადრი სამზარეულოდან მომყვება. წყლის დასალევად ვარ შესული. დედა მოშორებით დგას. უცბად, თითქოს წამის მეასედშიო, ფეხებშუა მიცურებს ხელს, გენიტალიებზე მისვამს და საწყის პოზიციას უბრუნდება. გაზეთს კითხულობს, მგონი. ვერ ვხვდები, რა გააკეთა და მეშინია. ასე დაიწყო, ყველაფერი".
პატარა ნინომ მალე გააცნობიერა, რომ მამინაცვლის სიახლოვეს რაც შეიძლება იშვიათად უნდა აღმოჩენილიყო:
"მაგალითად, არ უნდა შევსულიყავი წყლის დასალევად, როდესაც ისიც სამზარეულოში იჯდა. მალევე დააფიქსირა, რომ მისი თანდასწრებით სამზარეულოში აღარ შევდიოდი და ამიტომ ჩაბნელებულ დერეფანში დაიწყო ჩასაფრება. მოჩვენებასავით იდგა ხოლმე და გავლა-გამოვლის დროს, ფეხებშუა მიყოფდა ხელს. ამას აკეთებდა ისეთ დროს, როცა დედა ახლო-მახლო არ ტრიალებდა“.
ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა, როცა ნინომ სკოლაში დაიწყო სიარული. მამინაცვალმა გადაწყვიტა, რომ სკოლიდან სწორედ მას უნდა გამოეყვანა ხოლმე ბავშვი. ასე გაგრძელდა დაახლოებით 15 წლამდე:
„მაკითხავდა მანქანით. ზუსტად ორ საათზე მოდიოდა. იცოდა, რომ ამ დროს არავინ იყო სახლში. დედა მუშაობდა. ამიყვანდა, გარშემო ყველაფერს კარგად დაათვალიერებდა, მერე წინ დამაყენებდა, გამაშიშვლებდა, ჩამიწევდა ტრუსებს და გენიტალიებზე მკოცნიდა. უკანალზე ენით მეხებოდა. როცა ვცდილობდი, დამეღწია თავი, მეუბნებოდა, რატომ გარბიხარ, იქნებ შენც მოგეწონოსო. ასე გაშიშვლებულს შემატრიალებდა და შარვალში იწყებდა ხელით მოძრაობებს. როცა დაამთავრებდა თავის საქმეს და გავიდოდა ოთახიდან, იმდენად მეზიზღებოდა ხოლმე ჩემი თავი, რომ იმ ადგილებს, სადაც მეხებოდა, ვიგლეჯდი, მინდოდა, რომ ხორცები ამომეჭამა. ახლაც ვხედავ ამ კადრს, როგორ გადის, ზურგს უკან იხურავს კარს, მე ვრჩები მარტო ოთახში და სიმწრისგან და უსუსურობისგან კედელს ვურტყამ თავს. ასე გაგრძელდა დაახლოებით 15 წლამდე, სანამ სკოლიდან მარტომ არ დავიწყე სიარული და სანამ არ ვიპოვე თავში ძალა, რომ მისთვის წინააღმდეგობა გამეწია. ამ ასაკში უკვე ვეღარ ბედავდა გაეკეთებინა ჩემთვის ის, რასაც მანამდე მიკეთებდა“.
ჯერ კიდევ 8 წლის იყო ნინო, თანაკლასელს რომ გაუმხილა, როგორ ეპყრობოდა მამინაცვალი. უფრო ზუსტად კი ჰკითხა - მასაც ასე ექცეოდა მამა?
„პატარა რომ ვიყავი, მეუბნებოდა, ყველა ოჯახში ასე ხდება და ეს არის ნორმა, მამები ასე ექცევიან შვილებსო. ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც არანორმალური ხდებოდა და არ მასვენებდა ეს მდგომარეობა. მესამე კლასში ვიყავი, სკოლის საპირფარეშოში, ჩემს მეგობარს ვკითხე, შენც გეფერება მამა და გკოცნის ტუჩებში და სასქესო ორგანოზე-მეთქი? იმ ბავშვის გაფართოებული თვალები ახლაც მახსოვს. არაფერი უპასუხია, გავიდა საპირფარეშოდან. მაშინ მივხდი, ეჭვი, რომ ჩემს თავს რაღაც საშინელება ხდებოდა, იყო სიმართლე“.
ნინოს ერთხელაც არ დაუშვია, რომ ამბავი, რომელიც მის თავს ტრიალებდა, დედისთვის გაემხილა. ამის მიზეზი ჰქონდა - მამინაცვალი ემუქრებოდა:
„როცა ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას, დამყვიროდა და მეუბნებოდა, დედაშენს თუ ეტყვი, მაშინ დედაშენი მომკლავს, წავა ციხეში და შენ და შენი ძმა დაეყრებით ბავშვთა სახლში. არ იცით, როგორ მეშინოდა იმის წარმოდგენაც კი, რომ დედაჩემი აღარ იქნებოდა ჩვენს გვერდით და მე და ჩემი ძმა დავრჩებოდით უპატრონოდ. ეს იყო ბოქლომი, რომელმაც წლების განმავლობაში ჩამკეტა. ამას გამუდმებით მიმეორებდა, მაფრთხილებდა და მეც ჩუმად ვიყავი“.
დედაზე ლაპარაკისას ნინო ღელავს. ეშინია, რომ მისი ამბის წაკითხვის შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა დედა არ დაადანაშაულოს, ზუსტად ისე, როგორც სასამართლო პროცესის დროს, მამინაცვლის ნათესავებმა:
„მე არ დამიდანაშაულებია დედა არცერთი წუთით და სხვას რა უფლება აქვს, რომ ეს გააკეთოს. მამინაცვლის ნათესავებმა თითი მისკენ გაიშვირეს, შენი ბრალია ყველაფერი, შენ ვერ გაიგე, რა ხდებოდაო. დედას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. დედა ვერაფერს მიხვდებოდა. ამ ამბავს ვმალავდი მე, საშინელი შიშის, სირცხვილის გამო და ამ ამბავს ნიღბავდა ჩემი მამინაცვალი“.
8-9 წლის ასაკიდან ნინოს დაეწყო უძილობა. შფოთვა. მისი ასაკისთვის შეუფერებელი ფიზიოლოგიური ცვლილებები. უკვე თინეიჯერობისას კი გადაწყვიტა, რომ სახლში სულ უფრო ნაკლები დრო უნდა გაეტარებინა და ასე დაეღწია თავი მამინაცვლისთვის.
„დედა ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას. ქუჩა-ქუჩა დამდევდა, რომ გაერკვია, სად ვიყავი. შეუძლებელი გახდა ჩემთან კომუნიკაცია. დედასაც კი არ ვაძლევდი მოახლოების საშუალებას. სხვებზე აღარ იყო ლაპარაკი. არ მყავდა ერთი მეგობარიც კი. მქონდა შეგრძნება, რომ ვიყავი ბინძური, სხვა ბავშვები კი სუფთები და მათთან მეგობრობის უფლება არ მქონდა. გავხდი საშინლად კონფლიქტური. გამუდმებით მქონდა სუიციდური ფიქრები. ზოგი ადამიანი შიგნით ხარშავს ბრაზს და ჩემთან პირიქით მოხდა. გარეთ პროეცირდა ეს ბრაზი და გარშემომყოფებზე გადამქონდა ზიზღი. ვერავისთან ვპოულობდი საერთო ენას. ვერც მასწავლებლებთან, ვერც კლასელებთან. სკოლაში, არცერთ ეტაპზე არ გაუჩნდა არავის კითხვა, რა ხდებოდა ჩემს სახლში. მხოლოდ თითს იშვერდნენ და მემუქრებოდნენ - გაგრიცხავთ სკოლიდან. ვერავინ ხვდებოდა, რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი“.
19 წლის იყო ნინო რამდენიმე წლით, სხვა ქვეყანაში რომ წავიდა სასწავლებლად. თუმცა, ტრავმას, რომელსაც ღრმა ბავშობიდან მოყოლებული ატარებდა, არც იქ მიუტოვებია:
„ბურანში ვიცხოვრე. ვიღვიძებდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიღვიძებდი. რაღაცნაირად ვახერხებდი ლექციებზე სიარულს, მაგრამ არდადეგები რომ მქონდა, ყოფილა ისეთი პერიოდები, როცა კვირების განმავლობაში, ფეხი არ გამიდგამს გარეთ. ჩამოვაფარებდი ჟალუზებს და უბრალოდ ვიწექი. არც ვჭამდი, არც არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ვარსებობდი“.
სწავლის დამთავრების შემდეგ, ნინოს სახლში მოუწია დაბრუნება. მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო:
„წლების განმავლობაში, ისე გადიოდა დღეები, ოთახიდან არ გამოვდიოდი, ვიწექი იატაკზე, გამუდმებით დამდევდა ფიქრი თვითმკვლელობაზე, თუმცა, ვიცოდი, ამ ამბავს დედა და ძმა ვერ გადაიტანდნენ, ვერასდროს გაიგებდნენ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ეს ორი ადამიანი ვერ გავიმეტე ამ ტკივილისთვის. მამინაცვალი, ცხადია, ასე გაშიშვლებას ვეღარ მიბედავდა, მაგრამ მუდმივად ცდილობდა გავეკონტროლებინე, გაეკონტროლებინა ჩემი ტელეფონი, კომპიუტერი. იმდენად ძლიერი იყო ჩემი შიშები, შფოთვა, რომ პირდაპირ ქუჩაში ვხდებოდი ცუდად. მეწყებოდა კანკალი, დაბუჟება, მილურჯდებოდა ტუჩები, მქონდა შეგრძნება, რომ მკერდსა და მუცელში გაყინული წყალი მეღვრებოდა. სპეციალისტთან მისვლაც გადავწყვიტე, ასე ცხოვრებას ვეღარ ვაგრძელებდი. თუმცა, რეალური მიზეზი ჩემი ცუდად ყოფნისა, ვერ ვუთხარი. ესეც საკუთარი თავის მოტყუება გამოვიდა“.
2021 წლის მაისში, ექიმმა ნევროლოგმა ნინოს სომატოფორმული აშლილობის დიაგნოზი დაუსვა. ამ დაავადებისას ძირითადი ფსიქოლოგიური პრობლემა იწვევს შემაწუხებელი და დამაუძლურებელი ფიზიკური სიმპტომების განვითარებას.
2021 წლის ივნისში, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგი თავის დასკვნაში წერს, რომ ნინომ მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
SPY CAM - საშხაპეში დამონტაჟებული ვიდეო-ჩამწერი მოწყობილობა, რომელმაც ნინო გაათავისუფლა
ნინოს მამინაცვალი 2021 წლის აპრილიდან საპატიმროშია. მისი და ნინოს ბედი საშხაპეში დამონტაჟებულმა ვიდეო-ჩამწერმა მოწყობილობამ გადაწყვიტა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კაცი, ბოლო წლების განმავლობაში, მალულად იღებდა ნინოს ბანაობის პროცესს. შემდეგ ჩანაწერები გაჰქონდა, კამერის მეხსიერების ბარათს ათავისუფლებდა და კამერას კვლავ საშხაპეში ამონტაჟებდა.
ნინო იმ ღამეს იხსენებს, როცა საშხაპეში შესულმა პატარა, დაახლოებით სანთებელას ზომის ე.წ. SPY CAM, ჯაშუში კამერა იპოვა:
„შემთხვევით მოვკარი თვალი შავ პატარა მოწყობილობას. არ ციმციმებდა, უბრალოდ შუქს ირეკლადა. დავაკვირდი, რა არის-მეთქი. მალევე მივხვდი, რაც იყო. თითქოს დენმა დამარტყა. იქვე ჩამოვჯექი, ასე ვიჯექი 40 წუთი. ყველა ემოცია ერთად მოვიდა. მეჭირა ხელში კამერა, ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. პირველი, რაც დავაპირე, ვიფიქრე, მივუგდებ-მეთქი, მაგრამ მალევე გავიაზრე, რა მეჭირა ხელში. გამოვედი აბაზანიდან, შევაერთე კამერა ლეპტოპში და ვნახე ჩანაწერი. 30 წუთიანი ჩანაწერი იყო - როგორ ვიღებ შხაპს. მაშინ გავაანალიზე, რატომ შედიოდა ხოლმე სააბაზანოში ჩემი ბანაობის წინ -კამერას რთავდა. ამ ჩანაწერში ჩანდა მისი სახეც, როდესაც კამერას აყენებდა და ასწორებდა, მისი სახე გამოჩნდა, მთელი სახით იყურება კამერაში. ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ იმ წამიდან იმავენაირად აღარაფერი იქნებოდა. მივხვდი, რომ ცხოვრებაში პირველად მქონდა შესაძლებლობა, დამემტკიცებინა, რეალურად ვინ იყო ეს ადამიანი და მომეყოლა ყველაფერი, რასაც ბავშვობიდან მიკეთებდა. ეს ადამიანი საზოგადოებაში ისეთი რეპუტაციით სარგებლობდა, მე არავინ დამიჯერებდა, ახლა კი მტკიცებულება მეჭირა ხელში. მანამდე რამდენჯერ მიფიქრია, ნეტა არსებობდეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ამოიღებს ჩემს მოგონებებს და სხვებს ანახვებს, რას მიკეთებდა ეს ადამიანი წლების განმავლობაში“.
თითქმის ოცდახუთწლიანი დუმილის შემდეგ, ნინომ დედასთან ლაპარაკი გადაწყვიტა:
„ორი-სამი დღე განუწყვეტლივ ვფიქრობდი. არ მძინებია. ძალიან მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი დედაჩემისთვის. საიდან უნდა დამეწყო. ამის თქმა, ალბათ ყველაზე რთული ეტაპი იყო მთელ ამ ამბავში. არ დავიწყებ მოყოლას, რა დაემართა დედას. ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ახლაც არ არის ბოლომდე გამოსული მდგომარეობიდან. დედის გვერდში დგომამ უდიდესი ძალა მომცა. დედამ ისიც მითხრა, საერთოდ რომ არ გეპოვა კამერა და უბრალოდ, რომ გეთქვა, რა ხდებოდა შენს თავს, არცერთი წამით, არცერთ ასაკში, მე ამაში ეჭვი არ შემეპარებოდაო“.
ნინომ დედას სთხოვა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეემჩნია, რომ მან ყველაფერი იცოდა. ნინოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პოლიციაში წასვლამდე, მამინაცვალთან საუბარი ფარულად ჩაეწერა:
„მინდოდა, პოლიციაში მისი აღიარებაც მიმეტანა, რადგან ახლაც მგონია, რომ მარტო აბაზანის კადრებით რომ მივსულიყავით პოლიციაში, შესაძლოა, მაინც დაეძვრინა თავი. რამდენიმე დღეში მის ოთახში შევედი, სახელოში შევმალე ტელეფონი ჩართული კამერით და თავიდან ბოლომდე ჩავიწერე მასთან ლაპარაკი. 19 წუთი ველაპარაკე. ვუთხარი, რომ მისი ადგილი ციხეში იყო, იმის გამო, რასაც ბავშვობიდან მიკეთებდა, ვყვებოდი ყველაფერს, ისიც მეთანხმებოდა და პასუხად მეუბნებოდა, რომ ამას ყველაფერს იმიტომ აკეთებდა, რომ სიამოვნებდა. უფრო სწორად, მის სიტყვებს თუ გავიმეორებ, „მისწორდებოდა და ახლა რა გინდაო“. მაგიდაზე ჰქონდა ფეხები შემოდებული და დამცინავად მპასუხობდა. ცხრა ადვოკატი აიყვანე თუ გინდა, სადაც გინდა იქ მიჩივლე, წავიდეთ სადაც გინდა, ვერაფერს დამიმტკიცებო. მე მისთვის ისევ ის უსუსური, უძლური ადამიანი ვიყავი, რომელიც ვერასდროს გაბედავდა ხმის ამოღებას. ამ 19-წუთიან ჩანაწერში ვკითხე საშხაპეში დამონტაჟებულ კამერაზეც, რატომ დაამონტაჟე-მეთქი და მიპასუხა, გამომქონდა ჩანაწერი და ვმასტურბირებდიო. როგორც ვხვდები, მას შემდეგ, რაც ხელით შეხებას ვეღარ მიბედავდა, ამის დასაკომპენსირებლად გადაწყვიტა, რომ საშხაპეში დაემონტაჟებინა კამერა“.
რა უთხრა მამინაცვალმა სასამართლოს?
ნინოს მამინაცვალს გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. ის სასამართლოში, სხდომათა დარბაზში დაიკითხა.
საქმის არსებითი განხილვისას მან არცერთი ბრალდება არ აღიარა. როგორც სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, „მისი მხრიდან ბრალად წარდგენილ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ზოგადად არავის მიმართ და მით უფრო, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ ახასიათებს. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მისთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. ბრალდებულის განმარტებით, გერთან მას ჰქონდა თბილი დამოკიდებულება, შესაბამისად, მისი მხრიდან ბავშვობაში ადგილი ჰქონდა მის მოფერებას და ჩახუტებას, მაგრამ არა ზღვარგადასულს, დამახინჯებულს“.
საშხაპეში დამონტაჟებული კამერის არსებობა კი კაცმა ასე ახსნა:
„გაუგებარი მიზეზებით ზიანდებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის, წყლის გამაცხელებელი და სწორედ იმ მიზნით, რომ დაედგინა ვინ აზიანებდა ამ ნივთებს, ფარულად დაამონტაჟა დაახლოებით 5 წლით ადრე შეძენილი ვიდეოკამერა, თუმცა ამ მოწყობილობაში როგორ აღმოჩნდა გერის ბანაობის ამსახველი ვიდეოები, არ იცის. რაც შეეხება მის მიერ დასახელებული მიზნით ჩაწერილ ვიდეოებს, ასეთი ვიდეოები ჰქონდა მეხსიერების ბარათზე, მაგრამ შემდგომ ეს ჩანაწერი რა იქნა, არ იცის“, - ვკითხულობთ სასამართლოს განჩინებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ის მოგონილი იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
რატომ წავიდა საქმე უზენაეს სასამართლოში?
პროკურატურა და მასთან ერთად ნინოს ინტერესების დამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, თამუნა გაბოძე, თვლიან, რომ დანაშაული, რომელსაც კაცი, თითქმის 25 წლის განმავლობაში ჩადიოდა ნინოს მიმართ, გულისხმობს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობას და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება-გამოყენება-შენახვას, არამედ ის უნდა შეფასებულიყო როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და სასამართლოს სწორედ ამ, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით უნდა განესაზღვრა მისთვის სასჯელი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თამუნა გაბოძე გვიხსნის, რომ დაზარალებული, წლების განმავლობაში, სწორედ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი იყო:
„ქმედების არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია დანაშაულის ინტენსივობა, დაზარალებულის ასაკი, სქესი, მოძალადეზე დამოკიდებულება, ფიზიკური ან და სულიერი ტანჯვა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნინოს მიმართ მამინაცვლის მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სასამართლოში წარდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები, რომ ნინო მამინაცვლის მხრიდან განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ვგულისხმობ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და მთელი ცხოვრება გაატარა ამ ტანჯვის ქვეშ. ასევე ვგულისხმობ ნინოს მკურნალი ექიმის ჩვენებას, სამედიცინო ცნებებს, მოწმეების და დაზარალებულის ჩვენებას. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე ოჯახში ძალადობა. ნინო, წლების განმავლობაში, მამინაცვლის მხრიდან ექვემდებარებოდა მისი სინდისის და ნების საწინააღმდეგო ქმედებას, რაც მას აყენებდა არაადამიანურ და დამამცირებელ მდგომარეობაში. მთელი ცხოვრება დაზარალებული ცხოვრობს შიშში, სირცხვილში, მას ჰქონდა სუიციდური ფიქრები, ასაკისთვის შეუსაბამო ფიზიოლოგიური ცვლილებები. შესაბამისად, ეს დანაშაული სასამართლოს უნდა შეეფასებინა სწორედ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. დაზარალებულის ადვოკატებს სასამართლოში წარდგენილი გვქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც მსგავსი ქმედებები, რაც ხორციელდებოდა ნინოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ შეფასებული იყო სწორედ რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად".
თამუნა გაბოძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ საეჭვოდ არ მიიჩნია ბრალდების მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტი:
„სისხლის სამართლის კოდექსით, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ნიშნავს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ეს ყველაფერი სახეზე იყო და დადასტურებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის, ექიმის ჩვენებით, დაზარალებულის ჩვენებით. საქმე სწორედ ამაშია, რომ სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ეს მტკიცებულებები, მაგრამ თქვა, რომ მიუხედავად ამისა, ეს საქმე ვერ წევს არაადამიანური მოპყრობის სტანდარტს. ბავშვობიდან მოყოლებული გაშიშვლება და გენიტალიებზე შეხება, სასამართლოს განმარტებით, ვერ შეფასდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად, ხოლო მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ „ყოველგვარი უხეში ან ძალადობრივი მოპყრობა ვერ ჩაითვლება დამამცირებლად და არაადამიანურად. მოპყრობა დამამცირებელი ან არაადამიანურია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოქცევის ზნეობრივ (მორალურ) წესებს“.
თამარ გაბოძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უზენაესმა სასამართლომ გამოიჩინოს მგრძნობელობა და კომპეტენცია და საქმეს მისცეს შესაბამისი კვალიფიკაცია:
"სექსუალური ძალადობის საქმეებზე, მით უმეტეს, როცა ეს ხდება ოჯახში და ეხება ბავშვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს საკმარისად სენსიტიური. თუკი სასამართლო, დაზარალებულს ეტყვის, რომ მართალია მთელი ცხოვრება ასე ეპყრობოდნენ და არსებობს ამის მტკიცებულებებიც, თუმცა არ არის საკმარისი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობის შესაფასებლად, ეს იქნება მძიმე შედეგის მომტანი. თუკი დაზარალებული ვერ ნახავს სასამართლოსგან სათანადო მხარდაჭერას, დანაშაულის სწორ კვალიფიკაციას და მისი უფლებები არ იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად მძიმედ აისახება ამ კონკრეტულ დაზარალებულზეც და ზოგადად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებზე".
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები
თამარ გაბოძის განმარტებით, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ იმსჯელა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ქმედების არაადამიანურ მოპყრობად შეფასება უნდა მოხდეს საქმეზე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე.
ხოლო შეფასება დამოკიდებულია საქმის ისეთ გარემოებებზე როგორიცაა, ამგვარი მოპყრობის ხანგრძლივობა, ფიზიკური და ემოციური შედეგები, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მსხვერპლის ასაკი და სქესი, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს იმის დადგენაზე, იმყოფებოდა თუ არა დაზარალებული არაადამიანურ და დამამცირებელ მდგომარეობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ“, დაადგინა, რომ ბავშვის პირადი სივრცის დარღვევა ოჯახის წევრის მიერ წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. „არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელყოფა არის დამამძიმებელი გარემოება, რადგან ოჯახში ძალადობის დროს არასრუწლოვანი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვარდება. ოჯახში ბავშვმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს და მას ნდობა უნდა ჰქონდეს ოჯახის წევრების მიმართ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სასამართლომ და საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ეროვნულ დონეზე მსხვერპლისთვის სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელშიც მოიაზრება სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური გამოძიების წარმართვა და რომელიც მიმართული იქნება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ჩამდენის გამოაშკარავებისა და დასჯისკენ.
რაც შეეხება განსხვავებას არასათანადო მოპყრობის იმ სახეებს შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლით არის აკრძალული, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე - „ფრითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, განმარტავს: „მოპყრობა მიიჩნევა არაადამიანურად, როდესაც ის არის წინასწარ განზრახვით ჩადენილი, სცდება სისასტიკის მინიმალურ ზღვარს და იწვევს სხეულის დაზიანებას ან ძლიერ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას, ხოლო როდესაც მოპყრობა შეურაცხყოფს ან ამცირებს პირს, გამოხატავს რა პატივისცემის ნაკლებობას, აკნინებს მის ღირსებას, ან აღძრავს მასში შიშის, ტანჯვის და არასრულფასოვნების ისეთი ხარისხის განცდას, რომელსაც შეუძლია მისი მორალური თუ ფიზიკური გამძლეობის გატეხვა, უნდა შეფასდეს როგორც დამამცირებელი მოპყრობა”.
ძალადობის ხაფანგი - რა და როგორ ხდება იქ?
ფსიქოლოგია მაია ცირამუა, წლებია მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და ქალებთან. კარგად იცნობს მოძალადის ქცევის მახასიათებლებს და იცის, როგორ მანიპულირებენ ისინი მსხვერპლების ემოციებით - შიშით, სირცხვილით. ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის ტრავმა ყველაზე მეტად დამაზიანებელია და ის ყველაზე ღრმა კვალს ტოვებს ადამიანში.
მისი თქმით, ეს ტრავმა აისახება ადამიანის თვითშეფასებაზე და არის დეპრესიის სერიოზული წყარო. ძალადობის მსხვერპლები ხშირად მიდრეკილები არიან თვითდაზიანებებისკენ, აქვთ სუიციდური ფიქრები:
„გააჩნია ძალადობის ფორმას და ხანგრძლივობას. რაც უფრო ხანგრძლივია ძალადობა, მით უფრო ღრმაა კვალი და მით უფრო მძიმეა ამ ტრავმისგან გამოსვლა. რა თქმა უნდა, სპეციალისტის ჩარევის შედეგად შესაძლებელია მისგან გათავისუფლება. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ სექსუალური ძალადობა ძალიან დიდი ხნით აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, სოციალურ ურთიერთობებზე, სექსუალური კავშირების დამყარებაზე, ემოციურ ცხოვრებაზე, ნდობაზე“.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ მალავენ ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები სექსუალური ძალადობის ფაქტებს, მაია ცირამუა ამბობს, რომ ეს არის მოძალადის მხრიდან ჩანერგილი შიშისა და სირცხვილის დაუოკებელი განცდა:
„სექსუალური ძალადობა მდუმარე, ჩუმ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. მოძალადე ძალიან ხშირად მიმართავს ე.წ. პრევენციულ ზომებს, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი იყოს დადუმებული. დაშინება, რომ ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავ ან საყვარელ ადამიანს მოგიკლავ, ან მაინც არ დაგიჯერებენ, ეს კარგად ნაცადი ხერხია. მთელი მექანიზმი აქვს მოძალადეს, რითაც ის ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი ამაზე დუმდეს. შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გავიდეს და ადამიანმა ეს შიში ვერ დაძლიოს და ვერასდროს ამოიღოს ხმა“.
მაია ცირამუა ამბობს, რომ როდესაც ბავშვი ლაპარაკს იწყებს სექსუალურ ძალადობაზე, ან რაიმე ფორმით მიანიშნებს მასზე, აუცილებელია, რომ ბავშვის ნათქვამი სერიოზულად იქნას მიღებული. ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70-80% სწორედ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან ხდება:
„მითია, რომ მოძალადე ძირითადად უცხო პირია. არა, მოძალადეთა უმრავლესობა სწორედ ახლობელია. ამიტომ, როცა ბავშვი იძლევა მინიშნებას, მის უახლოეს გარემოცვაში უნდა ვეძებოთ ეს ადამიანი. მოძალადე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი, აღმზრდელი და ა.შ. მითია ისიც, რომ სექსუალური მოძალადე ხანდაზმული ადამიანი უნდა იყოს. გამოკვლევები აჩვენებს, რომ მოძალადეთა შორის ჭარბობენ 40 წლამდე ასაკის კაცები. მითია ისიც, რომ სექსუალური მოძალადისთვის მიმზიდველია პუბერტატულ ასაკში მყოფი ბავშვები და ისინი არიან რისკის ქვეშ. პირიქით, რისკის ჯგუფში შედიან 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები“.
როდესაც საქმე ეხება სექსუალურ ძალადობასა და ბავშვებს, მაია ცირამუა ამბობს, რომ აუცილებელია, მოზარდს ჰქონდეს მშობლების იმედი და არ ეშინოდეს მათი რეაქციის.
ერთ-ერთი გზა, სექსუალური ძალადობის თავიდან ასარიდებლად, საზოგადოებაში არსებული იმ ნორმის აღმოფხვრაა, რომელიც მოზარდებს პატარა ასაკიდან ურღვევს პირად სივრცეს:
„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნორმად ითვლება, მაგალითად, ჩვილის სასქესო ორგანოებზე მოფერება. ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს უფლება შეეხოს ბავშვის გენიტალიებს, ე.წ. მოფერების მიზნით. ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვებს და მათ შორის ჩვილებს, აქვთ პირადი სივრცე და ამ სივრცის დარღვევა არ შეიძლება. გავრცელებული ნორმაა, მაგალითად, ე.წ. „ტაკოზე წამორტყმა“, ლოყაზე ჩქმეტა, მოთათუნება. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ ბავშვის ნებართვის გარეშე, თუნდაც ლოყაზე მოთათუნება, არ შეიძლება. მაშინ, როდესაც უფლებას ვაძლევთ სხვა ადამიანებს, ნებართვის გარეშე შეეხონ ბავშვებს, ჩაისვან ისინი კალთაში, ბავშვებს უყალიბდებათ წარმოდგენა, რომ ეს ნორმაა და უცხო ადამიანების შეხებაზე შესაძლოა მათ პროტესტი აღარ გამოხატონ, რამაც არ არის გამორიცხული, რომ მათი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენოს. ასეთი პრინციპების დაცვა, ბავშვისთვის ახსნა, რომ მან პირადი სივრცის დარღვევის უფლება არავის უნდა მისცეს, მათ შორის, არც ოჯახის ახლობელ ადამიანს, არის კარგი პრევენცია სამომავლოდ სექსუალური ძალადობის თავიდან ასარიდებლად“.
"მინდა იცოდნენ, რომ გამოსავალი არსებობს“
„აი, 30 წლის ვარ და ისევ ჩემთანაა ეს საზიზღარი შეგრძნება - რომ ვარ 5-6 წლის, კაცი მისვამს სხეულზე ხელებს, მეხება ტუჩებით. ბრაზი, შიში, სირცხვილი, ყველაფერი ერთად დამყვება, დამყვება ეს გრძნობა მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ვარსებობ და არ შემწყდარა არც ერთი დღე“, - ამ სიტყვებით დაარღვია ნინომ 25-წლიანი დუმილი 2021 წელს, სასამართლოს დარბაზში, დახურულ სხდომაზე, რომელსაც რამდენიმე ადამიანი - მოსამართლე, მდივანი, პროკურორი, ბრალდებული და ადვოკატები ესწრებოდნენ.
ახლა 2022 წელია, ნინო ზის ოთახში, მის ლაპარაკს ჩემი დიქტოფონი იწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ნინო თავის ამბავს გაცილებით ბევრი ადამიანისთვის ყვება, დრო და დრო ფანჯარაში იყურება და ამბობს:
„ახლა, ამ წუთას, შეიძლება სხვა ადამიანია ჩემს დღეში, სხვა მოზარდი, რომელსაც ბრაზი ახრჩობს, ჰგონია, რომ ეს დასასრულია, ჰგონია, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს. მინდა იცოდეს, რომ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ აუცილებლად დაუჯერებენ, ისე, როგორც მე დამიჯერეს. მთავარია, იპოვონ ბიძგი და ძალა. ბევრი ასეთი ისტორია ისეც მთავრდება ხოლმე, რომ მოძალადე დაუსჯელი რჩება, არც ეს მიიღონ დასასრულად. სიმშვიდის პოვნა, შიშისგან და სირცხვილისგან გათავისუფლება, იმ სირცხვილისგან, რომელიც არანაირად არ არის მათი ბრალი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება. დღეს უკვე ვიცი, რომ წარსულს აღარ ვჭირდები, ახლა მომავლისთვის ვარ საჭირო“.
* სტატიის მთავარი გმირის სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.