რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტში ონლაინ მონაწილეობაზეც.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პუტინი სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში გამგზავრებას არ აპირებს და იქ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს გაგზავნის, ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტს სამიტში მონაწილეობა შესაძლოა, ონლაინ მიეღო.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დღეს, 11 ნოემბერს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი არ არის არც ონლაინ-გამოსვლა და არც ვიდეომიმართვა.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს ონლაინ მიმართავს. 3 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მას პრეზიდენტი პუტინი დაესწრება.
"დიდი ოცეულის" წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე. G20-ის შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.