ლუცია, ენვერი, მიხეილი, ზაური და ლიანა ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან თემქაზე მდებარე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ეზოდან. თბილად აცვიათ. გარეთ უკვე ნოემბრის სუსხიანი ქარი უბერავს.
პანსიონატის სამსართულიან, მოზრდილ შენობას წიწვოვანი ხეებით გამწვანებული დიდი ეზო აკრავს - ალაგ-ალაგ უკვე შეყვითლებული ბუჩქებით და ხეების ქვეშ ხის გრძელი სკამებით. ეს მოხუცების საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
რკინის მწვანე ჭიშკარი ღიაა, მაგრამ პანსიონატში გადაღებაზე არ გვიშვებენ, ამიტომ მოხუცებს გარეთ ველოდებით.
უკვე მესამე დღეა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან პანსიონატში შესვლის და გადაღების უფლებას უშედეგოდ ველით. ხანდაზმულთა ეს პანსიონატი აქამდეც არაერთხელ გადაგვიღია, მაგრამ ამჯერად ეს ნებართვა იგვიანებს.
მოხუცებისგან გავიგეთ, რომ პანსიონატში უსიამოვნო დაძაბულობაა.
სახელმწიფო პანსიონატის დაშლას გეგმავს - ეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნაწილია.
სამი დღის წინ პანსიონატის ერთ-ერთმა ბინადარმა, 83 წლის დონატა პანჩენკომ დაგვირეკა: მოხუცებს პანსიონატიდან სადღაც სხვა თავშესაფრებში გვასახლებენ და იქნებ გვიშველოთ, ბოლო წლებს ვითვლით, ოც წელზე მეტია აქ ვართ, 19 მოხუციღა შემოვრჩით და სად წამსვლელები ვართ, ან ახალ გარემოს როგორ უნდა შევეჩვიოთ, ან ახალ უცხო ადამიანებს, ან ერთმანეთის გარეშე როგორ ვიყოთო.
დონატა ვერ დადის, მწოლიარეა, ამიტომ თავად ჩვენთან შესახვედრად ვერ ჩამოვიდა. სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ ამ პანსიონატიდან ის ვერსად წავა.
„ვინც ფეხზე ვდგავართ, თითქმის ყველანი აქ ვართ“, - ამბობს 86 წლის ზაურ დადივაძე.
პანსიონატისგან ოდნავ მოშორებით, მიტოვებული შენობის ეზოში ვდგავართ და ვლაპარაკობთ.
ზაურს ეჩქარება, მალე უნდა წავიდეს თავის ოთახში. დღეს მისი 29 წლის შვილიშვილის დაკრძალვა იყო, მაგრამ მაინც მოვიდა. როგორც სხვები, ისიც ღელავს რა იქნება - პანსიონატის და იქაური მეგობრების ბედი ადარდებს.
„მრცხვენია კიდეც, ამაზე რომ ვლაპარაკობ ამ ასაკში, 21-ე საუკუნეში“, - მეუბნება 83 წლის ლუცია ყალიჩავა, რომელიც წლები მუშაობდა ამ ხანდაზმულთა პანსიონატში, შემდეგ კი თავადაც იქ გააგრძელა ცხოვრება.
„40 წელი! და ესეც რომ არა, დონატა როგორ უნდა დავტოვო? ვერ მივატოვებ. არსად არ წავალთ. ვერც ამ ბაღს მივატოვებ“.
„წავალთ კი არა, გზას გადავკეტავთ. დავდგებით და არ გავინძრევით!“ - მხარს უბამს ლუციას 80 წლის ლიანა ვაჩნაძე.
„პრემიერის სახელზე წერილებიც გავგზავნეთ, - ენვერი მეუბნება, - ჩემი ხელით მივიტანე“.
მაინც იმედი აქვთ, რომ ვინმე რამეს უპასუხებს.
„ალბათ, ნამდვილად არ იცის ეს ამბავი ჩვენმა მთავრობამ, - სჯერა ლიანას, - სააგენტოს ამბავია ეს ყველაფერი“.
- სააგენტო სამინისტროს ნაწილია, - ვეუბნები.
- ალბათ, არც სამინისტროში იციან. ასე არ მოგვექცეოდნენ.
ამბობენ, რომ სხვა ხანდაზმულთა სახლში გადაყვანაზე ხელი უკვე მოაწერინეს რამდენიმე მოხუცს. "გვითხრეს, ნაწილს რუსთავში გადაგიყვანთო". დუშეთიც უხსენეს. თბილისის რომელიღაც მცირე საოჯახო ტიპის სახლიც.
- ერთ უსინათლოსაც მოაწერინეს ხელი თანხმობაზე. რა ქნას. ადგა და მოაწერა. აქ ძლივს დადის, ჩვენ ვეხმარებით, თავის ოთახს რომ მიაგნოს და უცხო ადგილას რას იზამს? - ამბობს ზაური.
რადგან შიგნით არ შეგვიშვეს, ჩვენი თვალით არ გვინახავს, მაგრამ პანსიონატის ბინადრებმა გვითხრეს, რომ ახლა იქ მხოლოდ სანიტრები დარჩნენ, რომლებსაც საჭმლის კეთებაც ევალებათ და მოხუცების მოვლაც. მზარეულები და სხვა პერსონალი, მათი თქმით, პანსიონატში აღარ არიან.
არც ზუსტი მიზეზი იციან, რატომ უნდა დაცალონ შენობა და დატოვონ თავიანთი ოთახები. მხოლოდ ვარაუდები აქვთ, რომლებსაც ერთმანეთს და ჩვენ გვიზიარებენ.
- ალბათ, მერე გაყიდიან.
- ამბობენ, ავარიულია შენობაო.
- დაგველაპარაკონ წესიერად, აგვიხსნან.
- ვის რას ვუშლიდით? 19 ადამიანი დავრჩით. ვართ ჩვენთვის. რა დიდხანს ჩვენ ვიქნებით?
- ჯანდაცვის სამინისტროს არქივი მოიტანეს და აქ შეინახეს. გვეგონა, რომ ჩვენც დაგვტოვებდნენ.
- ისე, ადრეც იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ წულუკიანი დეპუტატი რომ იყო, დაგვპირდა, არავინ არსად წაგიყვანთო.
- თან აქ ყველას ჩვენი ოთახი გვაქვს.
- ჩვენს ასაკში კი არა, ახალგაზრდისთვის არის რთული ცვლილება.
- თან ამ ზამთარში! სად უნდა წავიდეთ.
- მე, მაგალითად, მწერალი ვარ, ხან წაკითხვა მინდა ხოლმე ჩემთვის. ხან წერა. ამ ჩვენს პატარა სივრცეს მიჩვეულები ვართ. ნუ წაგვიყვანენ. გვაცადონ აქ სიკვდილი, განა რამდენი წელი დაგვრჩა?
იმ იმედით, რომ მათი გულისტკივილი გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებამდე მივა, მოხუცები გვემშვიდობებიან და უკან, პანსიონატში ბრუნდებიან.
ჯერ ლუცია და ლიანა ეფარებიან თვალს.
შემდეგ - ენვერი და მიხეილიც უბრუნდებიან თავიანთ ოთახებს.
ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორს, დარეჯან თომაძეს ვურეკავთ - გვაინტერესებს, ხომ არაფერი შეცვლილა, ხომ არ შეგვიშვებენ შიგნით, გვეუბნება, რომ არც მას აქვს სააგენტოსგან ჩვენი შეშვების ნებართვა.
წინა დღით დარეჯან თომაძემ სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მოხუცების საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილებაც მის ფარგლებში უნდა მოხდეს.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოშიც იგივე გვითხრეს, რომ ეს „დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნაწილია“.
მაგრამ ჩვენს კითხვებზე:
- რას მოიცავს ეს პროცესი?
- რატომ გადაწყდა ახლა ამ მოხუცების ადგილის შეცვლა?
- არის თუ არა განსაზღვრული სად გადაიყვანენ?
- რა პირობებში მოუწევთ მათ ცხოვრება?
- რა განთავსდება პანსიონატის შენობაში? და ა.შ.
ჯერჯერობით პასუხები ისევ არ მიგვიღია. (სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიღებული პასუხის სანახავად ჩადით ბოლოში)
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ლიკა წიკლაურმა გვითხრა, რომ განსხვავებით ბავშვთა და შშმ პირთა დაწესებულებებისგან, ხანდაზმულთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის ვალდებულება საქართველოს არ აქვს - სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია, როგორ მოუვლის თავის ხანდაზმულებს.
ზოგადად, დეინსტიტუციონალიზაცია დიდი ინსტიტუციების გაუქმებას გულისხმობს, ოღონდ ისე, რომ ამ დაწესებულებების ბინადრები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც ისინი არ იქნებიან იზოლირებულნი დანარჩენი საზოგადოებისგან. სადაც მათი ღირსება იქნება დაცული.
ოღონდ ამ პროცესს, თან უნდა ახლდეს მთელი რიგი მომსახურებების განვითარებაც, რომელიც ამ ადამიანების საზოგადოებასთან დაახლოებას შეუწყობდა ხელს - ეს სერვისები საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს.
სახალხო დამცველის ბოლო, 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში კი ისიც წერია, რომ საქართველოში საერთოდ არ არის „ხანდაზმულ პირთა მიმართ ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტის - „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების მექანიზმი“. 2018 წლის შემდეგ, არც კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმა დაწერილა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლიკა წიკლაურმა ასევე გვითხრა, რომ თემქის ხანდაზმულთა დაწესებულების დახურვის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს ჰქონდა 2018 წელსაც, როდესაც იქ მონიტორინგი ჩაატარეს და ხანდაზმულთა სახლებში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშიც მიეძღვნა. ახალ ბინადრებს იქ მაშინაც აღარ იღებდნენ.
სახალხო დამცველს, ჩვენგან განსხვავებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უპასუხეს, რომ ამ პანსიონატის დახურვა წელს მართლაც იგეგმება და რომ დეკემბრის ბოლომდე სურთ მოხუცების გადაყვანა სხვადასხვა სათემო დაწესებულებაში.
„გვითხრეს, რომ მოხუცებთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს, რომ ისინი კარგა ხნით ადრე გააფრთხილეს მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომ მოხუცების უმრავლესობა გადასვლაზე თანახმაა და რომ ეცდებიან, ახლო მეგობრები არ დააშორონ. თუმცა, ცხადია, ჩვენ ამას გადავამოწმებთ“, - გვითხრა ლიკა წიკლაურმა.
ჩვენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს შექმნილი ვითარების შეფასებაც ვთხოვეთ და გადავეცით თემქის პანსიონატის ბინადრების სათქმელი და შეკითხვაც ერთდროულად:
„დეინსტიტუციონალიზაცია - ეს სიტყვა ჩვენთვის, შესაძლოა, რთულად წარმოსათქმელი ახალი სიტყვაა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ვიცით - ჩვენ ასე გვესმის, რომ მაგ ყველაფრის შედეგად უკეთესად უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ მაგ პროცესს შევეწირეთ, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, ეგ პროცესი დადებითად შეფასდება?“.
სახალხო დამაცველის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ ისინი, ზოგადად, პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ადამიანებმა, ვისაც ეს სჭირდება, ოჯახთან მიახლოებული გარემოს მქონე დაწესებულებებში იცხოვრონ, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფიც არაერთხელ წააწყდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სათემო დაწესებულებების შემოწმებისას.
„თითქმის ყველგან არის ძალიან სერიოზული დარღვევები დაწესებული სტანდარტების შესრულების კუთხით. ეს არის ჩვენი უცვლელი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს და სააგენტოს მიმართ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სადაც წაიყვანენ ამ მოხუცებს, იქ იყოს მათთვის ღირსეული, სათანადო პირობები“, - ამბობს ლიკა წიკლაური.