Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქოლცენტრების" საქმეზე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს.

"ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე წერია, რომ საქართველოში ჩატარებულ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

"განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას", - წერია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას - გამოძიების ინტერესია, დაადგინოს დამნაშავეები, რომლებიც ამ სქემით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების თანხებს ითვისებდნენ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული.

XS
SM
MD
LG