Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია


გიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სასამართლო განიხილავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევის საკითხს.

სასამართლოს ადგენს:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
  • სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

"უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ", - აღნიშნავს სასამართლო.

მამალაძე კონვენცით მუხლების დარღვევის დადგენასთან ერთად ითხოვდა:

  • შემოსავლის დაკარგვის გამო, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის (არ დაკმაყოფილდა);
  • ასევე მოითხოვა 6360 ლარი სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარი დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის (დაკმაყოფილდა).

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძის სარჩელის ავტორი, იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქმე მოიგო.

"სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1 და 6.2) დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია", - წერს ადვოკატი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

XS
SM
MD
LG