Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN-ი: ირანი რუსეთში რაკეტებისა და დრონების გასაგზავნად ემზადება


ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე. 2022 წ. 17 ოქტომბერი.
ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე. 2022 წ. 17 ოქტომბერი.

ირანი რუსეთში ათასამდე ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, თეირანი მოსკოვს გაუგზავნის მცირე რადიუსის „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკურ რაკეტებს და საბრძოლო დრონების დამატებით პარტიას.

ირანული იარაღის უკანასკნელ პარტიაში შედიოდა 450-მდე უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთმა ეს დრონები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიშებისთვის გამოიყენა, იტყობინება CNN-ი. ამ იერიშების დროს სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

წყაროების თანახმად, შეიარაღების ახალ პარტიას რუსეთში წლის ბოლომდე ჩაიტანენ, წერს CNN-ი.

გარდა ამისა, კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთი სავარაუდოდ ირანის ბალისტიკურ რაკეტებს განათავსებს უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, უკრაინას მათ წინააღმდეგ ეფექტიანი თავდაცვის საშუალებები არ მოეპოვება, წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

ირანული რაკეტები ჰგავს რუსეთის რაკეტა „ისკანდერ-M“-ს. ისინი რუსეთს უთავდება, აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

კიევი მოსკოვს ბრალს სდებს ირანის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედროებმა მოახერხეს 300-ზე მეტი ირანული წარმოების დრონის ჩამოგდება.

რუსეთი ირანული იარაღის გამოყენებაში ბრალდებებს უარყოფს. თეირანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარეებს არ აწვდის შეიარაღებას.

XS
SM
MD
LG