საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.
ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.
შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.
ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს", - წერს „ფეიბუკის" პირად გვერდზე თეონა აქუბარდია.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" ორ ოპოზიციურ პარტიასთან („გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა") ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
17 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს წინაშე 12 პუნქტის შესრულების პირობა დააყენა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო. სხვადასხვა პუნქტში მოცემული საკითხების შესახებ საქართველოს პარლამენტში არაერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.