Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუკი არ გვეკუთვნოდა დახმარება, რატომ ჩაგვისახეს იმედი?" - საქართველოში მცხოვრები უკრაინელები


ნატალია კვიშკო, 54 წლის ლტოლვილი უკრაინიდან, შვიდ თვეზე მეტია საქართველოში, 2 წლის შვილთან ერთად, მეგობრის ოჯახში ცხოვრობს. ნატალია ერთ-ერთია იმ ასზე მეტი უკრაინელიდან, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინიტრის სახელზე კოლექტიურ წერილს ავრცელებენ. საქართველოში მცხოვრები უკრაინელები საჯარო განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიიღეს ხელისუფლების მიერ დაწესებული 300-ლარიანი დახმარება, მათი ეკონომიკური მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სთხოვენ პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ განიხილოს შეღავათების საკითხი.

ნატალია ხარკოვიდანაა. ის ახლა თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, ორი წლის ალექსისთან ერთად ცხოვრობს. ნატალია ქართველი მეგობრის ოჯახმა შეიფარა. თბილისში ჩამოსვლამდე, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ბაკურიანში, ისევ მეგობრების სახლებში ცხოვრობდა.

საქართველოში 19 მარტს, ჩეხეთის გავლით ჩამოვიდა. დეტალურად ახსოვს 24 თებერვალი, უკრაინაში ომის დაწყების დღე და შემდეგ უკვე გრძელი გზა ჯერ ჩეხეთისკენ და შემდეგ საქართველოსკენ.

ზუსტად 24 თებერვალს შეუსრულდა ორი წელი ნატალიას ბიჭს, რომელიც ახლა დედას დასტრიალებს, სთხოვს წიგნი წაუკითხოს და თან ცალი თვალი ფოტოგრაფის კამერისკენ უჭირავს:

ნატალია კვიშკო შვილთან ერთად
ნატალია კვიშკო შვილთან ერთად

„24 თებერვალი დგებოდა. მე და ჩემი ქმარი შუაღამემდე ბუშტებს ვბერავდით. სახლის მორთვა დილამდე, ალექსის გაღვიძებამდე უნდა მოგვესწრო. ცოტა ხნის ჩაძინებულები ვიყავით, საშინელი გრუხუნის ხმამ რომ გაგვაღვიძა. მახსოვს ჩემი ქმრის სასოწარკვეთილი ღრიალი, ნატაშკა, ომი დაიწყო. რას ბოდავ-მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ მალევე მივხვდი, ეს ომი იყო. სახლის ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა. წაღმა-უკუღმა ჩავყარეთ, რაც ხელში მოგვხვდა. ჩავსხედით მანქანაში და ერთადერთი აზრი, რაც თავში გვიტრიალებდა, იყო ის, რომ მიგვეღწია ხარკოვთან ახლოს მდებარე სანატორიუმამდე, სადაც გასულ ზაფხულში ვისვენებდით და მახსოვდა, რომ სანატორიუმს ბომბსაფარი ჰქონდა. სწორედ იმ ბომბსაფარში გავატარეთ მომდევნო ექვსი დღე“.

როდესაც ნატალიამ და მისმა ქმარმა გააცნობიერეს, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, გეზი უკრაინის დასავლეთისკენ აიღეს, საიდანაც ნატალია ორი წლის შვილთან ერთად, ჩეხეთში გაემგზავრა, მისი მეუღლე კი უკან, ხარკოვში დაბრუნდა.

ნატალიას სიტყვები უწყდება და თვალები უწყლიანდება:

„ჩეხეთში ბავშვი ცუდად გამიხდა. ძალიან ცუდად. უცხო ქვეყანაში ვიყავი, სრულიად მარტო, შეშინებული. დავურეკე ქმარს და ვუთხარი, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი. საქართველოში მეგობრები მეგულებოდნენ, ვიცოდი, რომ იმ მომენტისათვის ეს ქვეყანა ჩემთვის უსაფრთხო ადგილი იქნებოდა და საქართველოში წამოვედი, საზღვარი 19 მარტს გადმოვკვეთე“.

19 მარტის შემდეგ ნატალიან რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალა, ჯერ ბაკურიანში იცხოვრა, შემდეგ ბათუმში, შემდეგ ისევ ბაკურიანში და ახლა თბილისში ცხოვრობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავი მეგობრებისა და მათი ოჯახების დახმარებით გაჰქონდა. თუ არ ჩავთვლით, ბათუმში ცხოვრების პერიოდს, როდესაც მას მოხალისეებმა ჰუმანიტარული დახმარება - პროდუქტი და ბავშვისთვის საჭირო ნივთები მიუტანეს.

ნატალიამ ივლისის თვეში შეიტყო, რომ ხელისუფლება საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა ომის პერიოდში დატოვეს, დახმარებას გასცემდა:

„ყველგან, სოციალურ ქსელებში, ტელეგრამ-არხებში, მედიაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს საქართველოს ხელისუფლება 300-ლარიან დახმარებას გაუწევდა. იმ პერიოდში, ბაკურიანში, მეგობრის სახლში ვცხოვრობდი. წავედი ბორჯომში, მივედი გამგეობაში, გავაფორმე ყველა დოკუმენტი, დავწერე განცხადება, შემავსებინეს ხუთგვერდიანი ანკეტა და ბოლოს მითხრეს, დაელოდეთ, დახმარება 20 სამუშაო დღის განმავლობაში ჩაგერიცხებათო. თუმცა, ეს დახმარება არ მიმიღია. როგორც აღმოჩნდა, კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებ. ჩვენ ქართველი ხალხის, ჩვენი ქართველი მეგობრების მადლიერები ვართ. დიდხანს ვერ გადავიხდით მათი სიკეთის ფასს. ჩვენ არ გვითხოვია საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარება, უბრალოდ, რაკი ასე საქვეყნოდ განაცხადეს, რეკლამა გააკეთეს, საბუთები მიგვატანინეს, უშველებელი ანკეტები შეგვავსებინეს, თუკი მაინც არ გვეკუთვნოდა ეს დახმარება, რატომ ჩაგვისახეს იმედი? ნუ დაგვპირდებოდნენ. ჩვენ ხომ არ გვითხოვია ეს დახმარება. უბრალოდ მინდა იცოდეთ, ეს დახმარება რომ არ გვჭირდებოდეს, არც ამოვიღებდით ხმას. განა რამდენი ხანი უნდა ვიცხოვრო სხვის ოჯახში? ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. მათი კეთილგანწყობით განა რამდენ ხანს შეიძლება ვისარგებლო?“

ნატალიას ქმარი მხოლოდ მცირე ფინანსურ დახმარებას უგზავნის, რაც ბინის ქირის, კომუნალურებისა და ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ იძულებულია, რომ თავი მეგობრის ოჯახს შეაფაროს:

„ტაქსის მძღოლად მუშაობს. პარალელურად, მოხალისეა. იმდენს გამოიმუშავებს, რომ საკუთარი თავისთვის, ჩემი მშობლებისთვის ეყოს. ცოტას მეც მიგზავნის, მაგრამ ზღვაში წვეთია“.

43 წლის იულია მარტინენკოს ოთხი შვილი ჰყავს. ფოთში, გაგრის ქუჩაზე, ქირით ცხოვრობს. უკრაინიდან თბილისში 12 მაისს ჩამოვიდა. რამდენიმე დღეში კი ფოთში წავიდა. იქ ნაცნობები ჰყავდა და გადაწყვიტა, რომ მისთვის და მისი შვილებისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. იულიამ ნაცნობების დახმარებით ბინა იქირავა.

სწორედ იულიაა კოლექტიური წერილის ინიციატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზე შედგა და რომელსაც საქართველოში მცხოვრებმა ასზე მეტმა უკრაინელმა მოაწერა ხელი.

იულია ხერსონიდანაა. უფროსი შვილი 11 წლისაა, უმცროსი 2 წლის. მისი 4 წლის ბიჭის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ომმა მძიმე კვალი დატოვა. სახლის წინ, ეზოში თამაშობდა, როცა ბავშვის სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა:

„მოწმენდილ ცაზე მოფრინდა რაკეტა. ბავშვი ერთ თვეზე მეტი ქუჩაში აღარ გადიოდა. გამუდმებით ტიროდა. ღამით იღვიძებოდა, სადღაც გარბოდა. ახლა ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან. მთელი ჩემი ოჯახი სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. მამა ჩეხეთშია, მე და ჩემი შვილები საქართველოში. დედა და ძმა ოჯახთან ერთად ხერსონიდან კიევში გადავიდნენ. წუხელ დედას შეტევა ჰქონდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მუდმივად ისმის საჰაერო განგაში. მეთექვსმეტე სართულზე ცხოვრობენ. შუქი არ არის და როგორც კი სიგნალი ირთვება, გარბიან თავშესაფარში. 86 წლის ბებია ხერსონში დარჩა“.

ფოთში ჩასვლის შემდეგ, იულიამ ფოთის მერიას დახმარების იმედით მიაკითხა:

„ნაცნობებმა მირჩიეს, მერიაში მიდი, შესაძლოა რაიმე დახმარება გაგიწიონო. მივედი და ცივად გამომისტუმრეს, არანაირი პროგრამა არ გვაქვს, ეს დედაქალაქი არ არის, ეს არ არის დიდი ქალაქი და ვერაფრით დაგეხმარებითო. მოხალისეებთან დაკავშირება გვირჩიეს, მოგვცეს მათი კოორდინატები. ერთხელ იყო მოსული წითელი ჯვარი. ჰუმანიტარული დახმარება მოგვიტანეს - პირველადი მოხმარების ნივთები, ლობიო, ბრინჯი, 4 ქილა აჯაფსანდალი. ეს იყო და ეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად მოხალისეები მეხმარებოდნენ და მათი უკიდურესად მადლიერი ვარ. ქუთაისელი მოხალისეებიც დამემხმარნენ, ზეთი მომიტანეს, კარაქი, მარგარინი, მაკარონი, პამპერსები, სარეცხი საშუალება“.

მას შემდეგ, რაც 13 ივლისს გამოცემული განკარგულებით ცნობილი გახდა, რომ ივლისის ბოლოს სრულდებოდა უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროებში განთავსების პროგრამა და ამის სანაცვლოდ, უკრაინის მოქალაქეები მომდევნო სამი თვის განმავლობაში, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, თითოეულ ლტოლვილ ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო ოჯახის ერთ სულზე 45-ლარიან დახმარებას მიიღებდნენ, იულიას კვლავ ნაცნობებმა ურჩიეს, რომ შეეგროვებინა საჭირო დოკუმენტაცია და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადებით მიემართა.

თუმცა, როგორც იულია გვიყვება, მან დახმარება ვერ მიიღო. რამდენიმე დღის წინ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული წერილით კი განუმარტეს, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რაც დახმარების მისაღებად იყო საჭირო - მას და მის შვილებს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ უცხოვრიათ საჯარო დაწესებულებების მიერ დაფინანსებულ სასტუმროებში.

„იმ უწყებებს, სადაც ეს განაცხადი შემქონდა, არ აუხსნიათ, რომ კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დამეკმაყოფილებინა. შევაგროვე დოკუმენტები, პასპორტი, ბავშვების დაბადების მოწმობები, შემავსებინეს ვრცელი ანკეტა. მითხრეს, რომ 20 დღის შემდეგ შემეძლო ინფორმაციის გადამოწმება, ლიბერთი ბანკში კი ჩემი ანგარიში გაიხსნებოდა. ლიბერთი ბანკში, აგვისტოში მართლაც მომცეს პლასტიკური ბარათი, მაგრამ ამ ბარათზე დღემდე არაფერი ჩარიცხულა. აგვისტოს ბოლოს, როდესაც კიდევ ერთხელ დავრეკე ცხელ ხაზზე, მითხრეს, რომ რაკი ამ დრომდე არ ჩაირიცხა დახმარება, ე.ი. თქვენ არ გეკუთვნის ეს დახმარებაო. ავუხსენი, თვის ბოლოა, 400 ლარი ქირა მაქვს გადასახდელი, კომუნალურები. ტირილი დავიწყე, რა ვქნა, ბავშვებით ქუჩაში ხომ არ დავრჩები-მეთქი. თუმცა, რეაგირება არ იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელზე მიხვევდნენ. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე კოლექტიური წერილის დაწერა, რათა ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ჩემს მსგავსად ამ დღეში სხვა ადამიანებიც არიან. პროფესიით ეკონომისტი ვარ. უკრაინაში საბანკო სფეროში ვმუშაობდი. აქ ვცადე სამსახურის დაწყება, მაგრამ რაკი ენა არ ვიცი, არაფერი გამომივიდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ომი და სახლში დავბრუნდები. ახლა როგორმე უნდა გავუძლოთ. მამა ჩეხეთშია და პერიოდულად რაღაც თანხას მიგზავნის, რომ ქუჩაში არ დავრჩე და კომუნალურების გადახდა შევძლო“.

მიუხედავად იმისა, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა უკრაინიდან ლტოლვილი ოკსანა ჟემიაკინა, დაპირებული დახმარება მას დღემდე არ მიუღია.

ოკსანა დნეპრიდანაა. 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 31 ივლისის ჩათვლით, ის ბათუმში, საჯარო დაწესებულებების მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. ახლა ოჯახთან ერთად ახალსოფელში, საოჯახო ტიპის სასტუმროში ცხოვრობს. ერთი თვის ქირა უკრაინელმა აქტივისტებმა გადაუხადეს:

„ვერსად დავბრუნდებით, ყველგან ომია. მოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და პროგრამაში ჩაგვწერეს. ანკეტების შევსებაშიც დაგვეხმარნენ. თანხა აგვისტოში უნდა ჩარიცხულიყო და დღემდე არ არის. ბანკში ვიყავი და ცხელ ხაზზეც დავრეკე. 6 ოქტომბერს განაცხადი წარვადგინე, რომ დამეზუსტებინა, რატომ არ ჩაირიცხა თანხა და რა პრობლემაა. ცხრამეტ რიცხვშიც დავრეკე და პასუხი ჯერ კიდევ არ არის“.

ანალოგიურად, დახმარების მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მარინა პენკალი. ის კიევიდანაა და ახლა ორ შვილთან ერთად მეგობრის ოჯახში აფარებს თავს. მანამდე კი სასტუმროში ცხოვრობდა:

„რამდენჯერმე დავრეკე ცხელ ხაზზე. მითხრეს, რომ დაელოდე, მონაცემთა ბაზაში ხართ და საკითხი თბილისში განიხილება. ასეთი პასუხი რამდენჯერმე მივიღე და ამის შემდეგ აღარც დამირეკავს. სასტუმროებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობამ თანხა ვერ მიიღო, ამიტომ მიზეზს ვერ ვხვდებით. არ ვიცი, ლატარიაა, თუ რა არის, რომ ზოგს უმართლებს და ზოგს არა. როცა თანხის ჩარიცხვა დაიწყო, ბევრმა, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ვერ მიიღო და მათ შორის ჩვენც. ბევრი ადამიანისთვის აუხსნელია, ასე რატომ ხდება. იყო ისეთი სიტუაციაც, როცა ვიღაც მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, დედა შვილებთან ერთად იღებს და მისი მშობლები არა, მაშინ, როცა სასტუმროში ერთად ცხოვრობდნენ“.

საქართველოში მცხოვრები უკრაინელები კოლექტიურ წერილს 26 ოქტომბერს გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეების დახმარებაზე დაიხარჯა 3 მილიონ ლარამდე, მათ შორის 1 800 000 ლარი სოციალურ დახმარებასა და ბინით უზრუნველყოფაში, 200 000 ლარი დროებით საცხოვრებლებში და დაახლოებით 800 000 ლარი სამედიცინო სერვისებში.

"პროგრამის განხორციელების პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია... 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა... გამოქვეყნებულ წერილში მითითებული პიროვნებებიდან, სააგენტოს მხრიდან ფინანსური დახმარება სრულად მიღებული აქვს უკრაინის 10 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სააგენტოს ყოველდღიური კავშირი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მხრიდანაც დასტურდება, რომ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს", - აღნიშნავს დევნილთა სააგენტო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც 3 ოქტომბრის მდგომარეობას ასახავს, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებიდან დარჩა 25 799 ადამიანი.

XS
SM
MD
LG