გერმანიის მთავრობის შეფასებით, მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელია. სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა.
გერმანიის მთავრობის თანახმად, სექტემბერში, დივერსიის შედეგად, "ჩრდილოეთის ნაკადის" ორივე მილსადენზე მომხდარ აფეთქებებს უარყოფითი გავლენა ჰქონდა და ამ ეტაპზე ტექნიკურად მათი გამოყენება შეუძლებელია.
საპირისპიროს ამტკიცებს რუსეთი. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს" შეუძლია გაზის ტრანსპორტირება და საჭიროა მხოლოდ ონკანის გახსნა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება "სოციალ-დემოკრატების", "თავისუფალი დემოკრატების" და "მწვანეების" კოალიციური მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. საპარლამენტო, ულტრამემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" ამუშავებას მოითხოვს. დეპუტატ ჰოლმისთვის გაგზავნილ წერილში გერმანიის ფედერალური მთავრობა იმასაც აღნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სერტიფიცირებული არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ ამუშავდება.
სექტემბრის ბოლოს, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე გაზსადენზე მოხდა აფეთქებები, რომელთა შედეგად ბუნებრივმა გაზმა გაჟონა დანიის და შვედეთის ეკონომიკურ ზონებში.
რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით" ევროპას ბალტიის ზღვის გავლით აწვდის ბუნებრივ გაზს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთმა ტექნიკური სამუშაოების საბაბით, გაზის მიწოდება მინიმუმამდე დაიყვანა. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს", მის სერტიფიცირებაზე გერმანიამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. დამოუკიდებლობა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მუშაობა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად.