Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასოვსკის იდეოლოგიური მიმდევარი - კადიროვი ბარბაროსულ მუქარაზე გადადის


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა, რომელიც ამას წინათ უკრაინის ქალაქების „პირისაგან მიწისა აღგვის“ მოწოდებით გამოვიდა, 26 ოქტომბერს თავის ტელეგრამის არხიდან ანტონ კრასოვსკის სტილში მორიგი მუქარა გაავრცელა.

კადიროვმა ამჯერად მთელი უკრაინა გამოაცხადა რუსეთის ტერიტორიად, უკრაინელებს უწოდა „შაითნები“ და აღნიშნა, რომ მათ ტყვედ კი არ აიყვანენ, არამედ დაწვავენ.

ამ და სხვა ასეთი ანტიადამიანური განცხადებების გამო კადიროვი კიევიდან უკვე გააფრთხილეს. კერძოდ, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა რამზან კადიროვს ურჩია, დატოვოს უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს, „ვიდრე გვიანი არ არის“.

დანილოვის ეს სიტყვები კადიროვის ოპონენტებმა მის მიმართ გამოთქმულ მუქარად აღიქვეს.

„საქმე ისაა, რომ ამ დღეებში რამზან კადიროვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ხერსონის მახლობლად ერთბაშად 40-მდე მებრძოლი დაკარგა.

ასე რომ, დანილოვმა მიანიშნა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის მუქარისა უკრაინაში არავის ეშინია. თავად კადიროვს კი ნამდვილად უნდა ჰქონდეს შიშისა და შეშფოთების მიზეზი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პრაღაში მცხოვრებმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა.

კადიროველები ნანგრევებში თავიანთ ამხანაგებს დაეძებენ

კადიროვის ოპონენტები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ჯერჯერობით უკრაინის ფრონტზე მყოფმა კადიროვის ნაქებმა ე.წ. სახელობითმა ბატალიონებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს და დანაკარგს დანაკარგზე განიცდიან.

25 ოქტომბრის ღამით გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, დაიღუპა 40 და დაიჭრა 10 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული და ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხები იტყობინებიან.

ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ის ტელეგრამის არხის ცნობით, ეს დაჭრილები არიან რუსეთის გვარდიის ჩეჩნეთის სამმართველოს ნავთობ-გაზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკ "ნეფტოპოლკის" მებრძოლები. ამავე რესურსზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩამონტაჟებულია რამდენიმე, სავარაუდოდ, დაღუპული მებრძოლის სურათი და აუდიოჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს, რომ მათ შტაბზე დარტყმა HIMARS-ის რაკეტით განხორციელდა.

ტელეგრამის არხმა "უნიანმა" გამოაქვეყნა იერიშის შემდეგ გადარჩენილი მებრძოლების ვიდეოკადრები, რომლებზეც დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლები გაჭირვებით წარმოთქვამენ ორიოდ სიტყვას რუსულად და ჩეჩნურად და სკანდირებენ "ალაჰ აკბარ".

„იყო ასეთი ცნობა, რომელიც დადასტურდა როგორც უკრაინული მხარის, ისე იმ ჩეჩნების მიერ, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ ომობენ. დაიბომბა სწორედ ის შტაბი, სადაც კადიროველთა რამდენიმე ასეული იმყოფებოდა. და, როგორც ამბობენ, ამ პოლკის მე-7 ასეული ყველაზე მეტად დაზარალდა. საუბრის ნაწყვეტში, ვიდეოში რომ ისმის ჩეჩნურ ენაზე, შეიძლება დავასკვნათ, ბევრი ადამიანი დაიღუპა. 40 ეს არის მხოლოდ წინასწარი რიცხვი, რომელიც ჩვენ ვიცით. შესაძლოა უფრო ნაკლებიც იყოს. მაგრამ რა ცნობებიც დღეს ქვეყნდება სოციალურ მედიაში თავად დაბომბვის დროს დაზარალებულთა მხრიდან, დაღუპული სავარაუდოდ უფრო მეტი უნდა იყოს. ჯერჯერობით ძნელია თქმა, თუ კონკრეტულად რამდენია დაღუპული. ჯერ ჩეჩნეთშიც არ იციან, თუ ვინ დაიღუპა, რადგან ნანგრევებიდან არის გამოსატანი დაღუპულთა ცხედრები“, - ამბობს ანონიმი ჩეჩენი პოლიტოლოგი.

მაგრამ ჩეჩნეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც იციან იმის შესახებ, თუ საერთოდ რამდენი კადიროველია დაღუპული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

„საერთო მონაცემებით, რომლებსაც „კავკაზსკი უზელი“, „კავკაზ რეალიი“, „მედუზა“ და „ბი-ბი-სი“ ავრცელებენ იმ გვარებთან ერთად, რომლებიც უკვე დადასტურებულია, ამ დროისთვის ჩეჩნეთიდან უკრაინაში 130 კაცი დაიღუპა“, - ამბობს ანონიმი თანამოსაუბრე.

"ჩვენ ამ შაითნებს ტყვედ არ ავიყვანთ, ჩვენ მათ დავწვავთ"

მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი კვლავინდებურად დარწმუნებულია რუსეთის არმიის უძლეველობაში, უბრალოდ ფიქრობს, რომ რუსეთის არმიის სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხი არ არის საკმარისად მტკიცე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან იმ ტერიტორიების დაბომბვაზე, რომლებიც კადიროვს რუსულად მიაჩნია და მოუწოდებს რუსეთის სარდლობას, "მიწისაგან პირისა აღგავონ უკრაინული ქალაქები".

"სუსტად ვპასუხობთ. თუ ჭურვი დაეშვა ჩვენი მიმართულებით, ჩვენს რეგიონში, მაშინ აუცილებელია ქალაქების პირისაგან მიწისა ისე აღგვა, რომ შორეული ჰორიზონტი გამოჩნდეს, რათა მათ გაიგონ, რომ ჩვენი მიმართულებით სროლაზეც კი არ უნდა იფიქრონ", - აღნიშნა რამზან კადიროვმა და მოგვიანებით დააზუსტა, რომ რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს არა მხოლოდ ზაპოროჟიესა და ხერსონს, არამედ „ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინაა ჩვენი რუსეთის ტერიტორია“, - აცხადებს კადიროვი ვიდეომიმართვაში.

და თუ უკრაინული ქალაქები პირისაგან მიწისა უნდა აღიგავოს, რამზან კადიროვი მზად არის, „შაითანი“ უკრაინელები სულ მთლად ცეცხლზე დაწვას.

„ჩვენ ამ შაითნებს ტყვედ არ ავიყვანთ, ჩვენ მათ დავწვავთ“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში კადიროვმა, რომელსაც არ დაუზუსტებია, მხოლოდ უკრაინელი სამხედროები ჰყავს მხედველობაში თუ უკრაინის ყველა მოქალაქეს უპირებს ცეცხლზე დაწვას.

ჩეჩნეთის ლიდერის ამ განცხადების ფონია კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან დაკავშირებული სკანდალი. 20 ოქტომბერს, კრასოვსკიმ თავის საავტორო პროგრამაში, განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

განსხვავებით კრასოვსკისგან, რომელიც მისმა შეფმა, Russia Today-ს ოდიოზურმა ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა დაგმო „საზიზღარი გამონათქვამების“ გამო და მასთან თანამშრომლობაც შეაჩერა, - რამზან კადიროვისთვის ზემოხსენებული, როგორც რუსები ამბობენ, „მრაკობესული“ განცხადების გამო ჯერჯერობით კრემლს შენიშვნაც კი არ მიუცია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG