„რით ვირჩინოთ თავი?!.. მიწაა და ვერ ვამუშავებთ იმის შიშით, რომ ნარგავ-ნათესებს ვერ მოვრწყავთ და გაგვიხმება. მეცხოველეობაა და საძოვრები, ფაქტობრივად, აღარ დაგვრჩა. ერთი მხრივ, ეს მცოცავი ოკუპაცია და მეორე მხრივ, გაყიდული და გასხვისებული მიწები. სოფელი სულს ღაფავს, პატრონი არსაიდან ჩანს“.
„აქ ბავშვები აღარ ჩნდებიან. დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა ერგნეთი. სკოლა 7-მა მოსწავლემ დაასრულა. ისინი ქალაქში წავლენ. უკან დაბრუნებული ძალიან ცოტა მინახავს“.
„ექიმი კვირაში ერთ დღეს მოდის, მაგრამ ცუდ ამინდებში, ფორსმაჟორში ან ტრანსპორტი როცა არ მუშაობს, ვერ ახერხებს ზოგჯერ ადგილზე ჩამოსვლას. ერთი დღე ისედაც არ არის საკმარისი და ხან ესეც არ გვაქვს“.
„მეტირება ხოლმე, როცა ვუყურებ ჩემს ნარგავ-ნათესებს. გასახმობად მენანება“...
ეს სიტყვები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მკვიდრებს ეკუთვნით. ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი, აძვი, ერგნეთი, ღოღეთი, ფცა... „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2021-2022 წლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 14 სოფელი მოიარა, იქაურები გამოკითხა და სოფლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა.
ადგილობრივები უფლებადამცველებს იმ პრობლემების შესახებ ელაპარაკებიან, რომლებიც წლებია აწუხებთ, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ვერაფრით პოულობენ.
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ტრანსპორტის არ არსებობა, დაბინძურებული სასმელი წყალი, გაუმართავი სარწყავი სისტემა, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის გამო შეზღუდული წვდომა გარშემო არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, ტყესა და საძოვრებზე - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.
როცა ექიმთან ვერ მიდიხარ, როცა ექიმი არ არის
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ შემოვლილი თითქმის ყველა სოფლის მთავარი პრობლემაა. და ეს მაშინ, როდესაც სოფლებში ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს და ხშირად მათთვის ექიმის დროული დახმარება და ამბულატორიული მომსახურება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სოფლების უმეტეს ნაწილში არ არის აფთიაქიც კი. ამბულატორიები ან ამბულატორიისთვის განკუთვნილი შენობები კი მეტწილად ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს.
ასეა მაგალითად სოფელ ერგნეთში, სადაც მართალია ამბულატორია არის, მაგრამ ის უმეტესად დაკეტილია. ექიმი ამბულატორიაში მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის. ცუდ ამინდში ან მაშინ, როდესაც ტრანსპორტი არ არის, კვირაში ერთხელაც ვერ ახერხებს სოფლის ამბულატორიამდე მისვლას. ამიტომ, მოსახლეობა იძულებული ხდება გორში წავიდეს. თუმცა, არც გორში წასვლაა ადვილი ერგნეთიდან - საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაზუსტი გრაფიკით მუშაობს.
„ტრანსპორტი ძალიან გაძვირდა და ყველას არ აქვს საშუალება, რომ იაროს გორში. თანაც ტრანსპორტი გრაფიკის გარეშე მოძრაობს - ვისაც როგორ უნდა, ისე დადის. ტრანსპორტი დგას და სანამ არ შეივსება, მძღოლი არ მიდის. საათობით შეიძლება, მოგიწიოს ლოდინი“, - ყვება ერგნეთის მკვიდრი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით, შეკითხვით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შპს შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრს. როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა, „სოფელ ერგნეთში განთავსებულ ამბულატორიაში ექიმის ყოველდღიური ვიზიტის რესურსი არ არის, მაგრამ დღის წესრიგში დააყენებს საკითხს, რომ ექიმი თუ არა, ექთანი მაინც გამოცხადდეს ერგნეთის ამბულატორიაში უფრო ხშირად“.
ზაფხულის მიწურულს, სოფელ ციცაგიანთკარში ჩასულ უფლებადამცველებს ამბულატორიისთვის განკუთვნილი კოტეჯი დაკეტილი დახვდათ. არადა, კოტეჯში ჯერ კიდევ გასულ ზამთარში უნდა განთავსებულიყო ამბულატორია.
ნინო ცაგარეიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, ციცაგიანთკარის მოსახლეობას პირველად სამი წლის წინ შეხვდა. ისინი უკვე მაშინ ითხოვდნენ სოფელში ამბულატორიის გახსნას და სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობას. ნინო ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, 2019 წელსვე შეატყობინეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მოსახლეობის თხოვნის შესახებ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამი წლის თავზე, მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ამბულატორიის განსათავსებლად ე.წ. კოტეჯი დადგა, ამბულატორიის გახსნას კი ვერ მოაბა თავი:
„ცოტა ხნის წინ, ციცაგიანთკარში ჩასულებმა, ვნახეთ, რომ აშენებულია ამბულატორიის შენობა, მაგრამ არც ინვენტარითა და არც სამედიცინო პერსონალით არ არის აღჭურვილი. უკვე დიდი ხანია, რაც შენობა აშენდა, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ისევ ვერ იღებს სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ამ პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ და პასუხისმგებელი ორგანოების ანგარიშვალდებულების შესრულება მოვითხოვოთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იქნება თუ ცენტრალური ხელისუფლება, მათ ამ პრობლემებზე რეაგირება უნდა მოვთხოვოთ. ჯანდაცვის პრობლემები განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან ამ სოფლების უმრავლესობაში დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმულები არიან, რადგან ახალგაზრდები სოფლებს ტოვებენ საარსებო წყაროებისა და განვითარების შესაძლებლობების არარსებობის გამო. რიგ სოფლებში განთავსებული ამბულატორიები ან სათანადო ინვენტარით არ არის აღჭურვილი ან ექიმები არ არიან“.
დაკარგული მიწა, სარწყავი და სასმელად უვარგისი წყალი
2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაკარგა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. დაკარგული მიწის სანაცვლოდ, მათ არც სახელმწიფოსაგან და არც ადგილობრივი თვითმმართველობისაგან არ მიუღიათ რაიმე სახის კომპენსაცია ან სანაცვლო მიწის ნაკვეთები.
სოფელ ჯარიაშენში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა საძოვრების არარსებობაც. როგორც ისინი უყვებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, საძოვრებად გამოყენებული მიწის ნაკვეთები იჯარით გაიცა კერძო პირებზე, ხოლო მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებაზე არავინ იზრუნა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებამდე აქტიური კომუნიკაცია აწარმოოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან და გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია, რომლისთვისაც ამ მიწებზე წვდომის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთი სირთულე, რომლის წინაშეც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დგას, ეს როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყლის სიმწირეა. თუკი სოფლის ერთ ნაწილს მიეწოდება სარწყავი წყალი, მეორე ნაწილი მის გარეშე რჩება. პრობლემა კი გამოწვეულია სარწყავი წყლის ე.წ. გამანაწილებლის გაუმართაობით. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა თავად დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსახლეობა შიშობს, რომ სარწყავი წყლის ნაკლებობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ და სარწყავი წყლის სისტემით სოფლის არათანაბარმა უზრუნველყოფამ, შესაძლოა, ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის კონფლიქტები გამოიწვიოს: „ბევრჯერ იარაღით ვმდგარვარ და ესე მომირწყვია ჩემი ბაღი. კი არ ვესვრი, მაგრამ შიში ექნებათ, სხვანაირად არ გამოდის“, - უთხრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებს სოფელ ციცაგიანთკარის მკვიდრმა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში კვლავ პრობლემად რჩება სასმელი წყლის დაბინძურების საკითხი. სოფელ აძვსა და ახალუბანში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აძვში მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება. სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღის ეზოში არსებული ონკანიდან აღებულ წყალში კი აღმოჩნდა საერთო კოლიფორმული (ნაწლავის ჩხირი) ბაქტერიები.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ შეატყობინეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, "აღნიშნული შედეგებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ეცნობა სასმელი წყლის მიმწოდებელ ბიზნესოპერატორს - გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურს. მათივე ცნობით, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ უმოკლეს ვადებში განხორციელდება აძვი-ახალუბნის სათავენაგებობის სახელმწიფო ინსპექტირება".
სად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კიდევ ერთი სადარდებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა. ადგილობრივები ხშირად იძულებულები არიან, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსახვედრად ან კილომეტრები დაფარონ ფეხით, ან მანქანიან მეზობლებს სთხოვონ დახმარება. ამ პრობლემის წინაშე დგანან ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ღოღეთის მკვიდრნიც. მით უმეტეს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ღოღეთში არ არის სამედიცინო პუნქტი, სკოლა და საბავშვო ბაღი, პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალურია სოფელ ფცაშიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელს მთლიანად არ ჰფარავს. სოფელში მხოლოდ ერთი პუნქტია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უნდა მივიდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს. ეს პუნქტი კი საკმაოდ დაშორებულია სოფლის პერიფერიებს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია სოფელში მცხოვრები ხანდაზმული პირებისთვის, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება.
ყობი - სოფელი ერთი ოჯახით
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სოფლამდე გზა არ მიდის. დაცლილ სოფელში დარჩენილი ერთადერთი ოჯახი, ზამთრის პერიოდში სოფელს ტოვებს, რადგან თოვლისა და ტალახის გამო სოფლამდე მისვლა შეუძლებელი ხდება. გაუმართავი გზის გამო, შეუძლებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც, რაც სოფელში დარჩენილი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებულ სოფლებში ვიზიტების განხორციელებისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სერიოზულ პრობლემას აწყდებიან.
სოფლებში შესვლის ნებართვის მოპოვების მიზნით, სამართალდამცავი პირები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასწარი შეტყობინების წარდგენას სთხოვენ ძალოვან უწყებებში. და თუკი ასეთი შეტყობინება გაკეთებული არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკრძალებათ ამ სოფლებში შესვლა, ფოტო და ვიდეოგადაღება და საოკუპაციო ხაზთან მიახლოება. ეს მოთხოვნა ეხება როგორც იმ სოფლებს, რომელთა შესასვლელში პოლიციის საგუშაგოა განლაგებული, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე იმ სოფლებს, რომელთა შესასვლელში მსგავსი საგუშაგო განთავსებული არ არის.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გადაადგილების შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული არცერთი ნორმატიული აქტით. შესაბამისად, ის უკანონოა და გადაადგილების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.
ორგანიზაციამ წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, არსებობს თუ არა რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შესასვლელად, სოფლებში ფოტო და ვიდეოგადაღების განსახორციელებლად და საოკუპაციო ხაზთან მისაახლოებლად სამართალდამცავი ორგანოებისადმი წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან 2022 წლის 16 აგვისტოს მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებას არ ზღუდავს. თუმცა, უწყება ამასთანავე აღნიშნავს, რომ „ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გადაადგილებისას ადგილზე წარმოდგენილი პოლიციის დანაყოფები მხედველობაში იღებენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას“.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, ამ სოფლების მკვიდრთ განსაკუთრებული მატერიალური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დღეს "ერთ-ერთი ყველაზე მეტად დავიწყებული ადამიანები არიან ხელისუფლების მხრიდან და მათ პრობლემებს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა".