Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, გრინსერვისი+-ის" თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ


გენერალურმა პროკურატურამ 19 ოქტომბერს ბრალდება წარუდგინა „ვაკის პარკის საქმეზე" დაკავებულ ცხრა პირს
გენერალურმა პროკურატურამ 19 ოქტომბერს ბრალდება წარუდგინა „ვაკის პარკის საქმეზე" დაკავებულ ცხრა პირს

„ვაკის პარკის საქმეზე“ ბრალდებული „გრინსერვისი+-ის" თანამშრომლების ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ილაპარაკა „პალიტრანიუსის“ ეთერში. როგორც ადვოკატი აცხადებს, ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„ბრალის წარდგენა განხორციელდა, რაიმე სახის ცვლილება პოზიციასთან დაკავშირებით არ არის. ჩვენთვის მოულოდნელი იყო მსგავსი მოქმედებები საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ასეთ შემჭიდროებულ ვადებში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ერთ-ერთი მათგანი საერთოდ ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული. უცნაური და მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ის ბრალდების ფორმულირება რაც არის. ეს პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სურთ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რაც აუცილებელი იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. რაიმე სახის ვერსიებზე საუბარი ნაადრევია. ამისთვის საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელსაც ადგილი არ აქვს. ერთია მორალური პასუხისმგებლობა და მეორეა სამართლებრივი დადგენილება, რომელიც არის წარდგენილი. სწორედ ამას უკავშირდება ის პოზიცია, რომელიც გაგაცანით“, - აღნიშნა რევაზ აჭარაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ 19 ოქტომბერს ბრალდება წარუდგინა „ვაკის პარკის საქმეზე" დაკავებულ ცხრა პირს.

ბრალდებები მოიცავს სამსახურებრივ გულგრილობას, საწარმოში ჩადენილ გულგრილობას, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების მუხლებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი+-ის" დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი+-ის" ქვეკონტრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს, "ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტის“ დირექტორს და ექსპერტს.

XS
SM
MD
LG