ევროპის პარლამენტმა სახაროვის პრემიის წლევანდელ გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი ცნო.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას გამოაცხადა გამარჯვებული: „მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ 2022 წლის სახაროვის პრემია 'აზროვნების თავისუფლებისთვის' მიენიჭა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება“.
სახაროვის პრემია ევროპის კავშირის მთავარი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში.
ნომინანტთა სია 12 ოქტომბერს გამოაცხადა ევროპის პარლამენტმა. ისინი დეპუტატთა ფრაქციებმა და ჯგუფებმა წარადგინეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის მოქალაქეებმა ერთდროულად რამდენიმე ნომინაცია მიიღეს ოდნავ განსხვავებული ფორმულირებებით. დეპუტატები აღნიშნავდნენ უკრაინელთა სიმამაცეს რუსეთის აგრესიის წინაშე და ევროპული ღირებულებების მიმართ მათ ერთგულებას.
სხვა ნომინანტთა შორის იყვნენ WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, კოლუმბიის ჭეშმარიტების დამდგენი კომისია, ბრაზილიელი აქტივისტი სონია გუაჟაჟარა და ტელეარხ Al Jazeera-ს ჟურნალისტი შირინ აბუ აკლე, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოკლეს.
დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება. შარშან პრემიის ლაურეატი გახდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იმყოფება. სტრასბურგში ჯილდო მის მაგივრად მის თანამებრძოლებსა და ქალიშვილს გადაეცათ.