თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ადამიანი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად იყვნენ აღიარებული. მათ უფლებებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, სასამართლოს შუამდგომლობით კი საქართველოს პროკურატურამ მიმართა.
2011 წლის ივლისის განაჩენებით, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულ 24 პირს ბრალად ედებოდა "კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა", სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამ ადამიანებს პოლიტპატიმრების სტატუსი საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს მიანიჭა.
"საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ცალკეულ პირთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, აღნიშნული პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ", - აღნიშნავენ საქართველოს პროკურატურაში.
ე.წ. "ყინწვისის საქმეზე" გასამართლებული 24 ადამიანიდან 12 თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის თებერვალში გაამართლა, დანარჩენი 12 კი მიმდინარე წლის 23 სექტემბერს.