საქართველოს პროკურატურამ შპს "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი ყალბი სამუშაო საბუთების დამზადების ბრალდებით დააკავა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული 2019-2021 წლებში ფიქტიურ ხელშეკრულებებს აფორმებდა წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდითი სამუშაოების შესახებ და ამით 520 ათას ლარზე მეტი მიითვისა.
"ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება); 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.