უკრაინის განცხადებით, რუსეთთან შედგა პატიმართა კიდევ ერთი "მასშტაბური" გაცვლა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ ქალი პატიმრების გაცვლის პირველ შემთხვევაა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ტელეგრამით წერს, რომ გაცვლა მოხდა 17 ოქტომბერს და გათავისუფლებულია 108 ქალი.
"დედები და ქალიშვილები პატიმრობაში იყვნენ და ნათესავები მათ ელოდნენ", - ამბობს ერმაკი. გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შენობაში კვირების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლისას მყოფი 37 ქალიც.
გათავისუფლებულ ქალთა უმრავლესობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრია. ერმაკმა ინტერნეტით გაავრცელა ფოტო, რომელიც ასახავს ქალებს, რომელთაგან ბევრს სამხედრო ფორმა აცვია.
გათავისუფლებული ქალებიდან რამდენიმე დაატყვევეს მანამ, სანამ რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეიჭრებოდა, და ისინი პატიმრობაში რჩებოდნენ "ექსტრემალურად პროუკრაინული პოზიციებისთვის" - ამბობს ერმაკი და დასძენს, რომ ქალებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი თავიანთ ოჯახებში დაბრუნდებიან.
ერმაკს არ დაუკონკრეტებია იმ ქალების ვინაობა, რომლებიც უკრაინამ გაათავისუფლა გაცვლის ოპერაციაში, რომელსაც ის დაძაბულს უწოდებს.
აქამდე კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა გაცვლის ბოლო ოპერაცია 13 ოქტომბერს განხორციელდა და შეეხო 20 უკრაინელ სამხედროს.