საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, რუსეთთან არსებული "საკმაოდ ლიბერალური" სავიზო რეჟიმი გადაიხედოს. პრეზიდენტი იქვე აღნიშნავს, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია. სალომე ზურაბიშვილმა ამაზე კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გამოწვევაა და არა საფრთხე.
"ნამდვილად არის გამოწვევა, არ ვიტყოდი, რომ საფრთხეა. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან იმ პირობების გამო, რაც არის რუსეთში, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შემოდიან.
აქ მთავარია, საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ კონტროლის ყველა მექანიზმი არის გამოყენებული, რათა არ გაჩნდეს საფრთხე. ამისთვის მეტი კომუნიკაციაა საჭირო...
გამორიცხული არაა, მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. ეს ყველაფერი ხელისუფლების გადასაწყვეტია საზოგადოებასთან ერთად, მისი ინფორმირებით".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის მთავარი თემები იყო უკრაინაში მიმდინარე აგრესია და ასოცირების ტრიოს წევრი ქვეყნების ევროინტეგრაცია.