საფრანგეთი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემას და გააფართოებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას.
2000 უკრაინელი ჯარისკაცი, როტაციის წესით, საფრანგეთის სამხედრო ნაწილის ფარგლებში გაივლის რამდენიმეკვირიან მომზადებას, რაც მოიცავს იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის შესწავლას, რომელსაც უკრაინა პარიზისგან მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნემ Le Parisien-ს განუცხადა.
“სამწუხაროდ, ომი გაგრძელდება. ამიტომ ჯარისკაცების ახალმა თაობამ ასევე უნდა გაიაროს მომზადება, რაც მათ ბრძოლაში გამოადგებათ", - აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი. საფრანგეთმა მანამდე უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფებს თვითმავალი ჰაუბიცის, Caesar-ის ექსპლუატაცია შეასწავლა. ამჟამად საფრანგეთი აპირებს უკრაინას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო ბატარეა Crotale, რომელიც ფრანგი მინისტრის თქმით, "განსაკუთრებით სასარგებლოა უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბომბდამშენებისგან თავდაცვისთვის".
ფრანგი მინისტრის თქმით, საფრანგეთს შეიარაღებაში აქვს 12 ბატარეა, მაგრამ არ დაუზუსტებია, თუ მათგან რამდენი გადაეცემა უკრაინას.
ოქტომბრის დასაწყისში გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას სულ მალე საჰაერო თავდაცვის თანამედროვე Iris-T SLM-ის ტიპის სისტემებს მიაწვდის.