ბელარუსის ტერიტორიაზე, "რეგიონული დაჯგუფების" შემადგენლობაში 9 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე განლაგდება. ამის შესახებ ტვიტერში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ვალერი რავენკომ, დაწერა.
ბელარუსი მოხელის თქმით, რუსი ჯარისკაცები უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩადიან ბელარუსში და ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას უცხოეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეებს 17 ოქტომბერს გააცნობენ.
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.
ამ გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების პირველი ნაკადი ბელარუსში 15 ოქტომბერს ჩავიდა.
ბელარუსის სამხედრო უწყებამ რუსი სამხედროების პირველი ეშელონის ბელარუსში ჩასვლის ამსახველი ფოტომასალა თავის ტელეგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.