ჩეჩნეთში, ქალაქ ქურჩალოეში, გაიხსნა საბიუჯეტო სახსრებით აშენებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომპლექსი, რომელსაც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟის, ელი კადიროვის სახელი მიენიჭა.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, სპორტული კომპლექსი შეიქმნა რეგიონული პროექტის, "სპორტი სიცოცხლის ნორმაა", ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული პროექტის, "დემოგრაფიის", ნაწილია. სპორტული კომპლექსის ფართობი 1500 კვადრატულ მეტრზე მეტია და იგი განკუთვნილია კალათბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთის, მძლეოსნობისა და "ნებისმიერი დონის" შეჯიბრებების მოსაწყობად.
ელი (ზელიმხან) კადიროვი 15 წლისაა. ის არის რამზან კადიროვის მეორე ვაჟი. მას ბიძის სახელი ჰქვია. ახმატ კადიროვის უფროსი ვაჟი 2004 წელს 31 წლის ასაკში, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვის 16 წლის შვილი, ახმედ კადიროვი, რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციის გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა.
რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და ბიძაშვილების შვილებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურში. "კავკაზ.რეალიის" თანახმად, თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ოჯახის წევრების კარიერული წინსვლის თაობაზე კრიტიკოსების პასუხად განაცხადა, რომ ამის გამო არ რცხვენია. "თუ მე პასუხს ვაგებ ჩემს ხალხზე, რესპუბლიკაზე და თუ ამას ვახერხებ, რა განსხვავება აქვს მათთვის, თუ ვინ იქნება მინისტრი, რაიონის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის უფროსი თუ მთავრობის თავმჯდომარე? მე ეს დიდად არ მაღელვებს", - განაცხადა რამზან კადიროვმა.